ჩვენ მიერ შეძენილი დიზელზე მომუშავე ავტობუსები ევრო 6-ის სტანდარტისაა და მინიმალური გამონაბოლქვი აქვს

26/02/2019

თბილისის ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, ევრო 6-ის სტანდარტის შესაბამის იმ ავტობუსებს, რომელიც დედაქალაქში გადაადგილდება და უახლოეს მომავალში მათი ახალი ნაკადი შემოვა, მინიმალური გამონაბოლქვი აქვს. როგორც მან ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ხარისხთან დაკავშირებით სახალხო დამცველის მიერ წარდგენილი სპეციალური ანგარიშის შეფასებისას განაცხადა, ახალი ავტობუსები ევრო 6 სტანდარტის დიზელს მოიხმარს, რომელიც მუნიციპალიტეტმა უკვე შეისყიდა.
ირაკლი ხმალაძის განცხადებით, მუნიციპალური ტრანსპორტის პარკის განახლება გეგმის მიხედვითა და ევროსტანდარტების შესაბამისად განხორციელდება.

„დედაქალაქში მოძრავი MAN-ის ლურჯი ავტობუსები, რომელიც გაზზე მუშაობს, ევრო 6 ტიპისაა – მის გამონაბოლქვს აქვს მინიმალური დონე და ევროკავშირის სტანდარტებს შეესაბამება. რაც შეეხება ახალ, დიზელზე მომუშავე ავტობუსებს, რომელიც ჩვენ შევიძინეთ, არის ასევე, ევრო 6 ტიპის. ამისთვის ჩვენ ნაყიდი გვაქვს ევრო ტიპის დიზელის მარაგი და ის კონკრეტულად მხოლოდ ამ დიზელს მოიხმარს. ამდენად, ამ მიმართულებით, ჰაერის დაბინძურების პრობლემა არ გვაქვს. რაც შეეხება იმას, თუ რატომ არ გადავედით სრულად ელექტროავტობუსების პარკზე, ამას ძალიან ბევრი ტექნიკური რისკ-ფაქტორი აქვს, რის გამოც, ჯერ მსოფლიოს არცერთი ქალაქი არ არის სრულად ელექტროავტობუსებზე გადასული. ჩვენ მივყვებით იმ განრიგს და გრაფიკს, როგორც ამას აკეთებენ მსოფლიოს განვითარებული ქალაქები და ელექტროავტობუსების დანერგვაც თბილისში ეტაპობრივად მოხდება. მთავარია, რომ ორივე შემთხვევაში, ეს იქნება ამჟამად გაზზე, თუ შემდეგში უკვე დიზელზე მომუშავე ავტობუსები, გამონაბოლქვის დონე მინიმალურია და მსოფლიო სტანდარტებს შეესაბამება“, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

ვიცე-მერის განმარტებით, ჰაერის დაბინძურების მაჩვენებლის შემცირების მიმართულებით, დედაქალაქის მერიის აქტიურ მუშაობას, მერიის ინიციატივით მომზადებული კანონპროექტიც ადასტურებს, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში განხილვის ეტაპზეა.

„ჰაერის დაბინძურების შემცირება რომ თბილისის მერიის პრიორიტეტია, ამაზე ჩვენ უკვე ერთი წელია ვსაუბრობთ. მომზადებული გვაქვს კანონპროექტი და კონცეფცია ამ მიმართულებით. ქალაქში ჰაერის დაბინძურების მაჩვენებლის შემცირებისკენ მიმართულ პოლიტიკას ჩვენი ზონალური პარკირების სისტემა, სატრანსპორტო პოლიტიკა, ავტობუსების პარკის ჩანაცვლება და სამშენებლო მიმართულება ემსახურება, რომელიც ჰაერის დაბინძურებაში კონტრიბუციის სახით, ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კომპონენტია. გვსურს, გადავდგათ გარკვეული ნაბიჯები, რომელიც ახლო პერიოდში გარკვეულ შედეგებს მოგვცემს. ჰაერის დაბინძურების გამომწვევი ორი მსხვილი კომპონენტი დედაქალაქში ტრანსპორტიდან გამონაბოლქვი და სამშენებლო მასალებიდან მიღებული დაბინძურებაა. თბილისის მერია ორივე მიმართულებით, რეგულაციების გამკაცრების თვალსაზრისით, მუშაობას აქტიურად განაგრძობს“, – აღნიშნა თბილისის ვიცე-მერმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0