„კანონით არის გაწერილი იმგვარი ღია და გამჭვირვალე პროცედურა, რომელიც საბოლოო ჯამში შედეგად მოგვცემს კეთილსინდისიერი და მაღალკვალიფიციური უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების განწესებას საკუთარ პოზიციებზე“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ სახალხო დამცველის მასპინძლობით გამართული მრგვალ მაგიდის ფორმატის შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ღონისძიებაზე შეკრებილებმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) მოსაზრებები განიხილეს. სიტყვით გამოსვლისას ირაკლი კობახიძემ მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობის შესახებ მსჯელობის გაგრძელების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. პარლამენტის თავმჯდომარემ სახალხო დამცველს OSCE/ODIHR-ში შესაბამისი მოთხოვნის გაგზავნისთვის, ხოლო ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისს რეკომენდაციების მომზადებისთვის მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, სახალხო დამცველის მოთხოვნის საფუძველზე, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევასთან დაკავშირებით, მომზადდა რეკომენდაციები, რაც უმრავლესობას კანონპროექტის საბოლოო ვარიანტის დამუშავებაში დაეხმარა. ირაკლი კობახიძემ კანონპროექტზე მუშაობის პროცესისა და კონტექსტის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, პარლამენტმა პირობა შეასრულა – მოსამართლეთა ათკაციანი სიის განხილვა შეაჩერა და იანვარში კანონპროექტზე მუშაობა დაიწყო. მისივე შეფასებით, შედეგი მიღწეულ იქნა და გაიწერა ღია და გამჭვირვალე პროცედურა.
„დაახლოებით, ოთხი თვე მოვანდომეთ სამუშაო ჯგუფის ფორმატში კანონპროექტის განხილვას და შემდეგ უკვე საპარლამენტო ფორმატში მის განხილვას და დამტკიცებას. ეს იყო ძალიან საინტერესო, ინკლუზიური პროცესი. პროცესში ჩართული იყვნენ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, ადვოკატთა ასოციაციის და სახალხო დამცველის წარმომადგენლები, სხვა დაინტერესებული მხარეები და ამის საფუძველზე შემუშავდა, საბოლოო ჯამში, კანონპროექტი, რომელიც იქნა წარდგენილი საქართველოს პარლამენტში.რაც შეეხება საბოლოო შედეგს, ამოცანა იყო ღია და გამჭვირვალე პროცედურის გაწერა და ვფიქრობ, რომ ამ შედეგს მივაღწიეთ. კანონით გაწერილია იმგვარი ღია და გამჭვირვალე პროცედურა, რომელიც, საბოლოო ჯამში, შედეგად მოგვცემს კეთილსინდისიერი და მაღალკვალიფიციური უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების განწესებას საკუთარ პოზიციებზე“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
ირაკლი კობახიძემ პროცედურის შესახებ დეტალურად ისაუბრა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მკაცრ და რამდენიმე საფეხურისგან შემდგარ პროცედურაზე დაკვირვების საშუალება ექნება საზოგადოებას, რაც, მისივე შეფასებით, ერთ-ერთი გარანტიაა იმისა, რომ უზენაეს სასამართლოში კვალიფიციურ და კეთილსინდისიერ მოსამართლეები განწესდებიან.
„პროცედურა არის გამჭვირვალე და ღია. ღიაობაში ვგულისხმობ, პირველ რიგში იმას, რომ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია პროცედურაში მონაწილეობა, საკუთარი კანდიდატურის შეთავაზება საბჭოსთვის და რაც შეეხება გამჭვირვალობას, თითოეულ საფეხურზე გათვალისწინებული იქნა გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტი. ყველა ინფორმაცია, რომელიც არის დაკავშირებული პროცედურასთან, არის ღია, არის გამჭვირვალე და უზრუნველყოფილია მათი გამოქვეყნება იუსტიციის საბჭოს ვებ-გვერდზე და უზრუნველყოფილია მათი წარდგენა საქართველოს პარლამენტისათვის. არ რჩება ინფორმაციის არც ერთი ელემენტი, გარდა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ინფორმაციებისა, რომლებიც არ არის ღია საზოგადოებისთვის და საქართველოს პარლამენტისთვის“, – განმარტა მან.
ირაკლი კობახიძემ პროცედურაში პარლამენტის მნიშვნელოვან როლს გაუსვა ხაზი და ამ კონტექსტში, OSCE/ODIHR-ის რეკომენდაციებზე ისაუბრა.
„ერთ-ერთი რეკომენდაცია იყო ის, რომ აქცენტი უნდა გადატანილი ყოფილიყო არსებითად საბჭოზე და პარლამენტს უნდა შეესრულებინა, არსებითად, ფორმალისტური როლი. რა თქმა უნდა, შეიძლება ამ რეკომენდაციის მხედველობაში მიღება, მაგრამ როგორც არ უნდა იყოს, პარლამენტის როლი არის, ბუნებრივია, მნიშვნელოვანი უზენაესის სასამართლოს მოსამართლეების არჩევის პროცესში და ამის შესაბამისად, არის უზრუნველყოფილი ძალიან გამჭვირვალე პროცედურა საქართველოს პარლამენტში. სახალხო დამცველმაც აღნიშნა, რომ კომიტეტში უზრუნველყოფილია ღია, ინკლუზიური პროცედურა, საშუალება ექნება პარლამენტის ყველა წევრს, რომ დაესწრონ კომიტეტის სხდომას, ასევე სხვა დაინტრესებულ სუბიექტებს, არასამთავრობო სექტორს, საერთაშორისო პარტნიორებს, ადვოკატთა ასოციაციას და ა.შ. მათ შეუძლიათ, არა მხოლოდ დაესწრონ სხდომებს, არამედ კითხვებიც დაუსვან წარმოდგენილ კანდიდატებს. თითოეული გასაუბრება ჩატარდება სათითაოდ. ეს ყველაფერი ქულებით შეფასებასთან ერთად, სხვა ელემენტებთან ერთად, არის იმის გარანტია, რომ შედეგი დადგება და შედეგი არის ის, რომ მაღალკვალიფიციური და კეთილსინდისიერი, საუკეთესო კანდიდატები უნდა იყვნენ არჩეული უზენაესი სასამართლოს მოსამართლის პოზიციაზე“, – განაცხადა სიტყვით გამოსვლისას პარლამენტის თავმჯდომარემ.
მისივე თქმით, სასამართლო რეფორმაზე მუშაობა გრძელდება და მეოთხე ტალღა, რომელიც ჯერ კიდევ შარშან დაანონსდა, უნდა დასრულდეს.
„წარიმართება სამუშაო პროცესი, დიდი იმედი გვაქვს, რომ უკვე მომავალ კვირაში, კონსენსუსით დასრულდება დისკუსია რეფორმის მეოთხე ტალღასთან დაკავშირებით და ამის შემდეგ გაგრძელდება უკვე რეფორმის საპარლამენტო განხილვა“, – აღნიშნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ სიტყვით გამოსვლისას.
ღონისძიებაზე შეკრებილებს სიტყვით საქართველოს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის დემოკრატიზაციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მეგან ფიცჯერალდმა, საკანონმდებლო მხარდაჭერის ოფიცერმა, ანა-ლიზა შატელენმა, ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის პროფესორმა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ყოფილმა მოსამართლემ, OSCE/ODIHR-ის ექსპერტმა, ანდრაშ შაიომ და იურისტების საერთაშორისო კომისიის საპატიო წევრმა და ყოფილმა ვიცეპრეზიდენტმა, კუებეკის ადამიანის უფლებათა ტრიბუნალის ყოფილმა პრეზიდენტმა, OSCE/ODIHR-ის ექსპერტმა, მიშელ რივემ მიმართეს.