ჩვენ მიერ ინიცირებული კანონპროექტი შექმნის ახალ მნიშვნელოვან გარანტიას საქართველოში ხელისუფლების დანაწილების სისტემის გამართული ფუნქციონირებისთვის

22/03/2022

„გასულ სამშაბათს, მმართველმა გუნდმა დააინიცირა კანონპროექტი, რომლითაც ზუსტდება საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილებები. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, პრაქტიკულად, უკვე აღიარეს, რომ კანონპროექტი სრულ შესაბამისობაშია სამართლებრივ პრინციპებთან. მეტიც, კანონპროექტი, გერმანული მოდელის შესაბამისად, მნიშვნელოვნად აუმჯობესებს მოქმედ კანონს, აზუსტებს საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილებებს და ამით უზრუნველყოფს მოქმედი კანონის კონსტიტუციასთან შეუსაბამობის აღმოფხვრას“, – განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.

მისი თქმით, მიუხედავად ამისა, არ წყდება ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის სპეკულაციური განცხადებები კანონპროექტთან დაკავშირებით.

„ისინი აცხადებენ, რომ, მართალია, კანონპროექტი სამართლებრივად გამართულია, მაგრამ ის ქმნის სამართლებრივ ინსტრუმენტს საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ ანგარიშსწორებისთვის. გაუგებარია, როგორ შეიძლება ანგარიშსწორების ინსტრუმენტად განიხილო ცვლილება, რომელიც პრეზიდენტის მიმართ არავითარი სანქციის შეფარდების შესაძლებლობას არ იძლევა და მეტიც, მისი კონსტიტუციური უფლებამოსილებების სრულფასოვნად რეალიზებასაც უზრუნველყოფს! ანალი ნორმა საკონსტიტუციო სასამართლოს აძლევს მხოლოდ იმის შესაძლებლობას, რომ სამართლებრივად შეაფასოს, შეესაბამება თუ არა ამა თუ იმ კონსტიტუციური ორგანოს, მათ შორის პრეზიდენტის მოქმედება თუ უმოქმედობა საქართველოს კონსტიტუციას“, – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.

ანრი ოხანაშვილმა აღნიშნა, რომ ამ ცვლილებით, საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისი ნორმა, რომელიც გაუმართავი კანონის გამო, პრაქტიკულად, ფიქციად იყო ქცეული, რეალურ დატვირთვას შეიძენს და შესაბამისად, კანონპროექტი შექმნის ახალ მნიშვნელოვან გარანტიას საქართველოში ხელისუფლების დანაწილების სისტემის გამართული ფუნქციონირებისათვის.

„სამწუხაროა, რომ ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი ამ პირობებშიც კი ახერხებს სპეკულირებას, რაც მათ პოლიტიკურად მიკერძოებულ მსჯელობაზე მიანიშნებს. წარმოუდგენელი ნონსენსია, ერთი მხრივ, საუბრობდე ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებასა და დასავლურ ფასეულობებთან ჰარმონიზაციაზე, მეორე მხრივ კი, პარტიისა თუ არასამთავრობო ორგანიზაციის სახელით საჯაროდ უგულებელყოფდე კონსტიტუციურ მართლწესრიგსა და სამართლებრივი სახელმწიფოს იმ პრინციპს, რომელიც თანამედროვე ევროპული დემოკრატიის ქვაკუთხედია“, – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.

ანრი ოხანაშვილმა ოპონენტებს მოუწოდა საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით საკუთარი სამართლებრივი მოსაზრებები კონსტრუქციული ფორმით გამოთქვან საკომიტეტო მოსმენებისას. იურიდიულ საკითხთა კომიტეტი „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანულ კანონში შესატანი ცვლილებების განხილვას მომდევნო კვირიდან დაიწყებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0