იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს კანონში 2021 წლის 30 დეკემბერს განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის დასკვნას გამოეხმაურა და ძირითად საკითხებთან დაკავშირებით განმარტებები გააკეთა.
„ვენეციის კომისია აღნიშნავს, რომ ერთი და იმავე პირის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად ზედიზედ ორჯერ არჩევის/დანიშვნის აკრძალვის მოხსნა მისი წინა რეკომენდაციებისა და ევროპული მოსამართლეების საკონსულტაციო საბჭოს რეკომენდაციების თანახმად, გამართლებულია. ვენეციის კომისია მიესალმება მოსამართლის მიერ საპროცესო ვადების, მაგალითად, საქმის განხილვის ვადის არსებითად დარღვევის საპატიოდ მიჩნევის საფუძვლის დაზუსტებას. ვენეციის კომისია, ასევე, მიესალმება მოსამართლის მიმართ გამოსაყენებელი დისციპლინური სახდელის ძირითად და დამატებით დისციპლინურ სახდელებად კატეგორიზაციას. ვენეციის კომისიის აზრით, ეს ცვლილება იცავს და აკმაყოფილებს პროპორციულობის სტანდარტს. ამასთანავე, ვენეციის კომისია მსჯელობს მთელ რიგ საკითხებზე, მაგალითად, მოსამართლის მივლინების წესში ცვლილებასთან დაკავშირებით. კომისიამ გამოთქვა მოსაზრება, რომ ამ წესის საკანონმდებლო დაზუსტება შესაძლებელია განხორციელდეს, თუმცა, მას მოსამართლის თანხმობის გარეშე სხვა სასამართლოში მივლინება, ზოგადად, უარყოფითად არ შეუფასებია. მოსამართლის მიერ პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის დარღვევით აზრის საჯაროდ გამოთქმის დისციპლინურ სამართალდარღვევად მიჩნევასთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიამ აღნიშნა, რომ პოლიტიკური ნეიტრალიტეტის ზოგადი მოვალეობის დარღვევის გამო მოსამართლისთვის დისციპლინური სახდელის დაკისრება დავას არ იწვევს“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
მისი თქმით, დასკვნაში არის ერთი უცნაური რეკომენდაციაც.
„აღსანიშნავია, ერთი უცნაური რეკომენდაცია. ვენეციის კომისიამ 2014 წლის 14 ოქტომბერს გასცა რეკომენდაცია, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დისციპლინურ საკითხებზე გადაწყვეტილებები უბრალო უმრავლესობით მიიღოს. ჩვენ ეს რეკომენდაცია 2021 წლის 30 დეკემბერს ცვლილებების შედეგად, ზედმიწევნით შევასრულეთ, თუმცა, ვენეციის კომისია ზედმიწევნით შესრულებულ თავისივე რეკომენდაციასთან მიმართებით დღეს უკვე განსხვავებულ მოსაზრებას აფიქსირებს. ჩვენ მზად ვართ როგორც ამ უცნაურ რეკომენდაციასთან დაკავშირებით, ასევე, ზოგადად, წარმოდგენილ რეკომენდაციებთან დაკავშირებით, ისევე როგორც აქამდე, შემდგომშიც მსჯელობა გავაგრძელოთ ვენეციის კომისიასთან“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.