ჩვენ კვლავ მარტო გვიწევს ქართული პოლიტიკური მარათონის გავლა

12/07/2016

ჩვენ კვლავ მარტო გვიწევს ქართული პოლიტიკური მარათონის გავლა, – ამის შესახებ აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში ”რესპუბლიკური პარტიის” სიის პირველმა ნომერმა დავით ბერძენიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ”რესპუბლიკური პარტია”, საარჩევნო სუბიექტი ”უსუფაშვილი-რესპუბლიკელები” არის თავისუფალ ადამიანთა ერთობა.

”ისევე როგორც შორეულ, ჩვენი მარათონის 39-ე წელს, ”რესპუბლიკელებმა” შევძელით დაგვეძლია საბჭოთა წარსული, ჩვენ კვლავ მარტო გვიწევს ქართული პოლიტიკური მარათონის გავლა. კვლავ ეულად ვუმკლავდებით თავისუფლებისკენ მიმავალ გზას. საქართველოში 8 ოქტომბერს ორი არჩევნებია. თავისუფლების ლოდის ტარებაში ჩოლოქს გაღმა-გამოღმა ”რესპუბლიკელებს” ჩვენი მონაპოვარი გვაქვს, ჩვენი დასაცავი თავისუფლება გვაქვს, ამიტომაც ვაქცევთ პარლამენტის არჩევნებთან ერთად განსაკუთრებულ ყურადღებას აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებს”, – განაცხადა ბერძენიშვილმა.

მისივე თქმით, აჭარაში მეორე პოლიტიკური ფრონტი იხსნება აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩვენებით.

”ისევე როგორც ადრე, ახლაც ”რესპუბლიკელები” ვქმნით თავისუფლების საყრდენს ამ ფრონტზე. ჩვენი ლა-მანში კვლავ რესპუბლიკურია. დასავლეთის ფრონტი კვლავ უცვლელია. ევროპული ღირებულებების, იგივე ქართული ღირებულებების სადარაჯოზე კვლავ ”რესპუბლიკელები” ვდგავართ, იმედი მაქვს, ჩვენ პარტნიორებთან ერთად”, – განაცხადა ბერძენიშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0