ჩვენ ვცხოვრობთ უაღრესად სწრაფად ცვალებად, დინამიურ გარემოში

19/11/2021

„ჩვენ ვცხოვრობთ უაღრესად სწრაფად ცვალებად, დინამიურ გარემოში, გეოპოლიტიკური სიტუაცია უახლოესი პერიოდის განმავლობაში, საგრძნობლად შეიცვალა, რაც მოითხოვს ჩვენი მხრიდან მყისიერ რეაგირებას და სწრაფ ადაპტირებას ახალ გარემოებებთან. სწორედ ამაზე არის მორგებული ის ძირითადი 10 მიზანი საგარეო პოლიტიკის მიმართულებით, ათწლიანი გეგმის ჭრილში და ის არის სრულ თანხვედრაში იმ საგარეო პოლიტიკის სტრატეგიასთან მიმართებაში საქართველოს მთავარობის პროგრამასთან, საქართველოს პარლამენტის შესაბამის რეზოლუციასთან, საგარეო პოლიტიკის სტრატეგიასთან და ჩვენს კონსტიტუციასთან, რომელიც გულისხმობს ქვეყნის სრულფასოვან ინტეგრაციას ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში“, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, საქართველოს პარლამენტში „მინისტრის საათის” ფორმატში განაცხადა.

დავით ზალკალიანმა საკანონმდებლო ორგანოში უწყების მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა და სამინისტროს მიერ განხორციელებულ საქმიანობაზე და იმ მიღწევებზე და გამოწვევებზე ისაუბრა, რაც სამინისტროს საგარეო მიმართულებით ჰქონდა.
მინისტრის მოხსენება სწორედ სამინისტროს მიერ შემუშავებული ათი პრიორიტეტული მიზნის ირგვლივ წარიმართა. საკანონმდებლო ორგანოში გამოსვლა მან საქართველოს წინაშე არსებულ მთავარ გამოწვევაზე – ოკუპაციაზე საუბრით დაიწყო და ამ კუთხით გატარებულ ღონისძიებებზე გაამახვილა ყურადღება. მინისტრმა განმარტა, რომ 2021 წლის 23 ივნისს, საქართველოს მთავრობის დადგენილებით, შეიქმნა სამთავრობო კომისია „დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის საქართველოს სახელმწიფო სტრატეგიის“ შემუშავებისა და განხორციელების მიზნით, რომელსაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ხელმძღვანელობს. მისივე თქმით, წლის განმავლობაში აქტიურად ხდებოდა საერთაშორისო თანამეგობრობის ინფორმირება როგორც რუსეთის ოკუპაციის პოლიტიკის და ფაქტობრივი ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯების, საქართველოს მოქალაქეების გატაცების/უკანონო დაკავებების, ქართველების ეთნიკური დისკრიმინაციის ფაქტებზე, ისე რუსეთის მიზანმიმართულ დეზინფორმაციულ კამპანიაზე. ქვეყნის პირველმა დიპლომატმა ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზეც, რომ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებული უკანონო ქმედებები აისახა პარტნიორი ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ არაერთ დოკუმენტში. მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებებზე. უწყების ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გაგრძელდება აქტიური თანამშრომლობა საერთაშორისო პარტნიორებთან, რუსეთის უკანონო ქმედებების შეკავებისა და აღკვეთის, რუსეთის ფედერაციის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებისა და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების დეოკუპაციის მიზნით. საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი მიზანია 2024 წელს ევროკავშირში წევრობაზე განაცხადის შეტანა და 2030 წლამდე, წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვება. მისივე შეფასებით, გასული ერთი წლის განმავლობაში, პანდემიის გამო შექმნილი ვითარების მიუხედავად, საქართველოს მიერ, ევროინტეგრაციის გზაზე არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა. დავით ზალკალიანის თქმით, აქტიური ძალისხმევა ასევე იქნება მიმართული საქართველოს, როგორც რეგიონში ევროკავშირის ძირითადი პარტნიორის როლის კონსოლიდაციისკენ, ისევე როგორც „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ინიციატივის ტრანსფორმაცისკენ, რაც გულისხმობს დიფერენციაციის პრინციპის საფუძველზე მონაწილე ქვეყნების პრიორიტეტებზე ფოკუსირების გაზრდას. დავით ზალკალიანმა ასევე ისაუბრა ნატო-ში გაწევრიანების მიმართულებით წარმატების მისაღწევად სამომავლოდ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა ნატო-ში მიმდინარე 2030 სტრატეგიული ადაპტაციის პროცესში და ალიანსის მომავალ სტრატეგიულ კონცეფციაში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივის მკაფიოდ ასახვა.

„ქართული მხარე მიესალმება ბრიუსელის სამიტზე ალიანსის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, განაახლოს ნატო-ს სტრატეგიული კონცეფცია, რომელიც ალიანსის 2022 წლის სამიტზე დამტკიცდება. გვაქვს იმედი, რომ ღია კარის პოლიტიკასთან დაკავშირებული საკითხები ახალ სტრატეგიულ კონცეფციაში ადეკვატურად იქნება ასახული და მასში ჩამოყალიბდება ალიანსის მკაფიო და კონკრეტული სტრატეგია შავი ზღვის რეგიონისადმი“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

პარლამენტში გამოსვლისას, დავით ზალკალიანმა მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-სთან ურთიერთობების განვითარებაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, საქართველოს აქვს აშშ-ოს ხელისუფლების როგორც აღმასრულებელი, ასევე საკანონმდებლო შტოს მტკიცე მხარდაჭერა და ამის დასტურია ერთი წლის განმალობაში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის და აშშ-ის თავდაცვის მდივნის ვიზიტები საქართველოში, რაც ასევე არის საქართველოსადმი აშშ-ის ურყევი მხარდაჭერისა და რეგიონში უსაფრთხოების განმტკიცების კუთხით, აშშ-ის ინტერესისა და ჩართულობის მორიგი დემონსტრირება. საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ 2021 წელი აქტიური იყო როგორც ორმხრივი ვიზიტების, ასევე, საკანონმდებლო დონეზე აშშ-ის მხარდაჭერის განმტკიცების კუთხით. დავით ზალკალიანმა ევროპის ქვეყნებთან არსებული ფორმატების სტრატეგიულ ფორმატებამდე გარდაქმნის აუცილებლობაზე და მნიშვნელობაზე საუბრისას, ყურადღება გაამახვილა მეზობელ ქვეყნებთან დაბალანსებულ, პარტნიორულ ურთიერთობებზე ორიენტირებული ურთიერთსასარგებლო რეგიონალური პოლიტიკის გატარების ინსტრუმენტებზე და ხაზგასმით განმარტა, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ ამოცანას წარმოადგენს ევროპის ქვეყნებთან არსებული მაღალი დონის ორმხრივი ურთიერთობების ფორმატების სტრატეგიულ დონეზე აყვანის კუთხით არსებითი შედეგების მიღწევა, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყნის ფუნქციის წარმოჩენას დასავლელ პარტნიორებთან და მათი მხრიდან ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების პროცესში საქართველოს ლობირებას.

„მინისტრის საათის“ ფორმატში პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა მიმდინარე წელს ეკონომიკური დიპლომატიის კუთხით მიღწეული შედეგები შეაჯამა და სამომავლო გეგმებზე ისაუბ. საქართველოს პირველი დიპლომატის განცხადებით, აქტიური ეკონომიკური დიპლომატიის გზით სვლა მნიშვნელოვანია საინვესტიციო შესაძლებლობების განვითარებისა და მაღალი უცხოური საინვესტიციო კაპიტალისთვის, ასევე სხვადასხვა ფართომასშტაბიანი პროექტის განხორციელებისა და ქართული პროდუქციისთვის საექსპორტო ბაზრების არეალის გაფართოებისთვის. დავით ზალკალიანმა ყურადღება ქართული კულტურული კერების დაფუძნებისა და დიასპორის წარმომადგენლების ქვეყნის განვითარების პროცესში მეტი ჩართულობის მნიშვნელობაზე გაამახვილა და მიმდინარე წელს საგარეო უწყების მიერ ამ კუთხით გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯებზე ისაუბრა. მინისტრმა საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს 2021 წელს საერთაშორისო პარტნიორებთან და ორგანიზაციებთან ერთად უკვე განხორციელებული და მიმდინარე პროექტები გააცნო. დავით ზალკალიანმა ანგარიშის წარდგენის შემდეგ, დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა და დამატებითი განმარტებები გააკეთა. პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, მინისტრის საათი პოლიტიკური ჯგუფების და ფრაქციების წარმომადგენელთა გამოსვლებით გაგრძელდა, სადაც საგარეო უწყების საქმიანობაზე პოლიტიკური განცხადებები და შეფასებები გაკეთდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0