ჩვენ ვუბრუნდებით საჯარო ფუნქციების რეგულარულად განხორციელებას,

21/05/2020

„მინდა, პარლამენტის სახელით, მადლობა გადავუხადო ჯანდაცვის პროფესიონალებს, ექიმებს, ექთნებს, ეპიდემიოლოგებს და ყველა მოკავშირე სამსახურის წარმომადგენელს, ვინც ჩართული იყო კოვიდინფექციის მართვაში და ვინც ეფექტურად შეძლო ამ ინფექციის გავრცელების შეკავება“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ საგანგებო სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც დეპუტატებმა ჯანდაცვის სამსახურებს კოვიდინფექციასთან ბრძოლაში გაწეული სამსახურისთვის, მადლობა გადაუხადეს.

არჩილ თალაკვაძემ კორონავირუსთან დაკავშირებული ვითარების ფონზე, პარლამენტის სამომავლო გეგმებსა და დღის წესრიგზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო სამუშაო პროცესს ეტაპობრივად დაუბრუნდება.

„ეპიდსიტუაციასთან მიმართებაში და ამ მონაცემების გათვალისწინებით, რაც ყოველდღიურად გვაქვს, ჩვენ ვუბრუნდებით საჯარო ფუნქციების რეგულარულად განხორციელებას, მათ შორის, პარლამენტიც ეტაპობრივად დაუბრუნდება იმ რეჟიმს, რომელიც საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე იყო. ეს ეხება საკომიტეტო სხდომებს, პლენარულ სხდომებს. ჩვენი თანამშრომლებიც ეტაპობრივად, იმ რეკომენდაციების გათვალისწინებით, რომელიც ჯანდაცვის სამსახურების მხრიდან არის მოწოდებული, დაუბრუნდებიან რეალურ სამუშაო რეჟიმს. ვაგრძელებთ საქმიანობას, მაგრამ უსაფრთხოების იმ რეკომენდაციების და იმ წესების დაცვით, რომელიც აუცილებელია, რომ მომავალში თავიდან ავირიდოთ რაიმე გართულებები კოვიდინფექციასთან დაკავშირებით“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, წინ მნიშვნელოვანი სამუშაოა, მათ შორის, ეკონომიკური, სოციალური საკითხები, საარჩევნო კანონმდებლობა, ასევე, სხვა პოლიტიკური საკითხები. არჩილ თალაკვაძემ დეპუტატებს საპარლამენტო პროცესში მაქსიმალური ჩართულობისა და მონაწილეობისკენ მოუწოდა. მისივე თქმით, მიმდინარე სასესიო კვირაში პარლამენტში ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია მივა და კოვიდინფექციის მართვასთან დაკავშირებულ ანგარიშს წარადგენს.

„ხვალ, იწურება საგანგებო მდგომარეობა. მეტი შეზღუდვების პირობიდან გადავდივართ ნაკლები შეზღუდვების რეჟიმში, თუმცა, ყველანი ვთანხმდებით, რომ გარკვეული შეზღუდვები საჭირო იქნება მომავალშიც და აქ საქართველო არ იქნება გამონაკლისი. ჩვენ სინქრონულად ვიმუშავებთ და ვიმოქმედებთ საერთაშორისო კონტექსტში და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან ერთად”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

პლენარული სხდომა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვით გაგრძელდა. „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ წარადგინა.
მომხსენებლის განმარტებით, კანონის მიღების აუცილებლობა გამოწვეულია ახალი კორონავირუსის (COVID-19) მასობრივი გავრცელების გათვალისწინებით, ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი პირებისათვის საგადასახადო ვალდებულების შესრულების გადავადების და საგადასახადო შეღავათების დაწესების მიზნით. კანონპროექტში ცვლილების მიხედვით, 2020 წლის 1 მაისიდან 6 კალენდარული თვის განმავლობაში, დამქირავებელი უფლებამოსილია შეიმციროს (ბიუჯეტში არ შეიტანოს) დაქირავებულისთვის 750 ლარამდე გაცემული ხელფასიდან დაკავებული და გადასახდელი საშემოსავლო გადასახადი, თუ დაქირავებულის მიერ ამავე დამქირავებლისგან კალენდარული თვის განმავლობაში მიღებული ხელფასი არ აღემატება 1500 ლარს. ამასთანავე, ხსენებული შეღავათი არ გავრცელდება საბიუჯეტო ორგანიზაციაზე, საქართველოს ეროვნულ ბანკზე, ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოზე, საწარმოზე, რომლის აქციების/წილის 50%-ზე მეტს ფლობს სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტი და ამავე საწარმოს დაფუძნებულ/შვილობილ საწარმოზე, თუ ეს საწარმო მის მიერ დაფუძნებულ/შვილობილ საწარმოში აქციების/წილის 50%-ზე მეტს ფლობს. კანონპროექტის მიხედვით, 2020 წლის 1 მარტიდან 6 კალენდარული თვის განმავლობაში ქონების იჯარის/ლიზინგის მომსახურება დღგ-ით დაიბეგრება შესაბამისი მომსახურების საკომპენსაციო თანხის ნაწილის ფაქტობრივად გადახდის საანგარიშო პერიოდში. საქართველოს ფინანსთა მინისტრს ან შემოსავლების სამსახურის უფროსს უფლება ექნება ცალკეულ გადასახადის გადამხდელებს არაუმეტეს 6 თვით გაუგრძელოს 2020 წელს გადასახდელი საშემოსავლო ან/და ქონების გადასახადის გადახდის საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული ვადა.
ამ შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელს საურავი არ დაერეცხება. კანონპროექტის თანახმად, საგადასახადო ორგანოსთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდება, რამაც გამოიწვია დაქირავებულისათვის საქართველოს მთავრობის დადგენილებით საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით განსაზღვრული კომპენსაციის უსაფუძვლო გაცემა, გამოიწვევს დამქირავებლის დაჯარიმებას ამ ინფორმაციის საფუძველზე გაცემული კომპენსაციის ორმაგი ოდენობით.
პარლამენტის წევრებმა, ფრაქციებისა და კომიტეტების სახელით, კანონპროექტთან დაკავშირებით, საკუთარი მოსაზრებები დააფიქსირეს.

გედევან ფოფხაძე: „ინიციატივა თავისთავად არის პოზიტიური. პრინციპი არის კეთილშობილი და სწორი, მაგრამ ჩვენ არ გვაკმაყოფილებს დასაქმებულების მიმართ არაპირდაპირი მხარდაჭერა. ჩვენ გვინდა უფრო მეტად ვიგრძნოთ, რომ ასეთი ინიციატივები გათვლილია დასაქმებულებზე. თუ იურიდიულ პირს სურს ისარგებლოს ასეთი უფლებით, მაშინ მას უნდა ჰქონდეს ვალდებულება არ გაუშვას სამსახურიდან საკუთარი თანამშრომლები“.

გიორგი ჟორჟოლიანი: „სამართლებრივად ცხადია და აშკარაა, რომ ეს არის იმ ადამიანების ფული, რომლებიც იხდიან საშემოსავლო გადასახადს. მეორე მხრივ, ეს არის დახმარება არა სამუშაო ადგილების შექმნისთვის, არამედ ეს არის გარკვეული დახმარება დაბალშემოსავლიანი ადამიანებისათვის ამ შემოსავლების შენარჩუნებისთვის“.

რომან გოცირიძე: „პანდემიის პირობებში გადაუდებელ პირველი რიგის ამოცანებთან დაკავშირებით, ჩვენი შემოთავაზება იყო, რომ დიდი ბიზნესისთვის წლის ბოლომდე საშემოსავლო გადასახადი უნდა განახევრებულიყო, მცირე და საშუალო ბიზნესის წლის ბოლომდე საერთოდ უნდა გათავისუფლებულიყო ქონებისა და საშემოსავლო გადასახადისგან, მიკრობიზნესის გადასახადი უნდა ყოფილიყო 0 %“.

ლევან გოგიჩაიშვილი: „ჩვენ მოგყვებით ძირითად ხაზში. ამ პანდემიის პირობებში, თუ სახელმწიფოს აქვს რესურსი, ვფიქრობ, ყველა ერთად ვალდებული ვართ ურთიერთდახმარება გავწიოთ. ყველამ უნდა იცოდეს, რომ ეს არ არის მთავრობის დახმარება, ეს არის თითოეული ჩვენგანის დახმარება, ეს არის მოქალაქეების მიერ სხვა მოქალაქეების დახმარება, რომლებიც ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტში გადასახადებს იხდიან. ეს არის საერთო სახალხო სოლიდარობის აქტი“.

ოთარ კახიძე: „ევროპული საქართველოს მიერ წარმოდგენილი გეგმა არის კომპლექსური, რომელიც ითვალისწინებს არა მხოლოდ სოციალურ პაკეტს და დახმარებას იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც ყველაზე მეტად დაზარალდნენ ამ კრიზისით, არამედ, ბიზნესისთვის ხელშეწყობას, რომ მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნას ან როგორც მინიმუმ ამ მომენტში შემსუბუქდეს დარტყმა ეკონომიკაზე. „ქართული ოცნება“ გვთავაზობს ფრაგმენტულ ცვლილებას. ეს არ არის გეგმა, ეს არ არის მიდგომა, ეს არ არის პოლიტიკა“.

ირაკლი კოვზანაძე: „ჩვენ მხარს ვუჭერთ საგადასახადო კოდექსში ცვლილებას, რომელსაც დაჩქარებული წესით ვიხილავთ, რათა ბიუჯეტი მოვამზადოთ დროულად პარლამენტში შემოსატანად. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ ჩვენმა თანამოქალაქეებმა დროულად მიიღონ ის დახმარებები, რასაც მთავრობა მათთვის ითვალისწინებს. ჩვენ მივყვებით ანტიკრიზისულ პროგრამას, რომლის ერთ-ერთი კომპონენტი გახლდათ საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილებები. მეორე პროექტია საპენსიო კანონმდებლობაში ცვლილება ინდექსაციასთან დაკავშირებით, რომელსაც სჭირდება დამატებით 230 მლნ ლარი, რაც მოსაძიებელია. ეს ცვლილებაც იქნება 2021 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული. ნაბიჯები არის თანმიმდევრულად გადადგმული, რათა ეს პროექტები იყოს განხილული. იმისთვის, რომ ბიუჯეტის კარგი პროექტი იქნას წარმოდგენილი, საჭიროა ეს ცვლილებები“.

პაატა კვიჟინაძე: „ეს არის პატარა ნაწილი იმ დიდი დახმარებისა, რაც მთავრობამ და პარლამენტმა უნდა გასცეს საქართველოს მოსახლეობისთვის და ამ პატარა კანონშიც რატომღაც ყველამ გაამახვილა ყურადღება საშემოსავლო გადასახადზე, როცა იქ სხვა გადასახადებიც არის ნახსენები. ეკონომიკაში რჩება 235 მილიონი, ამასთან, ხდება სამუშაო ადგილების შენარჩუნება. ამას გარდა, აქ საუბარი იყო თანხის მიღებაზე, ერთ-ერთმა პირველმა, საქართველომ მოახერხა შეთანხმება საერთაშორისო ფინანსურ ორგანიზაციებთან. ის ფაქტი, რომ სავალუტო ფონდი ამბობს, მიეცით საქართველოს ეს თანხები, ეს უკვეა უზარმაზარი წარმატება. ამას ვერ აღწევს ქვეყნების 90 პროცენტი. დახმარებების გაცემა უკვე მომავალი კვირიდან დაიწყება. ყველა დახმარება, რაც იყო ნათქვამი, გაცემული იქნება.

წარმოდგენილ კანონპროექტს დეპუტატებმა 77 ხმით, 2 წინააღმდეგ მხარი დაუჭირეს. ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ, სხდომაზე, „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტის წარდგენამდე, მთელ მსოფლიოში, მათ შორის მეზობელ ქვეყნებსა და ჩვენს ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება მიმოიხილა. მისი განცხადებით, ეპიდემიოლოგიურად საქართველო უკეთ გამოიყურება, „თუმცა, პანდემია ისევ რჩება ისევ ამ დეფინიციით, რადგან ეპიდვითარება ამ სტატუსის მოხსნის საშუალებას არ იძლევა. ჩვენი შედეგები იმედისმომცემია, თუმცა ეპიდემიოლოგთა ის ნაწილი, რომელთა სიტყვასაც ამ დარგში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, შიშობენ, რომ ეპიდემიას ექნება მზარდი, მეორე და მესამე ტალღა. ის რომ ეპიდემიოლოგიურად ქვეყანა კარგად გამოიყურება ეს არის იმ რეგულაციების და პროცესების სწორად მართვის დამსახურება, როდესაც ჩვენ საგანგებო მდგომარეობა გამოვაცხადეთ. ეპიდვითარება ამის საშუალებას იძლევა და დადგა დრო, რომ საგანგებო მდგომარეობა მოიხსნას თუმცა, არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ყველა რეგულაცია ერთად მოიხსნას, რადგან კორონავირუსთან ერთად ჩვენ მაინც გვიწევს ცხოვრება. ამიტომ ჩვენ გარკვეული წესები უნდა შემოვიღოთ, უნდა შევთანხმდეთ იმ რეგულაციებზე, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა და ქვეყნის უსაფრთხოება იყოს დაცული“.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობის ჯანმრთელობა იყოს დაცული, მეორე მხრივ კი, ის, რომ ეკონომიკაში არ იქნას მიღებული შეუქცევადი პროცესები.

„საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების არც აუცილებლობა არსებობს ამ ეტაპზე და არც ამის საშუალება აქვს ქვეყანას რამეთუ, ეს ეკონომიკურად და ფინანსურად საკმაოდ ძვირი უჯდება როგორც ქვეყანას ასევე, თითოეულ მოქალაქეს“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

კანონპროექტის ინიციატორებს მიაჩნიათ, აუცილებელია კანონით გარკვეული შემზღუდავი ღონისძიებების შემოღება.

„რადგან სრულდება საგანგებო მდგომარეობა, იმისთვის, რომ არ დარჩეს ცარიელი სივრცე, ამისთვის ჩვენ უნდა დავიტოვოთ ის მინიმალური შეზღუდვები, რაც აუცილებელია და რაც მისცემს საშუალებას იმისას, რომ ხელისუფლებამ სწორად მართოს ეს კრიზისები. სწორედ, ამიტომ არის საჭირო მთავრობას მივცეთ ამ რეგულაციების გამოყენების საშუალება“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ცვლილებები „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ ნორმების დახვეწას ითვალისწინებს, რომლებიც საკარანტინო ღონისძიებების ეფექტიანად და სწორად გატარებასთან და პანდემიისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებით საშიში ეპიდემიის მართვასთან არის დაკავშირებული. საკარანტინო ღონისძიებები განისაზღვრება ახლებურად და გულისხმობს ისეთ ღონისძიებებსაც, რაც დაკავშირებულია გადაადგილების, ეკონომიკური საქმიანობის, საკუთრების, თავშეყრის, შრომის და სხვა უფლებების შეზღუდვასთან. კანონპროექტის მიღებით, ქვეყნის შესაბამის უწყებებს შესაძლებლობა ექნებათ, რომ საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგაც გააგრძელონ ეფექტიანი ბრძოლა კორონავირუსით (COVID-19-ით) გამოწვეული ეპიდემიის/პანდემიის წინააღმდეგ და კვლავ გაატარონ ყველა ის აუცილებელი ორგანიზაციული, სამართლებრივი და სხვა სახის ღონისძიება, რომელიც შექმნილი ვითარების გამკლავებისკენ იქნება მიმართული.
განახლებული საკანონმდებლო ნორმები სახელმწიფოს მომავალშიც მისცემს შესაძლებლობას, რომ სხვა მსგავს სიტუაციებში შესაბამისად იმოქმედოს. კანონპროექტით ზუსტდება ტერმინების „იზოლაცია“ და „საკარანტინო ღონისძიებები“ განმარტებები.
აგრეთვე, ზუსტდება, რომ იზოლაციის ან/და კარანტინის წესით შეიძლება განისაზღვროს სხვადასხვა საკარანტინო ღონისძიებებიც, რომლებიც ამ შემთხვევაში ამ წესის შემადგენელი ნაწილია. მომხსენებლის განმარტებით, მთავრობის უფლებამოსილება ფართოვდება იმ ვადით, რაც გულისხმობს პანდემიის და საშიში ინფექციის გავრცელების რეჟიმს. როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ დაცული იქნას მოქალაქეების ჯანმრთელობა და ასევე, საკონსტიტუციო ცვლილებებს არ შეეშალოს ხელი.

„გთხოვთ მაქსიმალურად გათავისუფლდეთ პოლიტიკური შემადგენელისგან და მაქსიმალურად ვიზრუნოთ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე. თუ ჩვენ საგანგებო მდგომარეობას გავაგრძელებთ, მაშინ პოლიტიკურ ნაწილსაც რისკის ქვეშ დავაყენებთ. ჩვენ განსახორციელებელი გვაქვს საკონსტიტუციო ცვლილებები. საგანგებო მდგომარეობის რეჟიმში, რომლის აუცილებლობა ეპიდემიოლოგიურად დღეს არ არსებობს საკონსტიტუციო ცვლილებებს ვერ განვახორციელებთ“, – განაცხადა მომხსენებელმა.

მისი თქმით, ქვეყანა სამი არჩევანის წინაშე დგას. „გაგრძელდეს საგანგებო მდგომარეობა, რისი საჭიროებაც ახლა არ არსებობს; შევწყვიტოთ საგანგებო მდგომარეობა, მაგრამ ხელისუფლება კრიზისის მართვას ამ რეგულაციებით ვერ შეძლებს და არსებული ზოგადი, გლობალური ვითარებიდან გამომდინარე, ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, მის უსაფრთხოებას, და საზოგადოების ჯანმრთელობას გარანტირებულად დავაყენებთ საფრთხის ქვეშ და მესამე, საგანგებო მდგომარეობის გარეშე, დავიტოვოთ ის მინიმალური, აუცილებელი შეზღუდვები, მაგრამ ამის უფლება მივცეთ ჩვენ, პარლამენტიდან იმ კანონმდებლობის საფუძველზე, რომელზეც ვფიქრობ ჩვენ დღეს შევთანხმდებით. თუკი სადმე რაიმე არსებობს კითხვის ნიშანი და შეგვიძლია დავარეგულიროთ, ან არსებობს უკეთესი ფორმულირება გავასწოროთ, მაგრამ ქვეყნის ინტერესებს და მოსახლეობის ჯანმრთელობას ვერ გადავაყოლებთ პოლიტიკურ ეჭვიანობას. მზად ვართ მსჯელობისთვის“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

მომხსენებელმა დეპუტატების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა. პარლამენტის ოპოზიციონერმა წევრებმა კანონპროექტი გააკრიტიკეს. მათ მიაჩნიათ, რომ ინიცირებული ფორმით კანონპროექტი, წინააღმდეგობაშია კონსტიტუციასთან, ამასთან, თვლიან, რომ დღეს მოქმედი კანონით უკვე უზრუნველყოფილი არის საკარანტინო ღონისძიებები, ასევე, არის პირების ვალდებულება რომ არ განახორციელონ ისეთი საქმიანობა, რომელიც ქმნის დაავადების გავრცელების საფრთხეს და ა.შ. დეპუტატებისთვის მიუღებელია აღნიშნული შეზღუდვების მთავრობისთვის უვადოდ გადაცემა.

კითხვა-პასუხების დასრულების შემდეგ, საპარლამენტო ტრიბუნა გამოსვლებისთვის ცალკეულ დეპუტატებს, ფრაქციებისა და კომიტეტების წარმომადგენლებს დაეთმოთ.

სოფო კილაძე: „როდესაც ადამიანის უფლებების შეზღუდვას ეხება საქმე, ბუნებრივია, ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტი უნდა იყოს აქტიური. რა თქმა უნდა, არსებობს რისკი, რისკი ადამიანის უფლებებში არათანაზომიერი ჩარევის, არსებობს გარკვეული საფრთხეები, თუმცა ჩვენ იმიტომ ვართ აქ, რომ დავაზღვიოთ ეს საფრთხეები და რისკები და ერთად მსჯელობით მივიდეთ ისეთ კონდიციამდე, რომ ეს რისკები მაქსიმალურად გამოირიცხოს. პარლამენტში შემოტანილია ისეთი კანონპროექტი, რომელიც საფუძველს ქმნის გარკვეულწილად ადამიანის უფლებებში ჩარევის და ჩვენ უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ ეს ჩარევა იყოს თანაზომიერი. ჩვენ, საქართველოს პარლამენტი, ვართ სწორედ ის ორგანო, რომელმაც ზედამხედველობა უნდა განახორციელოს, რათა აღმასრულებელმა ხელისუფლებამ ბოროტად არ გამოიყენოს ამ კანონით მინიჭებული უფლებამოსილებები. ჩვენ ხელთ გვაქვს ის ძლიერი ბერკეტები, რომლებიც დევს საქართველოს კონსტიტუციაში და რომელიც სწორედ „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო“.

დავით მათიკაშვილი: „ჩვენ მოვისმინეთ არაერთი შენიშვნა, განსაკუთრებით ცალკეული ოპოზიციური ძალებისგან. დღევანდელი მოცემულობა კარგად ესმის ოპოზიციურ სპექტრსაც და კარგია, რომ ეს განხილვები ხდება, კარგია, რომ ამ შენიშვნებს ჩვენ პასუხებს ვცემთ, რადგანაც საზოგადოებისთვის კიდევ უფრო ნათელი ხდება, თუ რასთან გვაქვს საქმე. „საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ“ კანონპროექტმა, კონსტიტუციურობის ტესტი გაიარა. კანონის კონსტიტუციურობის ტესტი გულისხმობს ე.წ. სამწვეროვან შემოწმებას, რომელიც მდგომარეობს შემდეგში: კანონი უნდა იყოს ლეგიტიმური, ანუ შეზღუდვა, რომელზეც არის საუბარი უნდა იყოს კანონში გათვალისწინებული, კანონი უნდა იყოს პროპორციული, შესაბამისად, შეზღუდვები უნდა იყოს პროპორციული და ადეკვატური და უნდა არსებობდეს აუცილებლობა იმის, რომ სწორედ ეს ზომები იყოს გამოყენებული. ეს არის კონსტიტუციურობის ტესტი, რომელიც ჩვენს შემთხვევაში პრაქტიკიდან გამომდინარე არის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი საზოგადოება ჩავაყენოთ საქმის კურსში და ზუსტად მივუთითოთ, თუ რას ეხება დღევანდელი ჩვენი განხილვა და რომ ეს კანონპროექტი, რა თქმა უნდა, არ არის ანტიკონსტიტუციური, რადგან სამივე მოცემულობას, ამ ტესტის სამივე პრინციპს აკმაყოფილებს.”

ილია ნაკაშიძე: „ამ კანონპროექტის მიზანი, პირველ რიგში, იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ თავიდან ავიცილოთ საგანგებო მდგომარეობა, აღვადგინოთ პოლიტიკური თავისუფლება საქართველოში, მინიმალური ზარალი მივაყენოთ ეკონომიკას და მაქსიმალურად დავიცვათ ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობა. და, სხვათა შორის, ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ ეს შეზღუდვები აუცილებელია. კანონში შესატანი ცვლილებები ჩვეულებრივი დაზუსტებაა, რაც ნიშნავს სუბიექტური კომპონენტის მინიმალიზაციას“.

ნუკრი ქანთარია: „ამ კანონპროექტის ასეთი კოლექტიურად მიუღებლობა და თითქოს უკვე იმ ფაზაზე გადასვლა, რომ ამ კანონებში დამატებით დიქტატურა იბადება და დაჯერება ჩვენი საზოგადოებისთვის, ეს კარგს არაფერს მოიტანს ამ განსაცდელის დროს. შეიძლება ყველაფერი დამოკიდებული იყოს დღეებზე, საათებზე, წუთებზე და წარა-მარა, ყოველ წამს, პარლამენტის შეკრება და გარკვეული პროცედურების განხორციელება შესაძლოა დაგვიანებული იყოს. მგონია, რომ მთავრობას ეს ბერკეტი უნდა მივცეთ იმისთვის, რომ ჩვენ მომავალში ავცდეთ იმ უბედურებას, რა მდგომარეობაშიც ბევრი სახელმწიფო აღმოჩნდა. თუ აქ არის კონსტიტუციასთან შეუსაბამობა და ალბათ, არის ლაფსუსები, მაგრამ ისიც ხშირად მინახავს, როდესაც ერთი კონსტიტუციონალისტი ერთს ამბობს, მეორე მეორეს და ორივე მართალია ხოლმე. საკონსტიტუციო სასამართლოც არსებობს, იმიტომაა აქ ამდენი იურისტი, რომ შეაჯეროს და ისე მოახერხოს, რომ ეს არ იყოს შეუსაბამობაში“.

თინათინ ბოკუჩავა: „ჩვენ ვერ მოვისმინეთ არგუმენტები იმასთან დაკავშირებით, რატომ არის საჭირო ამ კანონის მიღება, კონსტიტუციის ფეხქვეშ გათელვა და როგორ შეიძლება საპარლამენტო ფილტრის სრული ნიველირების ფონზე მივცეთ ამგვარი უფლებამოსილება ხელისუფლებას. თუ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება საჭირო იქნება ამა თუ იმ სოფელში, შეიკრიბოს პარლამენტი და გამოაცხადოს საგანგებო მდგომარეობა ამა თუ იმ სოფელში ან თემში, საქართველოს კონსტიტუცია, მისი 71-ე მუხლი ამის შესაძლებლობას იძლევა. კანონის მიღების შემთხვევაში ჩვენ საკონსტიტუციო სასამართლოში გავასაჩივრებთ, რადგან ეს არის ავტოკრატიული მმართველობისკენ გადადგმული ნაბიჯი, რომელიც არღვევს კონსტიტუციით დადგენილ ბალანსს სახელისუფლებო შტოებს შორის, ის შლის საპარლამენტო ფილტრსა და კონტროლს“.

ეკა ბესელია: „თუ არსებობს საჭიროება, დაუყოვნებლივ გამოცხადდეს რომელიმე რეგიონში ან სოფელში საგანგებო მდგომარეობა, ის ძალაში შედის მისი გამოცხადებისთანავე. იმის თქმა არგუმენტად, თითქოს დაგვიანდება ვიდრე პარლამენტი შეიკრიბება ეს არგუმენტი არ ვარგა. ასეთი არადემოკრატიული კანონის მიღების არავითარი აუცილებლობა არ არსებობს “.

რომან გოცირიძე: „შეზღუდვების გატარების შესაძლებლობა დღეიდან მთავრობას სამუდამოდ მიენიჭება. ამისთვის საჭიროა ერთადერთი რამ – არსებობდეს ვირუსი. მთავრობას შეეძლება ჩაკეტოს ქალაქი, გააჩეროს ყველა ბიზნესი, 24 საათით ჩაკეტოს ყველა ადამიანი. თქვენ ამის უფლებას მთავრობას აძლევთ. ქვეყანაში ფაქტობრივად, ეპიდემიის პირობებში საგანგებო მდგომარეობის ცნება არ არსებობს. ხვალიდან თქვენ უკვე არღვევთ კონსტიტუციას და უკვე არსებობს პრემიერ-მინისტრის და მთავრობის იმპიჩმენტის საფუძველი“.

გიგა ბოკერია: „გთავაზობთ არ დაარქვათ საგანგებო მდგომარეობა. დაარქვით „ჯანდაცვის სპეციალური ზომები“. დაარქვით სხვა სახელი და პარლამენტის როლი დატოვეთ“.

გედევან ფოფხაძე: „ეს კანონი ქვეყანაში ცვლის სახელმწიფო მმართველობის ფორმას და საპარლამენტო რესპუბლიკის მაგივრად, ჩვენ ვიღებთ აბსოლუტიზმს. ეს არის ჩემთვის ერთმნიშვნელოვნად ცალსახა გადაწყვეტილება. ვინც ამას ხმას აძლევს, მას კარგად უნდა ესმოდეს ამ გადაწყვეტილების პოლიტიკური, სამართლებრივი და მორალური ფასი. არავის გაქვთ უფლება ავტორიტარული რეჟიმი გააფორმოთ ამ კანონის მეშვეობით“

ზვიად კვაჭანტირაძე: ჩვენი ფრაქცია ფიქრობს, რომ ამ პროცესის გაგრძელებას მაქსიმალურად უნდა შევუშალოთ ხელი. თუკი პრემიერ-მინისტრი აპირებს პარლამენტში მოსვლას, გთავაზობთ, კენჭისყრა გადავდოთ და ყველა შეკითხვა დავუსვათ პრემიერ-მინისტრს. შესაძლოა მან უფრო დაგვარწმუნოს იმაში, რომ ამ კანონის მიღება არის აუცილებელი. ჩვენ მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტს, რომ პირველად, თავისი პრეზიდენტობის განმავლობაში, გამოიყენოს ვეტოს უფლება და საშუალება არ მისცეს ამ კანონს, რომ იგი აღსრულებაში იყოს მოყვანილი“.

ლევან გოგიჩაიშვილი: „რომ არ ვიცოდე, რომ ამ კანონპროექტს არ აქვს დიდი სიცოცხლისუნარიანობა (დარწმუნებული ვარ საკონსტიტუციო სასამართლო ამას გააუქმებს) არ მოგცემდით მშვიდ ვითარებაში კანონპროექტის განხილვის საშუალებას, რადგან ეს არის ნაბიჯი დიქტატურისკენ“.

ლევან კობერიძე: „საგანგებო მდგომარეობის მოხსნის შემდგომ ნამდვილად არის იმის რისკი, რომ შეიძლება იყოს გარკვეული მატება ეპიდემიოლოგიური სურათის თვალსაზრისით. თუმცა, ამ კანონპროექტით, გათვალისწინებული საკარანტინე ღონისძიებების გათანაბრება საგანგებო მდგომარეობასთან, რომელიც ავტომატურად იწვევს ანტიკონსტიტუციური კანონის მიღებას, ავტორიტარული მმართველობისაკენ და მთავრობაში ჭარბი ძალაუფლების დაგროვებისკენ მიმართულ კანონის მიღებას. კანონი, რომელიც 2007 წელს არის მიღებული და განსაზღვრულია გარკვეული ღონისძიებები კარანტინთან დაკავშირებით, საკმაოდ ძალაუფლება აქვს მთავრობას მიცემული ამ კანონით. გთავაზობთ თუკი, რაიმე კონკრეტული ღონისძიებებია გასატარებელი, ეს ცვლილებები შეტანილი იყოს კანონის ფარგლებში და არა მთავრობისთვის გადაცემული, როგორც ფაქტობრივად საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების უფლება“.

კობა ნარჩემაშვილი: „მინდა ვიკითხო როდის შეეშალა მთავრობას ხელი ოპერატიულობის ან პასუხისმგებლობის თვალსაზრისით, ძალიან სწრაფად მიეღო ისეთი გადაწყვეტილებები, რომელიც საჭირო იყო. ასეთი რამ არ მომხდარა. პარლამენტმა ყოველ ჯერზე იმოქმედა ოპერატიულად და პასუხიმგებლიანად.
სერგო რატიანი: „თქვენ, ფაქტობრივად ფუნდამენტს ურღვევთ ჩვენს კონსტიტუციას, რადგან ხვალიდან ხელისუფლებას შეუძლია დააწესოს ნებისმიერი შეზღუდვა, ისე, რომ არავის ჰკითხოს. ეს არის ფაქტობრივად ავტორიტარიზმი და დიქტატურა“.

ბექა ნაცვლიშვილი: „მე ვერ მოვისმინე არგუმენტი, თუ რატომ უნდა განხორციელდეს ეს ცვლილება. თქვენ აუქმებთ კონსტიტუციურ ნორმებს, იმიტომ, რომ ახალი საკონსტიტუციო ცვლილება განახორციელოთ. კონსტიტუციური ნორმების უგულებელყოფა იმიტომ რომ ახალი საკონსტიტუციო ცვლილებები განხორციელდეს – სრული აბსურდია, ამიტომ არჩევნების არგუმენტიც მოსატანი არ იყო. დაგვიტოვეთ საგანგებო მდგომარეობაზე გადაწყვეტილების მიღების უფლება. ჩვენც გვინდა ამ ქვეყნის წარმატება გავიზიაროთ და ამ წარუმატებლობაზეც პასუხისმგებლები ვართ თუ ჩვენი გადაწყვეტილებით რაიმე წარუმატებლად დასრულდება “.

მარიამ ჯაში: „ფრაქცია დამოუკიდებელი დეპუტატების არც ერთი წევრი, კანონპროექტს მხარს არ დაუჭერს. საპარლამენტო რესპუბლიკაში „ქართული ოცნება“ აპირებს შეზღუდოს პარლამენტის უფლებამოსილება და წინასაარჩევნო პერიოდში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება სრულიად გადააბაროს მთავრობას. აღნიშნული კანონპროექტი იქნება ჩვენი ქვეყნის თავისუფლების და დემოკრატიის გზაზე უკან გადადგმული ნაბიჯი. ჩვენი ფრაქცია ღებულობს გადაწყვეტილებას რომ არ მივიღოთ მონაწილეობა. თუკი დღეს „ქართული ოცნების“ უმრავლესობა პირველი მოსმენით დაამტკიცებს აღნიშნულ კანონპროექტს, ჩვენ იძულებული ვიქნებით გავემიჯნოთ განხილვებს ხვალ და შესაბამისად გადავიდეთ ბოიკოტის რეჟიმში“.

სალომე სამადაშვილი: „არ არსებობს კანონიერი იურიდიული არგუმენტი, იმ ცვლილებების მისაღებად რომელიც შემოთავაზებულია. ჩვენ, ამ კანონპროექტს არათუ წინააღმდეგ მივცემთ ხმას არამედ დავიწყებთ პროცესს, მისი არაკონსტიტუციურად გამოცხადების თაობაზე“.

ირმა ინაშვილი: „ის რაც დღეს ხდება და რისი განხორციელებაც თქვენ გსურთ, არის ხელისუფლების უზურპაციის მცდელობა. წარმოდგენილი კანონპროექტი არის ანტიკონსტიტუციური. გაუგებარია პარლამენტმა მისი მთავარი ფუნქცია რატომ უნდა გადასცეს მთავრობას. პარლამენტს არავითარ შემთხვევაში არ უნდა წაერთვას მისი მთავარი ფუნქცია – საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისა და კონტროლის“.

აკაკი ბობოხიძე: „თქვენ, კანონში ცვლილების შეტანა ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე კი არ გინდათ, არამედ აშკარად, იგრძნობა სურვილი რომ პოლიტიკური საჭიროებებიდან გამომდინარე ისე მიიღოთ გადაწყვეტილება, რომ ამ პარლამენტში შეკრების საჭიროებაც კი არ იყოს. მხოლოდ სურვილიც კი, რომ პოლიტიკური სურვილებისთვის გამოიყენოთ აღნიშნული გადაწყვეტილება, გარწმუნებთ მწარედ დაგხვდებათ წინ“.

რატი იონათამიშვილი: „როდესაც ვუსმენ ჩვენი ოპონენტების კრიტიკას, მრჩება შთაბეჭდილება, რომ მათ უმეტესობას არც აქვს წაკითხული ეს კანონპროექტი. იმიტომ, რომ საუბრობენ ყველაფერზე, გარდა იმისა, რაც წერია ამ პროექტში. მთავარია, რომ ჩვენი საზოგადოებისთვის, ჩვენი ხალხის და მოქალაქეების ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის იქნება ეს გადაწყვეტილებები უკეთესი და უფრო მეტად დაიცავს სტაბილურობას და იმ ბალანსს, რაც უფრო მნიშვნელოვანია როგორც ჩვენი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის, ასე ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის, რომ ეს ბალანსი იყოს დაცული და ამ პასუხისმგებლობას იზიარებდეს ხელისუფლება. თუ ჩვენ ვისაუბრებთ პარლამენტის როლზე და ზედამხედველობაზე, დიახ, საქართველოს პარლამენტს აქვს ზედამხედველობა როგორც კანონქვემდებარე აქტების მიღების, ასევე შესრულების ნაწილში და ამ ზედამხედველობის ნაწილი არის თუნდაც ინტერპელაციის წესი, რომლის გამოყენების შესაძლებლობა მათ შორის, გააჩნია ოპოზიციასაც. ელემენტარული ცოდნა უნდა ამას საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის და იმ ზედამხედველობის ინსტრუმენტების, რომლებიც დეპუტატებს გაგვაჩნია.”

გიორგი წერეთელი: „თქვენ ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები გააკეთეთ. თქვენ ამბობთ, რომ ამ კანონში დღესაც არის ჩანაწერები, რომლითაც მთავრობას შეუძლია იხელმძღვანელოს და განახორციელოს საკარანტინე ღონისძიებები თუ ამის საჭიროება იქნება, და თუ ეს ასეა რატომ ვითხოვთ დამატებითი უფლებამოსილების მინიჭებას. თუ ვითხოვთ დამატებითი უფლებამოსილებას – არსებობს ასევე, კონსტიტუციური გაწერილი პროცედურა, რომლითაც შეგვიძლია მოვიდეთ პარლამენტში და მთავრობამ მიიღოს თანხმობა ამ საკითხზე. არაფრით არ შეიძლება ისეთი უფლებების შეზღუდვა რაც არის საკუთრების, შრომის, მიმოსვლის – პარლამენტის თანხმობის გარეშე“.

ირაკლი კობახიძე: „ჩვენ გადავსინჯეთ კონსტიტუციის ის თავი, რომელიც ეხება საგანგებო მდგომარეობას და ესეც იყო საფუძველი იმისა, რომ წარმატებით მიგვეღო ზომები პანდემიის წინააღმდეგ. ნებისმიერი სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კონსტიტუციას და პირველ რიგში, მეორე თავის დებულებებს. ადამიანის ძირითადი უფლებების დაცვის მთავარი გარანტი, რომ ის ჭარბად არ შეიზღუდება, არის კონსტიტუციის მეორე თავი. რაც შეეხება საპარლამენტო ზედამხედველობას, ნარჩუნდება ყველა ის ბერკეტი, რომელიც აქვს კონსტიტუციით, რეგლამენტით და სხვა სამართლებრივი აქტებით მინიჭებული საქართველოს პარლამენტს. ყველა ეს მექანიზმი იქნება გამოყენებული იმისათვის, რომ პარლამენტმა განახორციელოს ამ კანონის სათანადო აღსრულების ზედამხედველობა. რაც შეეხება პარლამენტის ჩართულობას აღსრულებაში, პარლამენტს არანაირი უფლება არ აქვს, ჩაერიოს აღსრულებაში. გარდა საგანგებო და საომარი მდგომარეობისა, დაუშვებელია, არსებობდეს შემთხვევა, როცა მთავრობის ნორმატიულ აქტს ამტკიცებდეს პარლამენტის ნორმატიული აქტი. უფლებამოსილებები მკაფიოდ უნდა იყოს გამიჯნული მთავრობასა და პარლამენტს შორის. აქედან გამომდინარე, ეს მოთხოვნაც არის დაუსაბუთებელი. ოპოზიციამ ვერც ერთი რაციონალური არგუმენტი ვერ მოიფიქრა კრიტიკისთვის. ზოგიერთი არგუმენტი კი იყო ღიმილის მომგვრელი, მათ შორის, ოპოზიციის განცხადება, რომ ხელისუფლება ავტოკრატიის ჩამოყალიბებას აპირებს ამ კანონის საფუძველზე. ეს კანონი მოქმედებს მხოლოდ ეპიდემიის პირობებში და არ არსებობს არავითარი რისკი იმისა, რომ უვადოდ იმოქმედოს ამ შეზღუდვებმა. პანდემიის დასრულების შემდეგ აქტუალობას დაკარგავს ის ნორმები, რომელსაც დღეს ვიღებთ. არსებობს თეორიული 3 ვარიანტი: პირველი – საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება, მეორე – ვირუსის „მიშვება“, რომელმაც სავალალო შედეგები მოუტანა მეზობელ ქვეყნებს და მესამე – წარმოდგენილი კანონპროექტის მიღება. მოდით, მოვუწოდოთ ოპოზიციას, აირჩიოს ერთ-ერთი ამ სამიდან. მეოთხე ვარიანტი არ არსებობს. ხვალამდე იფიქრონ, რომელ ვარიანტს აირჩევენ.“

ანრი ოხანაშვილი: „არცერთმა ოპოზიციონერმა კოლეგამ არ გაამახვილა ყურადღება იმაზე, რომ სწორედ ჩვენი რეკომენდაციით ჩაიწერა, რომ ეს არის დროებითი ღონისძიება. მათ სურთ, რომ საზოგადოებაში შექმნან განწყობა თითქოს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ ხდება კანონპროექტის შემოტანა, რომელიც განუსაზღვრელი ვადით, ყოვლად თვითნებურად დაარეგულირებს საკითხებს – ეს არის ტყუილი! საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ერთადერთი მიზანი არის ლეგიტიმური მიზანი – ჩვენი საზოგადოების ჯანმრთელობის დაცვა. აქ იყო საუბარი იმის შესახებ, თითქოს ცვლილებები აბსოლუტურად ყველა უფლებას ზღუდავს, მთავარი განსხვავება საგანგებო მდგომარეობის დროს და ამ კანონპროექტს შორის არის შემდეგი – საგანგებო მდგომარეობის დროს ხდება არა მხოლოდ უფლებების შეზღუდვა, არამედ შეჩერებაც, ამ შემთხვევაში შემოდის ვადა დადებული, დროებითი ღონისძიებები რომლის მიზანიც იქნება არა აბსოლუტური შეზღუდვა, არამედ საგამონაკლისო, დამაზუსტებელი შეზღუდვები. აზრის, სიტყვის, ინფორმაციის, ინტერნეტის თავისუფლება ვერ შეიზღუდება და არც არის წარმოდგენილი ასეთი შეზღუდვა. ასევე, არ არის წარმოდგენილი რწმენის, აღმსარებლობის და ა.შ. შეზღუდვის შესახებ. იმ ყველაფერს რასაც ჩვენ ვისმენთ, სამწუხაროდ, სხვა არაფერია, თუ არა დემაგოგია, ვინაიდან საზოგადოებას ვერ მოვატყუებთ, უნდა ვუთხრათ სიმართლე და ეს სიმართლე მდგომარეობს იმაში, რომ მხოლოდ მინიმალური, თანაზომიერი კრიტერიუმების საფუძველზე ხდება გარკვეულ უფლებებში დროებითი შეზღუდვა და ჩარევა“.

არჩილ თალაკვაძე: „აქ ძირითადად ორი საკითხია. ეს არის კონსტიტუციურ პრინციპებთან შესაბამისობა და ეს არის პარლამენტის ჩართულობის საკითხი ამ მექანიზმების განხორციელებაში. მივესალმები, რომ პრაქტიკულად, არსებობს შეთანხმება კონსტიტუციურობის ტესტთან დაკავშირებით, რომ ეს მკაფიოდ იყოს ასახული კანონპროექტის ტექსტში. რაც შეეხება მეორე საკითხს, კიდევ წინ გვაქვს მოსმენები და ამასთან დაკავშირებით, შეგვიძლია საუბარი გავაგრძელოთ“. პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, ირაკლი კობახიძე ახალი ინიციატივით გამოვიდა და კოლეგებს მიმართა, რომ შემზღუდავი ნორმები გარდამავალ დებულებებში გაწერონ.

„როგორც მოგეხსენებათ, ამ კანონის მიღება არის ერთგვარი სასწრაფო აუცილებლობით ნაკარნახევი. ხვალ უკვე უქმდება საგანგებო მდგომარეობა, თუმცა ჩვენ გვჭირდება შეზღუდვების შენარჩუნება გარკვეული პერიოდით და იდეის დონეზე მინდა შემოვიტანო ასეთი ინიციატივა – მეორე მოსმენამდე, დღესვე განვიხილოთ, რომ ის ნორმები, რომლებიც დგინდება ამ ახალი კანონით, იყოს დროებითი, გაწერილი გარდამავალ დებულებებში. მაგალითად, პირობითად, რომ ავიღოთ 15 ივლისამდე ვადა. 15 ივლისამდე იმედია, რომ იქნება რადიკალურად განსხვავებული ვითარება პანდემიის კუთხითაც, მანამდე საკონსტიტუციო ცვლილებებიც იქნება მიღებული და ამის შემდეგ ეს გარდამავალი დებულებები, ბუნებრივია, დაკარგავს თავის აქტუალობას. ეს არის სპონტანური იდეა და გთავაზობთ დღეს ეს იდეა განვიხილოთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საბოლოოდ, პარლამენტმა „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით, 80 ხმით, 3-ის წინააღმდეგ მიიღეს, რომელშიც გაითვალისწინეს ირაკლი კობახიძის წინადადება.
ის ნორმები, რომლებზეც სხდომაზე იმსჯელეს, გადავა გარდამავალ დებულებებში და გაიწერება „დროებით“, სავარაუდო თარიღად ინიციატივის ავტორის მიერ შეთავაზებულია ივლისის რომელიმე რიცხვი. კონკრეტულ რიცხვზე შეთანხმება მთავრობასთან კონსულტაციების შედეგად მოხდება. პარლამენტმა მხარი დაუჭირა „საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (COVID -19-ის წინააღმდეგ სწრაფი რეაგირების პროექტი)“ რატიფიცირების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტს. კენჭისყრის შედეგად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე ვახტანგ აბაშიძე აირჩიეს. სხდომაზე, კენჭისყრის პროცედურის დასრულების შემდეგ, კანონშემოქმედებითი საქმიანობა განაგრძეს. დღის წესრიგით განსაზღვრული საკითხების ამოწურვის შემდგომ, პარლამენტის პლენარულმა სხდომამ მუშაობა დაასრულა.პარლამენტის მორიგი პლენარული სხდომა ხვალ 12 საათზე გაიმართება, მანამდე კი, 11:30სთ-ზე ბიუროს სხდომა ჩატარდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0