ჩვენ ვსაუბრობთ მხოლოდ იმ პოლიტიკოსებთან, ვინც პატივს სცემს ამ ქვეყნის მომავალს და კონსტიტუციას, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ ოფისში განუცხადა. მისი თქმით, იმ პოლიტიკოსებთან, რომლებიც კონსტიტუციური ჩარჩოებიდან გავიდნენ, დიალოგი არ იქნება.
„ჩვენ ვსაუბრობთ მხოლოდ იმ პოლიტიკოსებთან, რომელიც პატივს სცემს ამ ქვეყნის მომავალს და კონსტიტუციას. მათთან, ვისი ქცევაც იყო პროვოკაციული, რომლებიც მუდამ მოტივირებული არიან, რომ კონსტიტუციური ჩარჩოებიდან გავიდნენ, დიალოგი არ იქნება, მათ კანონი გასცემს შესაბამის პასუხს. ნებისმიერ ადამიანს, რომელიც გავიდა კონსტიტუციური ჩარჩოებიდან, მათ პასუხს გასცემს კანონი. რაც შეეხება კონსულტაციებს, ის გაიმართება ყველასთან. არსებობს შესაბამისი ფორმატი, რომელიც საქართველოს პარლამენტშია შექმნილი. ეს დიალოგი შეეხება ყველას, როგორც პარლამენტში მყოფ პოლიტიკურ ძალებს, ასევე მის გარეთ,“ – განაცხადა ბახტაძემ.
მისი თქმით, იმის შესახებ, რაც ბოლო დღეების განმავლობაში პარლამენტის შენობის წინ ხდებოდა და განსაკუთრებით, 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, პოლიტიკური შეფასება გაკეთებულია, ხოლო სამართლებრივ შეფასებას კანონი გააკეთებს.
„ძალიან მძიმე დღები ჰქონდა საქართველოს. ჩვენთვის ამ მომენტში მთავარია ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა, რადგან დაზარალდნენ ჩვენი მოქალაქეები და ჩვენი პოლიციელები. ამას აუცილებლად მიეცემა თავისი სამართლებრივი შეფასება. პოლიტიკური შეფასება გავაკეთეთ. რაც შეეხება სამართლებრივ შეფასებას: რაც ბოლო დღეების განმავლობაში ვიხილეთ, რა თქმა უნდა, ეს ჩვენი მოქალაქეების პროტესტის გულწრფელი გამოხატულება იყო და მე განვაცხადე, რომ ჩვენი გუნდი და პირადად მე ვართ სოლიდარულები ამ პროტესტში. მაგრამ, რაც საქართველოს პარლამენტში იმ დილას ვიხილეთ, ეს სრულიად მიუღებელი იყო. სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ დავინახეთ, რომ ამ გულწრფელი პროტესტის გამოყენება მოხდა პროვოკაციისთვის და ვიხილეთ, როგორ მიმდინარეობდა ჩვენს პოლიციელებზე ძალადობა და როგორ ცდილობდნენ, ჩვენს პარლამენტში მომხდარიყო შეჭრა, რაც მიუღებელია და ამას არავინ დაუშვებდა. ბუნებრივია, ამ ნაბიჯს მიეცემა სამართლებრივი შეფასება, ისევე, როგორც ეს მოხდება იმ შემთხვევებთან დაკავშირებით, სადაც შეიძლება, ძალის გადამეტებას ჰქონოდა ადგილი. ამ საკითხზე შესაბამისი საქმეც მიმდინარეობს. საქმეები აუცილებლად გამჭვირვალედ წარიმართება, რათა კითხვები არ დატოვოს. ეს არის სამართლებრივი შეფასება“, – განაცხადა ბახტაძემ.