,,რესპუბლიკელები” კოალიციაში რჩებიან და არჩევნებში წარმატების შემთხვევაში ზოგიერთს ისევ მოუწევთ მათი ატანა, – ამის შესახებ ლევან ბერძენიშვილმა განაცხადა.
ბერძენიშვილმა ორპარტიულ თანამშრომლობაზე გაამახვილა ყურადღება, რომელზეც პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა, გუშინ “რესპუბლიკელებისა” და პრემიერის შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
,,ორპარტიული თანამშრომლობა ნიშნავს, რომ ,,რესპუბლიკური პარტია” ერთი მხრივ და ,,ქართული ოცნება” მეორე მხრივ, იმუშავებენ დოკუმენტზე, სადაც შეაჯერებენ ხედვებს და მოაწერენ ხელს იმ შეთანხმებას, რომელიც არის შეთანხმება ნორმალურ, ჩვეულებრივ, წესიერ ქვეყნებში, კოალიციაში შემავალ პარტიებს შორის. სხვა პარტიებსაც შეუძლიათ ჰქონდეთ ასეთი სურვილი, მაგრამ ჩვენ დიდი ხანია ეს სურვილი გამოხატული გვაქვს. გვინდა, რომ ასეთი შეთანხმება გვქონდეს, სადაც ყველაფერი იქნება გაწერილი, ვის რა უფლება აქვს. როგორც პრემიერმა დღეს დაადასტურა, ასეთი საუბარი მართლა იყო. რაც შეეხება სტრატეგიულ შეთანხმებას, ეს არის პარტნიორობის ყველაზე მაღალი ხარისხი. ამიტომ პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა იმას, რომ გავაძლიერებთ პარტნიორობას და არ შევასუსტებთ. ჩვენ ვრჩებით კოალიციაში საარჩევნოდ და წარმატების შემთხვევაში კიდევ მოუწევთ ჩვენი ატანა ზოგიერთს”, – განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.