„ევროკავშირის სტანდარტების მისაღწევად საქართველომ ბოლო წლებში ძალიან დიდი ძალისხმევა გაიღო – როგორც პოლიტიკური ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით. ამ ძალისხმევის შედეგად ჩვენ ძალიან დიდ პროგრესს მივაღწიეთ… 8 ოქტომბერს ქართველები ახალ პარლამენტს ირჩევენ. იქამდე კი ევროპიდან მცირე სიგნალს ველით, რომ საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირში უვიზო მიმოსვლას შეძლებენ“, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ განაცხადა.
საქართველოს ევროკავშირისადმი სწრაფვა არ შეუნელებია, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს საქართველოს ტერიტორიების 1/5 ოკუპირებული აქვს და ინტერესდება, ხომ არ მიივიწყა ევროპამ ეს კონფლიქტი. ჟურნალისტის კითხვაზე მიხეილ ჯანელიძე პასუხობს, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საერთაშორისო მხარდაჭერა კვლავაც თვალშისაცემია. „ევროპამ იცის, რომ ეს ტერიტორიები საქართველოს ეკუთვნის და მომავალშიც ასე იქნება. მაგრამ ჩვენ ისიც გვესმის, რომ აქტუალურ სიტუაციაში ნებისმიერი ცვლილება მხოლოდ მოლაპარაკების გზით შეიძლება მოხდეს და ამ კუთხით გერმანიის მხრიდან ყველა სახის მხარდაჭერისთვის მადლობელი ვართ“, – აღნიშნა მინისტრმა.
როგორ აფასებს მინისტრი იმ ფაქტს, რომ ქართული მხარის მოთხოვნას, ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის მიღების შესახებ, როგორც ევროკავშირში, ისე გერმანიაში ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს. მიხეილ ჯანელიძის განმარტებით, საქართველო მთხოვნელის როლში სულაც არ არის, რადგან არსებობს ევროკავშირსა და საქართველოს შორის მყარი შეთანხმებები და საქართველომ აქამდე ევროკავშირის ყველა მოთხოვნა შეასრულა. „ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ევროპულ სტანდარტებს მივაღწიოთ, უნდა ითქვას, რომ ძალიან წარმატებულადაც. ევროკავშირის სტანდარტების მისაღწევად საქართველომ ბოლო წლებში ძალიან დიდი ძალისხმევა გაიღო – როგორც პოლიტიკური ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით. ამ ძალისხმევის შედეგად ჩვენ ძალიან დიდ პროგრესს მივაღწიეთ, თუმცა, მეორე მხრივ, ჩვენ ველოდებით სიგნალს ევროპიდან: დიახ, თქვენ ევროპას ეკუთვნით. ეს ეხება ასევე ვიზა ლიბერალიზაციის თემას. 8 ოქტომბერს ქართველები ახალ პარლამენტს ირჩევენ. იქამდე კი ევროპიდან მცირე სიგნალს ველით, რომ საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირში უვიზო მიმოსვლას მიიღებენ“, – აცხადებს ჯანელიძე.
საგარეო უწყების ხელმძღვანელი უსაფრთხოების სფეროში გერმანია-საქართველოს წარმატებულ თანამშრომლობაზე საუბრობს და პასუხობს ჟურნალისტის შეკითხვას გერმანიაში ქართველი კრიმინალების მიერ ჩადენილი დანაშაულების შესახებ: „ეს ბრალდება გამუდმებით გვესმის და უსამართლოა, მიუხედავად იმისა, რომ კარგად მესმის გერმანელების შეშფოთება. საქართველოს უსაფრთხოების სტრუქტურები ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობენ გერმანულ სტრუქტურებთან, როგორც ფედერალური კრიმინალური სამსახურის დონეზე, ასევე ფედერალურ მიწებთან. სრულიად ნათელია: არცერთ დანაშაულს არ აქვს გამართლება. აქვე ისიც ნათელია, რომ კრიმინალები მსოფლიოში ყველგან არსებობენ და კრიმინალი ვიზა ლიბერალიზაციაზე არ არის დამოკიდებული“.