ჩვენ ველოდებით ვენეციის კომისიიდან საბოლოო რეკომენდაციებს ოქტომბრის თვეში

08/09/2023

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენლმა, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ჯოზეფ ბორელმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი:”მოგესალმებით, პატივცემულო სტუმრებო, მივესალმები ჩვენს განსაკუთრებულ სტუმარს, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს, ბატონ ჯოზეფ ბორელს. მინდა მას მადლობა გადავუხადო, პირველ რიგში, ჩამობრძანებისთვის. ეს არის ცალსახა გზავნილი, რომ ევროკავშირი დგას საქართველოს და ქართველი ხალხის გვერდით. ჩვენ ამას ძალიან ვაფასებთ. მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ ბორელს, კიდევ ერთხელ. მინდა ასევე აღვნიშნო, რომ, რა თქმა უნდა, ჩვენ გასულ წელს მივიღეთ ევროპული პერსპექტივა, რომელიც იყო ისტორიული გადაწყვეტილება. ამისთვის, კიდევ ერთხელ მინდა გამოვხატო ჩვენი მთავრობის სახელით ჩვენი მადლიერება. ეს ნამდვილად იყო ისტორიული გადაწყვეტილება. ჩვენ ასევე კარგად გვესმის, რომ ევროკავშირში სრულფასოვანი გაწევრიანების პროცესი არის საკმაოდ ხანგრძლივი, შრომატევადი და მოითხოვს გრძელვადიან ვალდებულებებს, დიდ პასუხისმგებლობას. ჩვენ ეს კარგად გვაქვს გააზრებული, გაცნობიერებული. სწორედ ამ მიზნით და ამ სულისკვეთებით ჩვენ დავიწყეთ მუშაობა 12 რეკომენდაციის შესრულებაზე. მას შემდეგ, რაც გადმოგვეცა 12 რეკომენდაცია, ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა, საქართველოს პარლამენტმა, მთავრობასთან და სხვა აქტორებთან ერთად, გასწია უზარმაზარი სამუშაო. მინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, თუ რა სამუშაო იქნა გაწეული ჩვენი მხრიდან. ჩვენ, პირველ რიგში, ვაჩვენეთ ძლიერი ნება, რომ ვართ მზად შევასრულოთ ნაკისრი ვალდებულებები და განვახორციელოთ ევროკომისიის რეკომენდაციები. ჩვენ უზრუნველვყავით აბსოლუტურად გამჭვირვალე და ინკლუზიური პროცესი. ჩვენ თავიდანვე მოვიწვიეთ ყველა დაინტერესებული მხარე, ოპოზიცია, მათ შორის, რადიკალური ოპოზიციაც. ჩვენ კარი გავუღეთ მათ, შეიქმნა სამუშაო ჯგუფები და ყველა დაინტერესებული მხარე იქნა მოწვეული ამ პროცესში. რა თქმა უნდა, სამწუხარო იყო ის ფაქტი, რომ ოპოზიციამ თავიდანვე განაცხადა უარი ამ პროცესში მონაწილეობაზე, უფრო მეტიც, სამწუხაროდ, დაფიქსირდა მათი მხრიდან სისტემატური საბოტაჟისა და დესტრუქციის ფაქტები, რაც, რა თქმა უნდა, არ იყო ძალიან კარგი და, უფრო მეტიც, ვფიქრობ, დამაზიანებელი იყო ამ პროცესისთვის. მაგრამ ამის მიუხედავად, საქართველოს მთავრობამ, მმართველმა პარტიამ, პარლამენტმა გასწიეს უზარმაზარი სამუშაო – 100-ზე მეტი საკანონმდებლო ინიციატივა იქნა მიღებული, შემუშავდა ახალი სტრატეგიები და სამოქმედო გეგმები. ეს ყველაფერი ემსახურება, რა თქმა უნდა, ქვეყანაში დემოკრატიის შემდგომ კონსოლიდაციას, კანონის უზენაესობის შემდგომ განმტკიცებას და საპარლამენტო ზედამხედველობის კიდევ უფრო გაძლიერებას. აქვე მინდა გითხრათ, ბატონო ჯოზეფ, რომ ამ რეკომენდაციების ძირითადი ნაწილი არსებითად შესრულებულია. დარჩენილია რამდენიმე რეკომენდაცია, რომლებზეც ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ. ერთ-ერთი არის დეოლიგარქიზაცია. ჩვენ ამის თაობაზე გვქონდა კონსულტაციები ევროკომისიასთან. მე პირადად მქონდა საუბარი ჩვენს კოლეგებთან. ჩვენ გავითვალისწინეთ მათი რეკომენდაციები, ჩვენ არ მივიღეთ კანონი. ამის ნაცვლად ჩვენ ვმუშაობთ და ერთ-ორ კვირაში მივიღებთ სამოქმედო გეგმას, რომელიც სრულად ასახავს ამ რეკომენდაციის სულისკვეთებას. რაც შეეხება კიდევ ერთ რეკომენდაციას, რომელიც არის პროცესში, – ეს ეხება სასამართლო რეფორმას და მე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ძალიან ბევრი რეფორმა განვახორციელეთ ზოგადად სასამართლო სისტემაში, რომ უფრო ინკლუზიური, გამჭვირვალე, უფრო მეტად ანგარიშვალდებული გამხდარიყო. ბოლო 10 წლის განმავლობაში სასამართლომ განიცადა სრული ტრანსფორმაცია და დღეს სასამართლო არის მართლაც სანიმუშო სისტემა, უნდა ითქვას. ნდობა სასამართლოს მიმართ არის ძალიან მაღალი საქართველოში და, ზოგადად, ევროპული სასამართლოების ნდობის თანაბარი მაჩვენებელი აქვს ჩვენს სასამართლოს. ამას გარდა, ჩვენ ველოდებით ვენეციის კომისიიდან საბოლოო რეკომენდაციებს ოქტომბრის თვეში. ჩვენ მანამდეც გვექნება, რა თქმა უნდა, თქვენთან კონსულტაციები და ამის შემდეგ მოხდება საბოლოო ცვლილებების განხორციელება. რჩება კიდევ ერთი რეკომენდაცია, შეიძლება ითქვას, შეუსრულებელი, რაც არის დეპოლარიზაცია. დამეთანხმებით, რომ ეს არის ძალიან კომპლექსური და რთული საკითხი. ზოგადად, ჩვენ კარგად გვესმის, რომ ნებისმიერი დემოკრატიისთვის დამახასიათებელია განსხვავებული აზრი. ჩვენ ამას ძალიან დიდ პატივს ვცემთ, ჩვენთან არსებობს მრავალპარტიული პარლამენტი, 9 პარტია შევიდა პარლამენტში 2020 წელს, გვაქვს თავისუფალი მედია, ძალიან ძლიერი ოპოზიციური არხები, მედიასაშუალებები და, რა თქმა უნდა, ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რომ პოლარიზაცია შემცირდეს. მაგრამ, რა თქმა უნდა, მხოლოდ ჩვენს ნებასა და სურვილზე არ არის დამოკიდებული ამ საკითხის დარეგულირება. ახლა მთავარი მინდა ვთქვა, ბატონო ჯოზეფ, – ზოგადად, სამწუხაროდ, რასაც დავაკვირდით ჩვენ ბოლო ერთი წლის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც ეს რეკომენდაციები განისაზღვრა, პოლარიზაცია არათუ შემცირდა, არამედ პირიქით, მოიმატა, იმიტომ, რომ საქართველოში მოქმედი რადიკალური ძალები თავისი ბუნებით, თავისი გამოცდილებით, მე ვგულისხმობ წინა ხელისუფლების პარტიას, ყველაზე ანტიევროპული ძალები, ცდილობენ საბოტაჟი მოუწყონ ამ პროცესს და სწორედ მათთვის არის ერთ-ერთი, ასე ვთქვათ, მთავარი სასპეკულაციო საგანი სწორედ ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება. ამას იყენებენ რადიკალური ძალები იმისთვის, რომ მოახდინონ დესტაბილიზაცია ქვეყანაში, რომ ქვეყანამ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ამიტომ, მე ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ საქართველოს ხელისუფლება, მართველი პარტია აბსოლუტურად მზად იყო, არის და იქნება მომავალშიც, რომ ვითანამშრომლოთ ყველა პოლიტიკურ ოპოზიციურ ძალასთან, მათ შორის, რომ საერთო-ეროვნული იდეა განხორციელდეს და საქართველო კიდევ უფრო მეტად დაუკავშირდეს ევროკავშირს, რომ ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი და, რა თქმა უნდა, ამავე დროს, ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტი არის მშვიდობის, სტაბილურობის შენარჩუნება და კეთილდღეობის უზრუნველყოფა ჩვენი ხალხისთვის. აქვე მინდა კიდევ ერთხელ შევახსენო ჩვენს მეგობრებს, რომ ბოლო 10 წელიწადში ჩვენმა ხელისუფლებამ განახორციელა მნიშვნელოვანი და, რაც მთავარია, ხელშესახები რეფორმები. თუ ვინმემ, რომელიმე პოლიტიკურმა ძალამ საქართველოში მიაღწია კონკრეტულ შედეგს ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე, ეს არის „ქართული ოცნება”, მმართველი პარტია. ჩვენ გავაფორმეთ ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო რეჟიმი, შარშან მივიღეთ ევროპული პერსპექტივა და მე მჯერა, და ჩვენ იმედი გვინდა გამოვთქვათ, რომ ოქტომბერში ევროკომისია დადებითი რეკომენდაციით მიმართავს საბჭოს და წლის ბოლოს ქვეყანა მიიღებს კანდიდატის სტატუსს. ჩვენ კარგად გვესმის ის რთული გეოპოლიტიკური ვითარება, რომელშიც დღეს ვიმყოფებით. ალბათ ასეთი გამოწვევის წინაშე არა მხოლოდ ჩვენი რეგიონი და ჩვენი ქვეყანა, არამედ მთლიანად ევროპა, ევროპის კონტინენტი არ ყოფილა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. რუსეთის შეჭრამ უკრაინაში, აგრესიამ და ომმა, რომელიც მიმდინარეობს და რომელიც არ ჩერდება, შეცვალა მთელი მსოფლოს დღის წესრიგი. იცვლება საერთაშორისო წესებზე დაფუძნებული წესრიგი, რაც, რა თქმა უნდა, არის დიდი გამოწვევა ჩვენი ქვეყნისთვისაც, ვინაიდან მით უმეტეს ჩვენი ქვეყანა, და მე ამის მჯერა, რომ თქვენ ეს კარგად გესმით და ჩვენს ევროპელ მეგობრებს, განსაკუთრებულ მდგომარეობაშია. მე არ მოვერიდები იმის თქმას, რომ ჩვენ სპეციფიკურ მდგომარეობაში ვიმყოფებით, ვინაიდან ჩვენი ქვეყნის 20% დღესაც ოკუპირებულია და ჩვენს ტერიტორიაზე დგას რუსული საოკუპაციო ჯარები. პირველი ომი ჩვენ გადავიტანეთ 2008 წელს, ეს იყო დამანგრეველი ომი, რომელმაც ასობით ჩვენი თანამოქალაქის სიცოცხლე შეიწირა – ჩვენი ჯარისკაცები, ჩვენი პოლიციელები, სამოქალაქო პირები. ჩვენ ეს მძიმე ფასი გვაქვს გადახდილი. ამას გარდა, მე მინდა შეგახსენოთ, ძვირფასო მეგობრებო, ჩვენი თანამონაწილეობა ზოგადად მსოფლიოში მშვიდობის დამყარების პროცესში. საქართველო იყო ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე, საიმედო და სანდო პარტნიორი ნატოს მისიებისთვის, ავღანეთში, ერაყში, ასევე ევროკავშირის ეგიდით გამართულ მისიებში ცენტრალურ აფრიკაში. ჩვენ ყველგან მოვახდინეთ დემონსტრირება იმისა, რომ ჩვენ არ ვითხოვთ მხოლოდ დახმარებას, არამედ ჩვენ თავად ვართ მონაწილე და შეგვაქვს კონტრიბუცია საერთო მიზნების მისაღწევად. ასევე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ შესრულებული გვაქვს ასოცირების შეთანხმებით აღებული ვალდებულებების 55%- ზე მეტი და თავისუფალი ვაჭრობის 60%- ზე მეტი. ამ პროცესს მე თავად ვხელმძღვანელობ. გვაქვს ევროინტეგრაციის უწყებათაშორისი საბჭო, რომელსაც მე ვხელმძღვანელობ და ვუწევთ კოორდინაციას ამ პროცესს. მე ასევე ღიად ვესაუბრე ბატონ ბორელს და მის დელეგაციას, გადავეცი ჩვენი ხელისუფლების პოზიცია, რომ საქართველო და ქართველი ხალხი იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. ჩვენ არ ვამბობთ, რომ ვართ იდეალური, არც ერთი მთავრობა და არც ერთი ქვეყანა არ არის იდეალური. ეს არის მუდმივი პროცესი, მუდმივი ჩართულობაა საჭირო. როგორც მე აღვნიშნე, 12 რეკომენდაციიდან ძირითადი ნაწილი არის შესრულებული. დარჩენილზე მე უკვე მოგახსენეთ. ეს არის პროცესი, რომელზეც ჩვენ მზად ვართ, რომ გავაგრძელოთ თქვენთან მუშაობა, თქვენს ოფისთან, ევროკომისიასთან, და კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ყველამ ამ ქვეყანაში, რა თქმა უნდა, მმართველმა პარტიამ, ხელისუფლებამ, ასევე პრეზიდენტმაც, ოპოზიციამაც, ყველამ უნდა თქვას ხმამაღლა და მკაფიოდ, რომ საქართველოს უნდა მიეცეს კანდიდატის სტატუსი წლის ბოლოს, ვინაიდან ეს არის ერთადერთი სწორი, ისტორიული, მე ვიტყოდი, პოლიტიკური გადაწყვეტილება. კიდევ ერთხელ მადლობას მოვახსენებ ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს და გთხოვთ, სიტყვა გეძლევათ თქვენ. საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი

„დიდი მადლობა, ბატონო პრემიერ-მინისტრო! მოგესალმებით ყველას! ბატონო პრემიერო, მე ძალიან მიხარია, რომ საქართველოში ვიმყოფები. წინა ჯერზე საქართველოში 16 წლის წინ ჩამოვედი. ეს იყო ომამდე პერიოდი და ნამდვილად მიხარია, როგორ შეიცვალა ქვეყანა მას შემდეგ, აბსოლუტურად შეცვლილია, და ძალიან მიხარია, რომ ამ პასუხისმგებლობით ვარ ჩამოსული და ამას გამოვხატავ თქვენ მიმართ და შეხვედრაზეც ვახსენე თქვენთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან, ვისაც შევხვდი უკვე დღეს, და ასევე დღის განმავლობაში მექნება შეხვედრა ქალბატონ პრეზიდენტთან და მასაც ვეტყვი. სანამ ძირითად თემატიკაზე გადავალ, ნება მიბოძეთ, გამოვხატო ჩემი გულისტკივილი, გურიაში გარდაიცვალა ბავშვი ამ მეწყრის გამო დღეს, და ეს ძალიან მტკივნეულია. სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ მაშველებს და იმედი მაქვს, რომ დაკარგულებს ჯანმრთელს ვიპოვით. სამი ძირითადი გზავნილი მაქვს თქვენთან და ქართველ ხალხთან ჩემი ვიზიტის პროცესში. პირველი გზავნილი ის გახლავთ, რომ უეჭველია, საქართველო მიეკუთვნება ევროპულ ოჯახს. მინდოდა ჩამოვსულიყავი საქართველოში და ჩამომეტანა ეს გზავნილი, პირადად ჩამომეტანა ქართველი ხალხისთვის. როდესაც ჩამოვედი ქვეყანაში, დავინახე ასეთი ძლიერი სულისკვეთება ქართველი ხალხის, 80% მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანებას. ეს შთამბეჭდავი რიცხვია, მაგრამ ეს არა მარტო რიცხვია. მე ძალიან მიხარია, რომ ვხედავ, რომ ბევრი ევროპული დროშა ფრიალებს საქართველოსა და თბილისის ქუჩებში და, უნდა ვთქვა, რომ კიდევ უფრო მეტია, ვიდრე ბრიუსელში. ბატონო პრემიერო, თქვენ ნამდვილად ბრძანეთ და გავიგეთ, რომ კანდიდატის სტატუსი უნდა მიენიჭოს ქვეყანას. ბოლო თვეების განმავლობაში ჩვენ ვუსმენთ ხელისუფლებას, ოპოზიციას, სამოქალაქო სექტორს, ყველას, და ასევე ყველა პოლიტიკური ძალა უნდა გაერთიანდეს და კონსტრუქციულად მუშაობდეს ამ პროცესში. ამაზე მქონდა საუბარი პარლამენტის წევრებთან. უმრავლესობა უნდა იყოს ინკლუზიური, ხოლო უმცირესობას უნდა ჰქონდეს თანამშრომლური სულისკვეთება. ეს არის ერთობლივი ძალისხმევა. რაც შეეხება მთავრობას და მმართველ ძალას, ისეთი გარემო უნდა შეიქმნას ქვეყანაში, სადაც ასეთი თანამშრომლობა შესაძლებელი გახდება. ამ ეტაპზე ყველა ძალისხმევა უნდა იყოს აქცენტირებული იმაზე, რომ პოლიტიკური დაძაბულობა შემცირდეს. ეს პოლიტიკური და ისტორიული შანსი არ უნდა იქნეს დაკარგული და ამისათვის ერთად უნდა იმუშაოთ, იმიტომ, რომ შემდეგი ნაბიჯები ევროპეიზაციის გზაზე დამოკიდებული იქნება დამსახურებაზე და მიღწეულ შედეგზე. შედეგი კი, მიღწეული იქნება გაერთიანებული ძალისხმევის საფუძველზე, ყველა ძალის გაერთიანების შედეგად. ამოცანები არის კარგად და მკაფიოდ გაწერილი 12 პრიორიტეტის სახით და ჩვენ უკვე განვაცხადეთ ეს ევროკომისიის დასკვნაში. ივნისის შემდეგ თქვენ შეასრულეთ 3 მათგანი და დანარჩენი 9 პროცესშია. თუმცა, დრო მაინც გვაქვს მათ შესასრულებლად. უპირველეს ყოვლისა, უნდა მოხდეს დეპოლარიზაცია პოლიტიკური ლანდშაფტის, დეოლიგარქიზაცია ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური სფეროების, სასამართლო სისტემის რეფორმა, საარჩევნო სისტემის რეფორმა, მედიის პლურალიზმი და ადამიანის უფლებები. მოკლე გზა ამის მისაღწევად არ არსებობს. გაწევრიანებას სჭირდება ძალიან დიდი, გულდასმით მუშაობა, პოლიტიკური ნება და მკაფიო ერთგულება ევროკავშირის ღირებულებებისადმი. ჩემი გამოცდილებით მინდა გითხრათ, რომ ეს მუშაობა ნამდვილად ღირს შედეგად, არა მარტო იმისათვის, რომ ევროკავშირის წევრი გახდეთ, არამედ ყოველდღიურობა რომ გაუუმჯობესოთ თქვენს მოქალაქეებს. ევროკავშირის წევრობა არის ყველაზე დიდი ტრანსფორმაციული ძალა და უსაფრთხოების ვალდებულება, რაც შეიძლება ქვეყანამ აიღოს. მე ჩემი ქვეყნის მაგალითზე ვამბობ ამ ყველაფერს, – ყველაზე ძლიერი ტრანსფორმაციული ძალა!
ბატონო პრემიერ-მინისტრო, ნება მიბოძეთ, დავამატო ერთი რამ, – რაც შეეხება პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს. ეს არის რისკი, რაც კიდევ უფრო დაძაბავს სიტუაციას და გაზრდის პოლარიზაციას. ყველა ინსტიტუტი უნდა მუშაობდეს ერთად და ძლიერად უნდა უჭერდეს მხარს ქვეყანას ევროპულ გზაზე. საქართველოს აქვს იმის პოტენციალი, რომ წარმატებული იყოს ამ პროცესში. თქვენ გყავთ ძლიერი ადმინისტრაცია, თქვენ გყავთ ცოცხალი სამოქალაქო სექტორი და წარმატებისთვის გჭირდებათ თანამშრომლობა აი, ამ ისტორიულ მომენტში. მეორე გზავნილი უკავშირდება რუსეთის აგრესიას უკრაინაში. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას და გავაგრძელებთ ამ პროცესს, სანამ საჭიროა, და მკაფიოდ დავგმობთ მოძალადეს, ხოლო საქართველოს მხარს დავუჭერთ ამ პროცესში ქვეყნის მხარდაჭერაში. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ყველაზე მჭიდრო პარტნიორები კოორდინირებულად მუშაობდნენ საერთაშორისო დონეზე, რომ რუსეთი იქნეს იზოლირებული, და დიდად მივესალმებით იმ მჭიდრო თანამშრომლობას, რომელიც სანქციების გვერდის ავლის წინააღმდეგ არის მიმართული ქვეყანაში. მნიშვნელოვანია, რომ მკაფიოდ ითქვას და აღიარებულ იქნეს ის ფაქტი, რომ ბევრი რამ გაკეთდა ამ მიმართულებით. ასევე უნდა ვთქვა, რომ ჩვენ ძალიან ვწუხვართ, რომ ფრენები აღდგა საქართველოსა და რუსეთს შორის. ეს საკითხო უკავშირდება საქართველოს საგარეო პოლიტიკის მიმართებას ჩვენს პოლიტიკასთან. საქართველომ ასოცირების შეთანხმების ფარგლებში აიღო ამის ვალდებულება და ევროკავშირის წევრობის მსურველი ქვეყნებისგან ველით თანხვედრას. ამ ეტაპზე ნამდვილად ბევრი მიმართულება არის გასაუმჯობესებელი. ჩვენ გვჭირდება რუსეთის ჰიბრიდული საქმიანობის აღკვეთა, ეს საომარი პროპაგანდა და სხვა ინიციატივები. ზუსტად ამისთვის ევროკავშირში აქცენტი კეთდება დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებაზე საქართველოში, მედეგობის გამყარებაზე, ინფორმაციით მანიპულირებაზე, მათ შორის, დეზინფორმაციასთან ბრძოლაზე, და ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ცოცხალი დემოკრატიული სისტემა არსებობდეს ქვეყანაში და იყოს სამართლიანი ინფორმაცია. ინფორმაციის მიწოდება არის აპრიორი მნიშვნელოვანი ამ დემოკრატიულ პროცესში. ბატონო პრემიერ-მინისტრო, ჩემი მესამე გზავნილი ეხება ურყევ მხარდაჭერას საქართველოს უსაფრთხოების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. დღეს ჩვენ მიერ ნაკისრი ვალდებულება ამ მიმართულებით ისეთივე ძლიერია, როგორც ოდესმე ყოფილა, თან უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე. გავაგრძელებთ საქართველოს გვერდით დგომას და ეს არ არის უბრალოდ სიტყვები. ჩვენ ამას ვამტკიცებთ კონკრეტული მოქმედებებითა და ინვესტიციებით. ჩვენ გვყავს სპეციალური წარმომადგენელი რეგიონში და ევროკავშირის მონიტორინგის მისია, რომელიც ქვეყანაში უკვე 15 წელია მუშაობს. ამ 15 წლის განმავლობაში მისია ყოველდღიურად ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს სტაბილურობის უზრუნველყოფაში და დაძაბულობის შემცირებაში. პირადად მექნება შესაძლებლობა ჩავიდე და ვნახო ადგილზე სიტუაცია და ამ მისიის ოფისსაც ვეწვიო. დაბოლოს, მე ასევე მიხარია, რომ იზრდება ჩვენი მზარდი თანამშრომლობა თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებით. თქვენ მნიშვნელოვანი წვლილი გაქვთ შეტანილი მსოფლიოში ამ მიმართულებით. თქვენ მხარეს ვართ, რომ თავდაცვის ძალები გაძლიერდეს ქვეყანაში ევროკავშირის მშვიდობიანი ინიციატივის ფარგლებში, ამისთვის 62 მილიონი არის დაფინანსების სახით გამოყოფილი არალეტალური იარაღით უზრუნველყოფის ნაწილში. ეს გადამწყვეტია სწრაფი რეაგირებისთვის და სიცოცხლის გადარჩენისთვის. ამას და მეტს აპრილში და მომდევნო თვეებში მიიღებთ. ბატონო პრემიერ-მინისტრო და საქართველოს მოქალაქეებო, მე ვასრულებ ჩემს გამოსვლას და მინდა იცოდეთ, რომ საქართველოს ყოველთვის შეუძლიათ ჰქონდეს ევროკავშირის მხარდაჭერის იმედი. ჩვენ გვინდა, რომ საქართველომ წარმატებას მიაღწიოს ევროპეიზაციის გზაზე, ჩვენ გვინდა, რომ თქვენ გაიმარჯვოთ და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ, რაც შეგვეძლება.

კითხვა: საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი, ანა ბროლაძე:
-ბატონო ბორელ, კეთილი იყოს თქვენი ჩამობრძანება ევროპული პერსპექტივის მქონე საქართველოში და იმედია, დაბრუნდებით კანდიდატ საქართველოში. სწორედ სტატუსს ეხება ჩემი შეკითხვაც, რადგან ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური დისკუსიების თემა ბოლო ერთი წლის განმავლობაში საქართველოში, და გკითხავთ, როდესაც საუბრობთ, რომ ელით რეფორმებს, 9 ნაწილობრივ შესრულებულად ჩათვალა კომისიამ ზეპირი შუალედური ანგარიშის მიხედვით, და რა არის მიმართულებები, სადაც გინდათ დაინახოთ უფრო მეტი პოლიტიკური პროგრესი, და როდესაც იმედს გამოთქვამთ, რომ პოლიტიკური სპექტრი შეძლებს ერთობლივად მუშაობას, რამდენად არის მოლოდინი, რომ ეს მოხერხდება იმის ფონზე, რომ დრო დარჩენილია იმაზე მცირე, ვიდრე იყო გასული ერთი წლის განმავლობაში, როდესაც პოლიტიკურმა სპექტრმა ვერ შეძლო ერთად მუშაობა, და ბატონო ირაკლი, ღია გზავნილებისა და კარს მიღმა მოსმენილი დისკუსიის შემდეგ, როგორი არის საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოლიტიკური პროგნოზი ოქტომბრის თვეში, როდესაც მოვისმენთ ევროკავშირის მხრიდან რეკომენდაციას, გასცემს თუ არა კომისია რეკომენდაციას კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე?

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბორელი:
-მე მგონი, უკვე განვმარტე, რომ ჯამში 12 პრიორიტეტი გვაქვს. ყველა მნიშვნელოვანია, თორმეტივე, და ეხება იმ არსებით რეფორმებს, რომლებიც უნდა განხორციელდეს ქვეყანაში, არა ბრიუსელისთვის, არამედ იმისთვის, რომ გაუმჯობესდეს უწყებების მუშაობა, დემოკრატია და ხალხის ყოფა. მე ეს ყველაფერი ვახსენე. მიმაჩნია, რომ არის დრო და არის ძალისხმევა გასაწევი. თქვენ იცით, რომ ეს პროცესია. ევროკომისია გამოაქვეყნებს უკვე გაფართოების შესახებ დასკვნას. მასში იქნება ქვეყნების შესახებ ანგარიში, ყოველ ანგარიშში იქნება სტატუსი მიღწეული შედეგისა და პროგრესის, იქვე იქნება რეკომენდაციები შემდგომი ეტაპისთვის. ყველა წევრი სახელმწიფო ამ ქვეყნებს მისცემს რეკომენდაციებს და წლის ბოლოს წევრი სახელმწიფოები მიიღებენ საბოლოო გადაწყვეტილებას. გიდასტურებთ, რომ, ჩემი აზრით, ნამდვილად შესაძლებელია წარმატების მიღწევა ამ პერიოდში. მოლოდინი გვაქვს მხოლოდ და მხოლოდ დადებითი, იმიტომ, რომ სრულად ვარ დარწმუნებული, რომ ყველა ძალისხმევას გასწევთ ამ კრიტერიუმების დასაკმაყოფილებლად.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი:
-ჩვენი გუნდი ფიქრობს, რომ ჩვენი მხრიდან გაკეთდა მაქსიმუმი, რისი გაკეთებაც იყო შესაძლებელი ამ მოკლე პერიოდში. ჩვენ მოვისმინეთ შეფასება, რომ სამი რეკომენდაცია არის სრულად შესრულებული და დანარჩენზე განსხვავებული მოსაზრებები არსებობს ჩვენი მხრიდან. ამაში გვაქვს განსხვავებული მიდგომა. არსებობს მოსაზრება, რომ ცხრა რეკომენდაცია არის ნაწილობრივ შესრულები, რამდენიმე არის დარჩენილი, რაც მე ვისაუბრე. ძირითადად მე გამოვყოფდი 3 რეკომენდაციას, რომელზეც მიმდინარეობს აქტიური მუშაობა ახლა. ეს არის დეპოლარიზაცია, მაგრამ აქ გვჭირდება, რა თქმა უნდა, ოპოზიციის ჩართულობა. მეორე, ეს არის დეოლიგარქიზაცია, ამაზე ჩვენ ძალიან მალე, ერთ-ორ კვირაში დავასრულებთ მუშაობას და წარვადგენთ სამოქმედო გეგმას, ხედვას, როგორი უნდა იყოს ამ საკითხის დარეგულირება, როგორ უნდა დარეგულირდეს ეს საკითხი ჩვენს ქვეყანაში და მესამე, ეს არის სასამართლო რეფორმა, რაზეც მე ვრცლად ვისაუბრე, ძალიან ბევრი რამ შესრულდა, ველოდებით რეკომენდაციებს ვენეციის კომისიიდან. ამის შემდეგ მოხდება ამ რეკომენდაციის სრულად შესრულებაც. რაც შეეხება ჩემს პროგნოზს. თქვენი კითხვა იყო, თუ როგორი განცდა დამრჩა ამ საუბრებიდან. მე, რა თქმა უნდა, არ მინდა მოვლენებს გავუსწრო და არ მინდა ჩემი მოლოდინები საჯაროდ გითხრათ ახლა, გაგიზიაროთ. მე ვისურვებდი, რომ დაველოდოთ ჩვენ ერთად. მინდა კიდევ ერთხელ იმედი გამოვთქვა, რომ ევროკომისია მიიღებს ერთადერთ სწორ და სამართლიან გადაწყვეტილებას, ჩვენ სხვას არაფერს არ ვითხოვთ. ჩვენს არასდროს არ მოგვითხოვია იმაზე მეტი, რასაც ვიმსახურებთ. ჩვენ ვითხოვთ სამართლიან მოპყრობას.
შარშან, რა თქმა უნდა, როდესაც მიიღო სტატუსი მოლდოვამ და უკრაინამ ბონუსად, მე ასე ვიტყოდი, მე ამას ვეძახი ბონუსს, ვინაიდან ჩვენ, კარგად ვიცით ჩვენს მეგობარ სახელმწიფოებში არსებული მდგომარეობა, სიტუაცია. ჩვენ, რა თქმა უნდა, არავის არ ვედრებით, მხოლოდ გვიხარია მათი წარმატება. მე ახლაც მინდა დავადასტურო ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ, უკრაინელი ხალხის მიმართ, მოლდოვის მიმართ, მაგრამ მათ მიეცათ ავანსად სტატუსი და უთხრეს, რომ თქვენ უნდა შეასრულოთ ვალდებულებები, რეკომენდაციები. ჩვენს შემთხვევაში იყო პირიქით, გვითხრეს, რომ ჯერ უნდა შეასრულოთ ვალდებულებები და მერე მოგცემთ ამ ავანსს, თუ, ასე ვთქვათ, სტატუსს. რა თქმა უნდა, ეს ჩვენთვის იყო საკმაოდ სამწუხარო. ვფიქრობთ, ეს იყო უსამართლო, იმიტომ, რომ საქართველომ ძალიან ბევრი რამ გააკეთა, განსაკუთრებით, ბოლო 10 წელიწადში და ჩვენ ყოველთვის ვიყავით და ვართ დღესაც ასოცირებული ტრიოს ქვეყნებს შორის მოწინავე ქვეყანა იგივე მედიათავისუფლების მიმართულებით, ადამიანის უფლებების მიმართულებით, ანტიკორუფციული პოლიტიკა, სასამართლოს რეფორმა, ეკონომიკის განვითარება, ყველა მიმართულებით სოციალური პოლიტიკა, თუ იგივე მთავრობის გამჭვირვალობა, ჩვენ ყველა პარამეტრით ვართ მოწინავე ადგილზე. ამიტომ, კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ დღეს არსებულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, მით უმეტეს, და განსაკუთრებით მინდა მძაფრად აღვნიშნო არსებული სიტუაცია, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ევროკომისია სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს და ქვეყანას წაახალისებს, ქართველ ხალხს დაუფასებს და ჩვენს მთავრობას და ჩვენს ხელისუფლებას, მთლიანად ყველას იმ ერთგულებას, რომელიც ჩვენ გამოვიჩინეთ ბოლო წლების განმავლობაში ჩვენი საქმით და ჩვენი ძალიან მტკიცე მოწოდებით, რომ ქვეყანა კიდევ უფრო მეტად დავაახლოოთ ევროკავშირს. ეს არის ჩემი პასუხი. რა თქმა უნდა, მე სხვა პროგნოზებზე არ მინდა საუბარი. იმედი მინდა გამოვთქვა, რომ ოქტომბერში იქნება პოზიტიური რეკომენდაცია იმის თაობაზე, რომ საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი.

კითხვა – სოფო ბერიძე, ტელეკომპანია „იმედი”.
-მე მაქვს კითხვა ბატონ ბორელთან, ასევე, ბატონო ირაკლი, თქვენთან 12 რეკომენდაციასთან დაკავშირებით, და პირველი პუნქტი, რომელზეც საქართველოში ყველა აღიარებს, რომ ეს ყველაზე რთული პუნქტი გამოდგა – დეპოლარიზაცია. მმართველი პარტიის არგუმენტია, რომ ამას მხოლოდ ხელისუფლება ვერ შეძლებდა. თქვენ, ალბათ, იცით ის, რომ ქვეყანაში პოლარიზაცია კიდევ უფრო გაღრმავდა მას შემდეგ, რაც გასული წლის ზაფხულში ჩვენმა ქვეყანამ ვერ მიიღო კანდიდატის სტატუსი. თუ განმეორდება იგივე სცენარი და თუ, მაგალითად, დეკემბერში საქართველო ისევ დარჩება კანდიდატის სტატუსის გარეშე, როგორ ფიქრობთ, ეს ქვეყანაში გააღრმავებს თუ არა პოლიტიკურ პოლარიზაციას, როგორი არის თქვენი პროგნოზი ამ მიმართულებით?

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბორელი:
-დეპოლარიზაცია თქვენი შიდაპოლიტიკური ლანდშაფტის საკითხია, რისი გადაწყვეტაც მხოლოდ ქართველებს შეუძლიათ. არის საკითხები, სადაც გავლენის მოხდენა შეგვიძლია, მაგალითად, ეკონომიკური საკითხები, მაგრამ პოლიტიკური ცხოვრების პოლარიზაცია თქვენი მოსაგვარებელი სფერო და პრეროგატივაა. ამ საკითხზე საუბარში შესვლაც კი, ქვეყნის შიდა საკითხებში ჩარევა იქნებოდა. ამის გაკეთება არ მინდა. თქვენ უნდა მოახერხოთ გაერთიანება. პირადად მე ვიცი, რომ დემოკრატია გულისხმობს განსხვავებულ მიდგომებს, განსხვავებულ გადაწყვეტებს. ეს არის პროცესი, რომელშიც ოპოზიცია აკრიტიკებს მთავრობას, მთავრობა კი, რეაგირებს ოპოზიციის კრიტიკაზე. ეს ყველა ქვეყანაში ასეა. ყველა დემოკრატიული პროცესი ასე ხასიათდება, მაგრამ როდესაც კრიტიკა ზღვარგადასული ხდება, როდესაც არ არსებობს თანამშრომლობა, როდესაც არ არსებობს ინკლუზიურობა, როდესაც პოლიტიკური დებატების ხარისხი ვერ შეაძლებინებს მხარეებს თანამშრომლობას და ეროვნული ძალისხმევა და სულისკვეთება მასში არ აისახება, მაშინ ეს აზიანებს პროცესს. ჩემი მოწოდება ყველასადმი არის ასეთი, – აქციეთ ეს საკითხი ეროვნულ ძალისხმევად. უმრავლესობა უნდა იყოს ინკლუზიური, უმცირესობა კი, – თანამშრომლობის სულისკვეთების მქონე. ჩემი ბერკეტი ამ შემთხვევაში მინიმალურია. ეს ყველაფერი თქვენზეა და პოლიტიკურ ძალებზე.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი:
-მიმაჩნია, რომ პოლარიზაცია არათუ შემცირდა მოყოლებული შარშანდელი გადაწყვეტილებიდან, როდესაც არ მიეცა სტატუსი საქართველოს, არამედ, კიდევ უფრო მეტად გაღრმავდა. მე ეს ავხსენი ვრცლად ჩემს სიტყვაში, რომ ყველაზე ანტიევროპული ძალები, რადიკალური ძალები იყენებენ ამ საკითხს უფრო მეტი პოლარიზაციისთვის, პოლარიზაციის გაღრმავებისთვის, ის ძალები, რომელთაც არაფერი გაუკეთებიათ რეალური, ხელშესახები ჩვენი ქვეყნის ევროპეიზაციისთვის. ამიტომ, რა თქმა უნდა, ძალიან მარტივი ასახსნელია და ლოგიკური იქნებოდა გვეთქვა, რომ სტატუსის არმოცემის შემთხვევაში პოლარიზაცია კიდევ უფრო მეტად გაღრმავდება. ამიტომ, თუ ჩვენს, და მე მინდა ჩემი ღრმა იმედი გამოვთქვა, ჩვენს ევროპელ მეგობრებს სურთ ნამდვილად პოლარიზაციის დასრულება საქართველოში, მაშინ ქვეყანამ წლის ბოლოს ყველა ამ ფაქტორის, გარემოების გათვალისწინებით, რაც არის გეოპოლიტიკა, ქვეყანაში განხორციელებული რეფორმები და ა.შ., უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ეს, როგორც მინიმუმ, გაანახევრებს პოლარიზაციის ხარისხს. ეს არის ჩემი გულწრფელი პასუხი და შეფასება.

კითხვა: მთავარი არხი – თათია წოწონავა:
-დიდი მადლობა ამ ვიზიტისთვის და შესაძლებლობისთვის. ჩემი კითხვა იქნება ბატონ ბორელთან. მე მინდა გკითხოთ იმ მაჩვენებელზე, რომელიც აქვს საქართველოს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან და უსაფრთხოებასთან თანხვედრაში, – ეს არის 43%. წელს, ყოველ შემთხვევაში, ეს მაჩვენებელი აქვს ჩვენს ქვეყანას. მინდა გაგახსენოთ ხელისუფლების ის პოლიტიკური ნაბიჯები, რომლებიც გადადგა მმართველმა გუნდმა მას შემდეგ, რაც ჩვენი ქვეყნისთვის უპრეცედენტო შესაძლებლობის ფანჯარა გაიხსნა ამ დიდი გეოპოლიტიკური ცვლილებების შედეგად, და ამაზე თქვენც საუბრობთ უკვე ორი დღეა. მანამ, სანამ ჩვენ ველოდებოდით შარშან ივნისში კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას, ხელისუფლებამ დაახლოებით 1 თვით ადრე დააკავა ყველაზე დიდი დამოუკიდებელი მედიის დამფუძნებელი აბსურდული ბრალდებით. ამის შემდეგ, როდესაც საქართველო გამოეთიშა ასოცირებულ ტრიოს, უფრო სწორად, მივიღეთ უფრო ნაკლები, ვიდრე უკრაინამ და მოლდოვამ, ევროპული პერსპექტივა, იყო დასავლეთის მხარდამჭერი აქციები საქართველოში, ხელისუფლება მუდმივად ცდილობდა ამ აქციის მონაწილეების დისკრედიტაციას. ამის შემდეგ, რუსულ კანონად წოდებული კანონპროექტი, ასევე, მუდმივი თავდასხმა ჩვენს დასავლელ პარტნიორებზე, ომში ჩართვის მცდელობაში დადანაშაულება, ასევე რუსეთთან პირდაპირი ფრენების გახსნა, სანქცირებული პირების საქართველოში შემოშვება და ახლა, სულ ბოლოს, უკვე პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი, რაზეც თქვენც ისაუბრეთ. ამ ყველაფრის გათვალისწინებით მინდა გკითხოთ, ვინ იქნება პასუხისმგებელი, თუ საქართველო დაკარგავს ამ შესაძლებლობას, რომელიც აქვს მოცემული ამ ფანჯრით.

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბორელი:
-მე გავიგე, რომ თქვენ მეკითხებოდით მრავალ ფაქტორზე საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების მიმართულების მიღმა, რაც უკავშირდება კონკრეტულ შემთხვევებს, რომლებიც საქართველოში მოხდა და რაზეც მე პირადად პასუხს ვერ გაგცემთ. ასევე, თქვენ ბრძანეთ ეგრეთ წოდებული მეორე ფრონტის გახსნის თაობაზე. ამაზე პასუხი მარტივია. ეს არის ხმაური, პროპაგანდა, დეზინფორმაცია. შეშლილობა იქნება, რომ ევროკავშირში ვინმემ იფიქროს, რომ საქართველოში ვინმეს ომი უნდა უკრაინაში რუსეთის ომის პარალელურად. არ მოუსმინოთ. მე ძალიან ვწუხვარ, რომ ასეთი მცდარი ხმები ვრცელდება, იმიტომ, რომ ეს ქმნის პრობლემას. ხალხის მოსაწამლად ხდება ეს ყველაფერი, რომ გზავნილები შეილახოს, რომ უნდობლობა წარმოიქმნას ქვეყანაში. რუსული პროპაგანდა ძალიან ინტენსიურია და ასეთი მიმართულებით თავი გამოიჩინეს მთელ მსოფლიოში. რაც შეეხება თანხვედრას ჩვენს პოლიტიკასთან, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა კარგად იციან, რომ ამ მიმართულებით კონსენსუსისა და ერთსულოვნების პრინციპით ვმუშაობთ. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ერთიანი მიდგომა გვქონდეს, რომელზეც ჩვენ ვცდილობთ შეთანხმების მიღწევას. ჩვენ გვაქვს შიგადაშიგ განსხვავებული მოსაზრებები, ზუსტად ამიტომ მოვითხოვთ კანდიდატებისგან, რომ ჩვენი პოზიციის თანმხვედრი იყოს მათი პოზიცია, იმიტომ, რომ როცა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები გახდებიან, მათაც შეძლონ იგივეს კეთება, რათა თავსებადი იყოს მათი პოლიტიკა. დიახ, საქართველოს თავსებადობის მაჩვენებელი არ არის ძალიან მაღალი. ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის მომენტიდან მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა ამ მიმართულებით. ჩვენ გვქონდა პრემიერ-მინისტრთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან ამაზე საუბარი და თავაზიანად ავუხსენით მათ ჩვენი წუხილი და მოვისმინეთ მათი მოსაზრებები. გიდასტურებთ, ეს ის საკითხია, რომელიც უნდა გაუმჯობესდეს. მეორე მხრივ, ვაღიარებთ, რომ სანქციებისგან გვერდის ავლის მიმართულებასთან ბრძოლაში საქართველო ძალიან კარგად მუშაობს. ეს ხაზგასმით უნდა ითქვას, მაგრამ საგარეო პოლიტიკა ჩვენთან უნდა მოვიდეს თანხვედრაში.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი:
-მეც მინდა ვუპასუხო ამ კითხვას. სამწუხაროდ, ეს არის კლასიკური ნიმუში დეზინფორმაციული ნარატივის, რომელიც ვრცელდებოდა და ვრცელდება, სამწუხაროდ, დღესაც ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. კითხვის ავტორმა აქ მოიყვანა რამდენიმე მაგალითი, რომელსაც, რა თქმა უნდა, საფუძველი არა აქვს. ეს პირიქით, მე ვფიქრობ, ეწინააღმდეგება ჩვენს იდეას და მიზანს, რომ ქვეყანა რაც შეიძლება მალე დაუახლოვდეს ევროპას, ევროკავშირს. რამდენიმე მაგალითი იქნა მოყვანილი, რასაც მინდა გამოვეხმაურო. რა თქმა უნდა, ცალკეულ კრიმინალურ ქეისზე არ გავაკეთებ კომენტარს, მაგრამ მინდა შევახსენო კითხვის ავტორს და თქვენც, ყველას, მეგობრებო, რომ შარშან, მაშინ, როცა ქვეყანა ელოდებოდა გადაწყვეტილებას, ევროპარლამენტში იქნა მიღებული რეზოლუცია აი, სწორედ იმ რადიკალური ძალების და მათი მხარდამჭერი ლობისტური ჯგუფების ჩართულობით, პირდაპირ ანტისტატუსის მოწოდების მქონე რეზოლუცია, რომელიც ეწინააღმდეგებოდა და დღესაც ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესს და ჩვენს მიზანს, რომ ქვეყანას მიეღო კანდიდატის სტატუსი. რა თქმა უნდა, აქვე მინდა განვმარტო, რომ ევროკომისია სხვა ინსტიტუციაა, ცალკე მდგომი ინსტიტუციაა, ამაზე კიდევ ერთხელ მკაფიოდ მინდა აღვნიშნო განსხვავება.
ასევე მინდა ვთქვა, თქვენც ახსენეთ ბატონო ბორელ, პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი. ეს არის წმინდა სამართლებრივი საკითხი. მე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო. ჩვენ ვაშენებთ ძლიერ, ევროპული ტიპის დემოკრატიას, სამართლებრივ სახელმწიფოს, სადაც პირველ რიგში იცავენ და პატივს სცემენ კონსტიტუციას როგორც მთავარ კანონს, და ვინ, თუ არა პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტი, ზოგადად ხელისუფლება უნდა იყოს მაგალითის მიმცემი, როგორც კონსტიტუციის დაცვის, ასევე მისი პატივისცემის. შესაბამისად, ეს არ არის პოლიტიკური საკითხი. ეს არის წმინდა სამართლებრივი საკითხი, რაზეც ფორმალური რეაგირება გავაკეთეთ ჩვენ, მმართველმა პარტიამ და იქვე განვმარტეთ, რომ იმის მიუხედავად, რომ ვიცით, რომ საკმარისი ხმების რაოდენობა არა გვაქვს პარლამენტში, რომ ფორმალურად მოხდეს პრეზიდენტის იმპიჩმენტი, ჩვენ ვცემთ რა პატივს და ვიცავთ რა ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციას, კანონებს, ჩვენი ქვეყნის სამართლებრივი სახელმწიფოს იმიჯს, ჩვენ ვიყავით ვალდებული და იძულებული, რომ ეს ფორმალური რეაგირება მოგვეხდინა. შესაბამისად, ამ გადაწყვეტილებას არავითარი კავშირი არა აქვს არც ამ პროცესთან, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ვგულისხმობ ევროინტეგრაციის პროცესს და აშ.. ასევე მინდა გამოვეხმაურო, თქვენ ახსენეთ და კითხვის ავტორმაც ამაზე გააკეთა აქცენტი, ზოგადად ჩვენი მხარდამჭერი რეზოლუციების მიმართ გაკეთებული მხარდაჭერა და თქვენ ახსენეთ კონკრეტული პროცენტი, რომელზეც ჩვენ ვართ დღეს, ეს არის 43%, დაახლოებით. მინდა კიდევ ერთხელ შევახსენო ყველას, ჩვენს მეგობრებს, რომ საქართველო დღეს არც ნატოს და არც ევროკავშირის წევრი ქვეყანა არ არის. ჩვენი ქვეყანა დღეს მოქმედებს საკუთარი ეროვნული ინტერესებით, ამის დაცვით, გააზრებით და გათვალისწინებით. ჩვენი ქვეყანა, შეგახსენებთ, რომ არის ოკუპირებული. ჩვენი ტერიტორიის 20% ოკუპირებულია. ჩვენ არაღიარების პოლიტიკა გვაქვს განსაზღვრული როგორც ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის. შესაბამისად, იმ რეზოლუციებსა და განცხადებებს, რომლებსაც ჩვენ არ ვუერთდებით, სწორედ ჩვენი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე ვაკეთებთ ამას, ვითვალისწინებთ ჩვენი ქვეყნის ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკას, საფრთხეებს, რისკებს ვზომავთ და მხოლოდ ეს მოტივაცია გვაქვს, დამერწმუნეთ. სხვა შემთხვევაში, რაც უკავშირდება ზოგადად საკითხებს, რუსეთის შეჭრას უკრაინაში, სხვა საკითხებს, დემოკრატიას, ადამიანის უფლებებს, ჩვენ სრულად ვუერთდებით და ვართ ერთ აზრზე ევროკავშირთან ერთად. ასევე მინდა შეგახსენოთ, რომ 500- ზე მეტ რეზოლუციას შევუერთდით მას შემდეგ, რაც ომი დაიწყო. ასევე, სანქციების თაობაზე მინდა შეგახსენოთ, – მე როცა ვთქვი, რომ ეს იყო კლასიკური დეზინფორმაციული მაგალითი, სანქციებზე, ბატონო ბორელ, მინდა გითხრათ, რომ თვეების განმავლობაში მიმდინარეობდა ორკესტრირებული დეზინფორმაციული კამპანია აი, ამ პოლიტიკური ძალის მხრიდან, რომელსაც ეს ტელევიზია წარმოადგენს, მათი ლობისტების, მათი ინტერესჯგუფების მიერ დაფინანსებული კამპანიები მთელ მსოფლიოში, რომ თითქოს საქართველო არღვევს სანქციებს. რეალობა აღმოჩნდა შემდეგი, რომ, როცა თქვენი წარმომადგენელი ჩამოვიდა საქართველოში, ასევე ამერიკის სანქციების მთავარი წარმომადგენელი და ასევე დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელი, მათ ხმამაღლა და ღიად თქვეს, რომ საქართველო სრულად ასრულებს ამ ვალდებულებებს და რომ სანქციების დარღვევის არცერთი მაგალითი არ დაფიქსირებულა. ეს არის მაგალითი სიცრუესა და სიმართლეს შორის. სიცრუეს, რა თქმა უნდა, აქვს თავისი მიზანი, მიზანი არის ქვეყნის დისკრედიტაცია. მათი მიზანი არის ის, რომ ქვეყანამ არ მიიღოს სტატუსი, მაგრამ ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რომ ქვეყანა კიდევ უფრო მეტად დავაახლოოთ ევროკავშირს.
ფრენებზე მინდა ვთქვა კიდევ ერთხელ, თქვენ ახსენეთ და მინდა გამოვეხმაურო. რაც შეეხება ფრენებს, ჩვენ ამის თაობაზე მკაფიოდ განვმარტეთ, რომ არცერთი სანქცირებული ავიაკომპანია და არცერთი სანქცირებული თვითმფრინავი არ იფრენს და არ დაფრინავს საქართველოში. აქაც ჩვენ ვიცავთ დისციპლინას და აბსოლუტურად სუფთად და გამჭვირვალედ ვმუშაობთ. ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა ბოლო სამი წელია იზრდება ძალიან სწრაფად. ჩვენ ვართ დღეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკა. ბოლო 2 წელი გვქონდა 10%-იანი ეკონომიკური ზრდა, ახლა ჩვენ გვაქვს 7%-ზე მეტი. ინფლაცია არის დარეგულირებული, 0,9% არის ინფლაცია. უმუშევრობა, სიღარიბე არის ისტორიულ მინიმუმზე, ქვეყნის რეზერვები არის ისტორიულ მაქსიმუმზე, ქვეყანა ძლიერდება, ვითარდება, მდიდრდება. ეს არის ჩვენი პირდაპირი ვალდებულება და მოვალეობა, ჩემი, როგორც მთავრობის მეთაურის, რომ ქვეყანა დავიცვათ და გავაძლიეროთ.

კითხვა: მირიან გორგოძე, ტელეკომპანია რუსთავი 2:
-ბატონ ბორელთან მაქვს ეს კითხვა და, თუ შეიძლება, ბატონო ირაკლი, თქვენთანაც მაქვს იგივე კითხვა. საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა არის მომხრე, რომ ქვეყანა მაქსიმალურად ინტეგრირდეს ევროკავშირში, ნატოში. ამის შესახებ თქვენც ისაუბრეთ, ბატონო ჯოზეფ. გასაგებია, რომ ჩვენ ძალიან არ გვინდა ეს მოცემულობა დადგეს, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ დავდგებით ამ ფაქტის წინაშე, რომ წლის ბოლოს მივიღებთ უარს სტატუსთან დაკავშირებით, როგორ ფიქრობთ, ხომ არ გააჩენს ეს საქართველოს მოსახლეობაში გარკვეულწილად სკეპტიციზმს, იმედგაცრუებას და ხომ არ იქნება ეს გზავნილი საქართველოს მოსახლეობისადმი, რომ ისინი გარკვეულწილად ევროპამ მიატოვა.

აუცილებლად უნდა ვახსენოთ ასევე ის რთული გეოპოლიტიკური ვითარება, რაზეც თქვენც ისაუბრეთ. ცხადია, პირველ რიგში, იგულისხმება რეგიონში არსებული ვითარება, უკრაინაში რუსეთის შეჭრა და საომარი მოქმედებები უკრაინის ტერიტორიაზე, და იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ საქართველოს 20% ამ დროისთვის არის ოკუპირებული რუსეთის მიერ, საქართველოსთვის ნათქვამი უარი რა გზავნილი იქნება რუსეთისთვის?

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბორელი:
-ნურასოდეს იტყვით, რომ ევროკავშირმა მიგატოვათ. ასეთ ფრაზას ვერასოდეს მივიღებ. ეს პოზიცია ჩემთვის მიუღებელია. ევროკავშირს საქართველო არც ოდესმე მიუტოვებია, არც მომავალში მიატოვებს. ამავე დროს, უნდა ვთქვა, რომ ეს პროცესი არის დამსახურებაზე დაფუძნებული. თქვენ უნდა შეასრულოთ გარკვეული პირობები. თქვენზეა ეს საქმე. მე ნუ მეუბნებით… აი, წარმოიდგინეთ, რომ სტუდენტი მიდის გამოცდაზე, ის ხომ არ ამბობს პროფესორმა მიმტყუნაო. მან თვითონ უნდა აჩვენოს, რომ იცის საგანი. პროფესორის და ჩვენი შეფასება არის ობიექტური. ნუ გექნებათ ეს განწყობა. მთელი თქვენი ინტელექტუალური ძალა მიმართეთ იქეთ, რომ ნაკისრი ვალდებულებები, მოთხოვნები შეასრულოთ. აი, ეს იქნება სწორი მიდგომა. ევროკავშირს საქართველო არც მიუტოვებია და არც ოდესმე მიატოვებს. ჩვენ გვაქვს ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმა, სადაც 1.3 მილიარდი ევროა მობილიზებული და ეს მოხმარდება საქართველოში კონკურენტუნარიანობისა და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას. ჩვენს ინტერესებში არაა საქართველოს მიტოვება. კარგად გვესმის ქვეყნის მნიშვნელობა და ინტერესი, რომელიც საქართველოსთან ასოცირდება ჩვენი გადასახედიდან. ევროკავშირი მეტად სრულყოფილი და უფრო ძლიერი იქნება საქართველოსთან ერთად, ვიდრე საქართველოს გარეშე. თქვენ განა გვემუდარებით, პირიქით – ჩვენ გვინდა, რომ თქვენ იყოთ ევროკავშირის წევრი. სწორედ ამიტომ ჩამოვედი და გეუბნებით, რა არის გასაკეთებელი, და რომ ამის დროც გაქვთ. იმოქმედეთ და საერთოდ ნუ იფიქრებთ მიტოვების თემაზე.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი:
-მეც მინდა ვუპასუხო თქვენს კითხვას. მე ასე მარტივად არ დავაყენებდი საკითხს, როგორც ბატონმა ბორელმა განმარტა სტუდენტისა და პროფესორის მაგალითზე. ჩვენ გაცილებით სერიოზულ და რთულ მოცემულობაში ვიმყოფებით. ჩვენი მთავარი არგუმენტი, ბატონო ჯოზეფ, არის შემდეგი – ჩვენ ვითხოვთ სამართლიან მოპყრობას. შარშან მოლდოვამ და უკრაინამ მიიღეს ბონუსად სტატუსი, ავანსად, ისე, რომ მათ არ ჰქონდათ შესრულებული არცერთი რეკომენდაცია და ჩვენ არ მივიღეთ სტატუსი. კითხვა არის აბსოლუტურად ლოგიკური და სამართლიანი. ქართველებს ყველაზე მეტად რაც არ გვიყვარს, ეს არის უსამართლობა. ჩვენ უსამართლობას არ ვეგუებით. რა თქმა უნდა, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის გადაწყვეტილება, რომელსაც თქვენ მიიღებთ, სამართლიანი იყოს. რაც შეეხება იმას, თუ რა გზავნილი იქნება ასეთ ვითარებაში, როდესაც არავინ იცის, როდის და როგორ დასრულდება უკრაინაში ომი, როგორი წესრიგი ჩამოყალიბდება მსოფლიოში, ასეთ ვითარებაში, მთავარ არგუმენტს გავიმეორებ, მოლდოვას და უკრაინას ავანსად მიეცით სტატუსი და ჩვენ არ მოგვეცით სტატუსი შარშან. ასეთ რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, არაპროგნოზირებად გარემოში ნებისმიერი საწინააღმდეგო გადაწყვეტილება, ნებისმიერი ნეგატიური გზავნილი პოზიტიური გზავნილი იქნება რუსეთისთვის. ამიტომ, კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა შემდეგი – ჩვენ კარგად გვესმის, რომ ეს პროცესი რთულია, ეს არის დამსახურებაზე დაფუძნებული დამოკიდებულება, მაგრამ ამავე დროს კარგად გვესმის, რომ ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, ეს არ არის მხოლოდ დამსახურებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილება, ვინაიდან, კიდევ ვიმეორებ, მოლდოვისა და უკრაინის შემთხვევაში თქვენ მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილებით იხელმძღვანელეთ. ასე რომ, მინდა კიდევ ერთხელ იმედი გამოვთქვა, რომ, თუ ჩვენ ნამდვილად გვსურს პოლარიზაციის დასრულება ქვეყანაში და, როგორც თქვენ ბრძანეთ, თუ თქვენ ნამდვილად გსურთ, რომ საქართველო ევროპული ოჯახის წევრი გახდეს, კიდევ უფრო დაახლოვდეს, მაშინ ჩვენი პოზიციაა შემდეგი – საქართველომ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი წლის ბოლოს. კიდევ ერთხელ მადლობა მინდა ვუთხრა ბატონ ბორელს, მინდა მადლობა ვუთხრა მისი სამძიმრისთვის. მეც მინდა ჩვენი მთავრობის სახელით სამძიმარი ვუთხრა გურიაში გარდაცვლილი არასრულწლოვანის ოჯახს, ეს ნამდვილად დიდი ტრაგედიაა, და კიდევ ერთხელ მადლობა მინდა გადავუხადო ბორელს და მის დელეგაციას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0