ჩვენ ვაფასებთ თურქეთთან განსაკუთრებულ ურთიერთობას და მივესალმებით სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებას

23/12/2019

ჩვენ ვაფასებთ თურქეთთან განსაკუთრებულ ურთიერთობას და მივესალმებით სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩავუშოღლუსთან შეხვედრისას განაცხადა. საუბრისას, ხაზი გაესვა საქართველოს, თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის არსებულ სამმხრივ ფორმატს და აღინიშნა, რომ სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების რიგით მე-8 შეხვედრა თბილისში, რომელზეც სხვადასხვა სექტორში თანამშრომლობა განიხილება, ამ ფორმატის უნიკალურობას ადასტურებს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრისას, ყურადღება გამახვილდა ორი ქვეყნის მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს მორიგ სხდომაზე, რომელიც მომავალი წლის დასაწყისში ანკარაში გაიმართება.
საუბარი ასევე შეეხო ერთობლივ პროექტებს ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სფეროში, მათ შორის სამხრეთის გაზის დერეფანს, რომლის ნაწილის – ტრანსანატოლიური გაზსადენის (TANAP) ინაუგურაცია თურქეთში ახლახან გაიმართა, ასევე – ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მნიშვნელობას. მთავრობის მეთაურმა თურქეთის რესპუბლიკას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. საუბრისას, ასევე აღინიშნა კულტურის სფეროში საქართველო-თურქეთის თანამშრომლობის მნიშვნელობა და ხაზი გაესვა ორმხრივი მაღალი დონის ვიზიტების დინამიკას, რაც ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ ერთი ხაზგასმაა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0