ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას და ეს მუშაობა უნდა იყოს განსაკუთრებული

05/02/2020

ბიუროს სხდომას, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ვოლსკი უძღვებოდა. მან ბიუროს სხდომის დასაწყისში პარლამენტის შენობასთან გამართულ აქციებსა და საპარლამენტო ოპოზიციის ბოიკოტის რეჟიმში ყოფნის საკითხებზე ისაუბრა.

„სამწუხაროდ, გარეთ ცოტა ხმაურია, მაგრამ ეს ხელს არ შეგვიშლის მუშაობაში, რადგან საკითხები, რომლებიც განსახილველად დღის წესრიგშია წარმოდგენილი დღეს და შემდგომ სხდომებზეც, ჩვენი ქვეყნისთვის საგანგებოდ მნიშვნელოვანია. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ დილის შეკრებაც, რომელიც ჩვენ ჩავატარეთ, არანაირად არ უკავშირდება იმ თემას, რომ უმრავლესობას არ აქვს დღის წესრიგზე გარკვეული პოზიციები და თითქოს და მთელი ჩვენი ენერგია და ჩვენი აქტივობა შესაბამისობაშია მოსაყვანი იმ აქტივობასთან რასაც ზოგიერთი ბოიკოტის რეჟიმში მყოფი დეპუტატი გარეთ ატარებს. ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა მათი შენიშვნებიც, თუნდაც ჯანსაღი ოპონირება, იმიტომ რომ არის საკითხები, სადაც კარგად ერკვევიან, თუმცა არ უნდათ რომ გაერკვნენ. სამწუხაროდ, ამის შესაძლებლობა და ამის რეალური წინაპირობა არ არსებობს გამომდინარე იმ რეჟიმიდან, რომელიც ოპონენტებმა შემოგვთავაზეს. განსაკუთრებით ვწუხვარ, რომ ახალგაზრდების გარკვეული ჯგუფი აყოლილია ამ აქტივობებს, რომლებსაც ემოციური კავშირი არ გააჩნიათ იმ თემებთან, იმ უბედურებასთან, რაც ჩვენ ქვეყანას თავს დაატყდა სულ უახლოესი ისტორიის განმავლობაში ან და აყოლილები არიან გარკვეული პოლიტიკური მიზნით. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას და ეს მუშაობა უნდა იყოს განსაკუთრებული, ვინაიდან საგაზაფხულო სესია წინასაარჩევნო პერიოდია“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

პარლამენტის ბიუროს სხდომაზე 5 თებერვლის პლენარული სხდომის დღის წესრიგის საკითხები განიხილეს. სხდომის წამყვანის ინფორმაციით, დღევანდელ პლენარულ სხდომაზე კანონმდებლები მინისტრის საათის ფორმატში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს, ეკატერინე ტიკარაძეს მოუსმენენ. 5 თებერვლის სხდომაზე დეპუტატები „კარლო კოპალიანისათვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ“ და „საქართველოს მთავრობისადმი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის „შეზღუდული შესაძლებლობების პირთა უფლებების კონვენციის“ ფაკულტატური ოქმის საქართველოსთვის შესასრულებლად სავალდებულოდ აღიარების მიზნით კანონით გათვალისწინებული პროცედურების დაწყების შესახებ საქართველოს პარლამენტის რეკომენდაციის თაობაზე“ პარლამენტის დადგენილების პროექტებს განიხილავენ.

სხდომაზე ბიუროს წევრები საორგანიზაციო საკითხებსაც გაეცნენ. მათ შორის რამდენიმე კომიტეტის საქმიანობის ანგარიშს, გარკვეული კანონპროექტების განხილვის ვადის გაგრძელებას და ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატების“ ინფორმაციას პოლიტიკური მოსაზრებების გამო საქართველოს პარლამენტის 2020 წლის საგაზაფხულო სესიაზე არ დასწრების შესახებ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0