ჩვენ ერთობლივად ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები განვახორციელეთ კანონმდებლობაში

27/11/2023

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა კოკა კაციტაძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტს სამსახურის მიერ 2022 წელს განხორციელებული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა. კოკა კაციტაძის განცხადებით, რეფორმის შედეგად, ყველა მოქალაქეს მიეცა მის სისხლის სამართლის საქმესთან წვდომისა და საქმის მასალების გაცნობის უფლება. როგორც მან აღნიშნა, დღეის მდგომარეობით, სამსახურმა 387 პირს შესთავაზა საქმის მასალების სრულად გაცნობა და 161-მა მოქალაქემ ამ უფლებით უკვე ისარგებლა. ​კოკა კაციტაძის განცხადებით, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის კიდევ ერთი მიღწევაა მსხვერპლთა და მოწმეთა უსაფრთხოებისთვის დაცვის სპეციალური პროგრამის ამოქმედება. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესასრულებლად გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა. როგორც კოკა კაციტაძემ აღნიშნა, ევროკომისიის 12 პირობის მე-4 პუნქტში, სხვა საკითხებთან ერთად, მითითებული იყო სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინსტიტუციური გაძლიერებისა და დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა. მისივე თქმით, ამ მიზნით, სამსახური აქტიურად იყო ჩართული საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტთან შექმნილი სამუშაო ჯგუფის საქმიანობაში და განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად სამსახურს გადაეცა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ხელახალი გამოძიების ჩატარების უფლებამოსილება.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის კომპეტენციაში შევიდა, ასევე, არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოძიების პროცესში გამოვლენილი ისეთი დანაშაულების გამოძიება, რომლებიც სამართალდამცავების მხრიდან შესაძლო მტკიცებულებების განადგურებას, უკანონო დაკავებას, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და სამსახურებრივ სიყალბეს უკავშირდება. ​კოკა კაციტაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ „პატიმრობის კოდექსით“ სამსახურს ნებისმიერ პენიტენციურ დაწესებულებაში ყოველგვარი ნებართვის გარეშე შესვლის შესაძლებლობა მიეცა. მისი თქმით, საანგარიშო პერიოდში, სამსახურმა რეაგირება 2514 შეტყობინებაზე მოახდინა, გამოძიება სისხლის სამართლის 420 საქმეზე დაიწყო, საიდანაც 56% სწორედ არასათანადო მოპყრობის ფაქტები იყო.

„სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო და დანაშაულში მხილებულია 153 პირი, მათგან 62 სამართალდამცავია, რომელთა მხილება არასათანადო მოპყრობასა და სხვა ძალადობრივ დანაშაულში მოხდა. ჟურნალისტების მიმართ ჩადენილ დანაშულებთან დაკავშირებით, 26 საქმეზე ვაწარმოეთ გამოძიება და 16 პირია მხილებული. პირადი ცხოვრების საიდუმლოების ხელყოფის ფაქტებთან მიმართებაში 243 საქმეზე ვაწარმოეთ გამოძიება და 69 პირს მიმართ დაწყებულია სისხლის სამართლებრივი დევნა“, – განაცხადა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა მადლობა გადაუხადა კოკა კაციტაძეს და მთლიანად სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს 12 – პუნქტიანი რეკომენდაციის შესრულების ფარგლებში თანამშრომლობისთვის.

​„ჩვენ ერთობლივად ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები განვახორციელეთ კანონმდებლობაში, რამაც ამ სამსახურს მისცა კიდევ უფრო ეფექტიანად საქმიანობის შესაძლებლობა და რა თქმა უნდა, კიდევ უფრო გაიზარდა ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტი“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0