ჩვენ ერთად გავივლით მომავალ წლებს და საუკუნეებს

08/12/2023

ხაგ ხანუქა სამეახ! ყველას გილოცავთ ხანუქას დღესასწაულს, ჩემო ძმებო და დებო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თბილისის დიდ სინაგოგაში ხანუქას დღესასწაულზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც მთავრობის მეთაურმა ხანუქას სანთელი აანთო.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ქართველებს განსაკუთრებული დამოკიდებულება, ძმობა, სიყვარული, პატივისცემა, მეგობრობა გვაქვს ებრაელი ხალხის მიმართ, ეს ძმობა არის დაფუძნებული 26-საუკუნოვან ურთიერთობაზე, თანაცხოვრებაზე.

„ხაგ ხანუქა სამეახ! ყველას გილოცავთ ხანუქას დღესასწაულს, ჩემო ძმებო და ჩემო დებო. მივესალმები ისრაელის ელჩს, მივესალმები რაბი იაკობს, თბილისის სინაგოგის რაბის – ბატონ მერაბს, პატივცემულ ელჩებს – ევროკავშირის ელჩს, ამერიკის ელჩს, ლატვიის, ლიტვის, გერმანიის, საფრანგეთის, შვედეთის ელჩს; პარლამენტის წევრებს, მთავრობის წევრებს და კიდევ ერთხელ ჩემს ძმებსა და ჩემს დებს – ჩვენს ებრაელ თემს. კიდევ ერთხელ გილოცავთ ხანუქას დღესასწაულს! ჩვენ ძალიან ბევრი ემოციური სიტყვა მოვისმინეთ, მე ნამდვილად კიდევ ერთხელ მსურს ჩემი ღრმა მწუხარება გამოვხატო აი, ამ დიდი ტრაგედიის გამო, რომელიც დაატყდა თავს ჩვენს მოძმე ერს, ჩვენს ებრაელ ხალხს, ჩვენს ისრაელს. 7 ოქტომბერი მართლაც ძალიან მძიმე დღე იყო ჩვენთვის, ყველასთვის, ვინაიდან ჩვენ განვიცადეთ ის დიდი ტკივილი, რომელიც მიადგა ჩვენს მოძმე ხალხს, ჩვენს ებრაელ ხალხს ისრაელში, რამაც განაპირობა, რამაც გამოიწვია 1200 უდანაშაულო ადამიანის მკვლელობა და სიკვდილი. ეს საშინელი, ბარბაროსული აქტია, ეს არის ტერორისტული აქტი, რომელსაც ჩვენ ვგმობთ მტკიცედ. საქართველო და ქართველი ხალხი დგას ისრაელისა და ებრაელი ხალხის გვერდით. ჩვენ, ქართველებს, გვაქვს განსაკუთრებული დამოკიდებულება, განსაკუთრებული ძმობა, სიყვარული, პატივისცემა, მეგობრობა ებრაელი ხალხის მიმართ. ეს ძმობა არის დაფუძნებული 26-საუკუნოვან ურთიერთობაზე, თანაცხოვრებაზე”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ქართველებმა და ებრაელებმა ერთად გამოიარეს ძალიან ბევრი ჭირ-ვარამი, განსაცდელი, ტკივილი, სიხარული, გამარჯვება, სიკეთე და ერთად მიაღწევენ გამარჯვებას.

„ჩვენ, ქართველებმა და ებრაელებმა, ჩვენი სამშობლო, საქართველო, ერთად მოვიტანეთ დღევანდელობამდე. ჩვენ ერთად გამოვიარეთ ძალიან ბევრი ჭირ-ვარამი, განსაცდელი, ტკივილი, სიხარული, გამარჯვება, სიკეთე და მე მჯერა, რომ ჩვენ ერთად გავივლით მომავალ წლებს და საუკუნეებს, ერთად მივაღწევთ გამარჯვებას. პატივცემულმა რაბიმ თქვა, რომ როდესაც ჩამობრძანდება საქართველოში, იგი თავს გრძნობს სამოთხეში. ჩვენთვის, ქართველებისთვის – მორწმუნე ქართველებისთვის, ისრაელი წმინდა მიწა არის, ჩვენი მეორე სამშობლო. როცა მე ჩავდივარ ისრაელში, თავს ვგრძნობ სახლში. მინდა მადლობა გითხრათ თქვენ ამ ძმობისთვის, ამ მეგობრობისთვის და დიახ, მე არაერთხელ მითქვამს, რომ ჩვენ ებრაელი ხალხის მიმართ ვართ მიკერძოებული. ვართ მიკერძოებული სწორედ ამ 26-საუკუნოვანი ძმობის, განსაკუთრებული ძმობის, გამო. კიდევ ერთხელ მინდა ვუსურვო ისრაელს და ებრაელ ხალხს გამარჯვება, დღევანდელი დღე – ხანუქა – არის სწორედ სიმბოლო გამარჯვების, განახლების, სინათლისა და ბოროტებაზე გამარჯვების დღე. კიდევ ერთხელ გილოცავთ, მინდა გისურვოთ მშვიდობა, გამარჯვება და კეთილდღეობა. ღმერთი იყოს თქვენი მფარველი”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

თბილისის დიდ სინაგოგაში შესრულდა საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს ჰიმნები. შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართეს ებრაელთა კავშირის თავმჯდომარემ მერაბ ჩანჩალაშვილმა, ისრაელის ელჩმა საქართველოში ჰადას მეიცადმა, მსოფლიოს ქართველ და ებრაელ ქალთა ასოციაციის „ესთა” პრეზიდენტმა ევა ბაბალაშვილმა, თბილისის სინაგოგას მთავარმა რაბინმა რახამინ მურდუხაშვილმა და მსოფლიოს ქართველ ებრაელთა მთავარმა რაბინმა იაკობ გაგულაშვილმა.

ქართულ-ებრაულ ურთიერთობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ჯილდოები გადაეცათ ირმა კუპრეიშვილს, ლაშა შაყულაშვილს, იოსებ მიხელაშვილსა და მაყვალა გონაშვილს.

ხანუქას დღესასწაულს თბილისის დიდ სინაგოგაში მთავრობისა და პარლამენტის წევრები, ასევე – დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0