ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ საქართველოს მხარდაჭერას ევროპისკენ მიმავალ გზაზე

22/03/2021

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩს დიეგო კოლასს შეხვდა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და საფრანგეთს შორის არსებულ დინამიკურ და ინტენსიურ თანამშრომლობაზე როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში. დიეგო კოლასმა ხაზი გაუსვა საფრანგეთის მხარდაჭერას საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის, ასევე სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. საუბარი შეეხო COVID-19-თან დაკავშირებით არსებულ გამოწვევებს. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ პოსტკრიზისულ პერიოდში საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა ეკონომიკური ურთიერთობების გაცოცხლება, ახალი სავაჭრო და საინვესტიციო შესაძლებლობების შემდგომი განვითარება. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) მიერ საქართველოსადმი გაწეული დახმარების მნიშვნელობას.

„გვქონდა ძალიან საინტერესო და დატვირთული შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან. განვიხილეთ საქართველოს დემოკრატიული განვითარების საკითხები და დემოკრატიის ხარისხის შემდგომი ამაღლებისკენ გამიზნული რეფორმების გაგრძელების მნიშვნელობა, ასევე ინსტიტუციონალური კონსოლიდაციის საკითხები. გარდა ამისა, განვიხილეთ ორმხრივი ურთიერთობებისა და საქართველოს განვითარების საკითხები. ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ საქართველოს მხარდაჭერას ევროპისკენ მიმავალ გზაზე, ასევე დახმარებას ეკონომიკის განვითარებასა და ადამიანებს შორის კონტაქტების განმტკიცებაში საფრანგეთსა და, ზოგადად, ევროპასა და საქართველოს შორის”, – განაცხადა დიეგო კოლასმა პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0