ჩვენ დავარწმუნებთ ჩვენს ამერიკელ კოლეგებს, რომ საქართველოში დემოკრატიის გაძლიერება გრძელდება

06/02/2020

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტი დაიწყო. ვიზიტის ფარგლებში აშშ-ის სენატსა და წარმომადგენელთა პალატაში მაღალი დონის შეხვედრებია დაგეგმილი. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, შეხვედრები შეეხება მიმდინარე პოლიტიკურ თემებს, იმ გადაწყვეტილებებს, რის მიღებასაც საქართველოს ხელისუფლება გეგმავს, რათა დროულად დაიხუროს ის საკითხები, რომელიც ჯერ კიდევ რჩება დისკუსიის საგნად პოლიტიკური დიალოგის ფარგლებში.

„ვისაუბრებთ მიმდინარე პოლიტიკურ თემებთან დაკავშირებით. მათ გავაცნობთ, თუ რა გადაწყვეტილებების მიღებას ვაპირებთ. ცალსახად ფაქტია, რომ კონგრესმენებს ჩვენგან სჭირდებათ პასუხები, მეტი ინფორმაცია და ჩვენ ამ პასუხებით ვართ აქ ჩამოსული. ჩვენი მიზანი არის, რომ დროულად დავხუროთ ის საკითხები, რომელიც ჯერ კიდევ რჩება დისკუსიის საგნად პოლიტიკური დიალოგის ფარგლებში და დროულად დავიწყოთ არჩევნებისთვის მომზადება. ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა და აუცილებლად შევასრულებთ ამ პასუხისმგებლობას, რომ არჩევნები საქართველოში ჩატარდება დემოკრატიულად, გამჭვირვალედ, მიუხედავად იმისა, თუ რა შეთანხმება შედგება არჩევნების მოდელთან დაკავშირებით ჩვენსა და ოპოზიციას შორის“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ შეხვედრების დაწყების წინ.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ამერიკულ მხარე გააცნობს იმ გადაწყვეტილებებს, რომელსაც ხელისუფლება ოპოზიციას და საზოგადოებას სთავაზობს. არჩილ თალაკვაძემ ასევე აღნიშნა, რომ საპარლამენტო დელეგაცია შეძლებს დაარწმუნოს ამერიკელი კოლეგები, რომ საქართველოში დემოკრატიის გაძლიერება გრძელდება და საქართველო თავის კურსს დემოკრატიის გაძლიერების მიმართულებით, ზურგს არ შეაქცევს.

„როგორც გითხარით, ჩვენ კონკრეტულ გადაწყვეტილებებს გავაცნობთ კონგრესის წევრებს, ჩვენს მეგობრებს, თუ რა გადაწყვეტილებებს ვთავაზობთ ოპოზიციას და ჩვენს საზოგადოებას. ერთი რამ ცხადია, ოპოზიციის ნაწილი ცდილობს თავისი საარჩევნო კომპანია ჩაატაროს ვაშინგტონში, მაშინ, როდესაც საზოგადოების და მოქალაქეების მხარდაჭერა არ აქვს საქართველოში. ეს ფაქტია. იკვეთება, რომ ისინი ქვეყნის იმიჯის დაზიანების ხარჯზე ცდილობენ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან მიიღონ ისეთი მხარდაჭერა, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა არასოდეს არ აკეთებს და არ ერევა სარჩევნო საკითხებში. ჩვენ დავარწმუნებთ ჩვენს კოლეგებს, რომ საქართველოში დემოკრატიის გაძლიერება გრძელდება და საქართველო თავის კურსს, რომ გააძლიეროს დემოკრატია, არასოდეს ზურგს არ შეაქცევს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0