ჩვენ გვჭირდება ძლიერი ეკონომიკა, რაც გულისხმობს მეტი ხარისხიანი პროდუქციის წარმოებას

20/04/2023

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს, ოთარ შამუგიას მოუსმინეს დღეს დეპუტატებმა „მინისტრის საათის“ ფორმატში. მინისტრმა პარლამენტარებს დეტალურად მიაწოდა ინფორმაცია აგრარულ დარგში არსებული პოტენციალის ათვისებისკენ გადადგმული ნაბიჯების შესახებ. მან ასევე ისაუბრა საერთაშორისო ბაზარზე მოთხოვნადი ქართული პროდუქციის წარმოების ხელშეწყობისთვის განხორციელებულ აქტივობებზე და სამომავლო გეგმებზე.

„ვზრუნავთ, რომ დავიცვათ ჩვენი გარემო, რომ დაცული იყოს წყლის, მიწის, ტყის რესურსები ზეწოლისგან და დაზიანებისგან, რადგან გარემოსდაცვითი პოლიტიკის თანმიმდევრულმა განხორციელებამ უნდა უზრუნველყოს ქვეყნის მდგრადი და დაბალანსებული განვითარება“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.

მისივე თქმით, წლიდან წლამდე იზრდება სახელმწიფო ბიუჯეტში სამინისტროსთვის გამოყოფილი ასიგნებები, როგორც სოფლის მეურნეობის, ასევე გარემოს დაცვის მიმართულებით.

„ბოლო 5 წლის განმავლობაში ასიგნებები გაიზარდა 150%-ით, რამაც შესაძლებელი გახადა ახალი ინიციატივების განხორციელება და შემდგომი განვითარება“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.

მომხსენებელმა ევროკავშირის ბაზრის პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენებისათვის აუცილებელი ადგილობრივი აგროსასურსათო პროდუქციის კონკურენტუნარიანობის ამაღლებისთვის გადადგმულ ნაბიჯებზეც ისაუბრა, ყურადღება გაამახვილა აგროდაზღვევის პროგრამის მიმდინარეობაზე, ასევე სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის პროგრამაზე, ენერგოეფექტური და განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიების გამოყენებაზე. როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, 2022 წელს დაიწყო ბიოწარმოების ხელშეწყობის პროგრამა. ოთარ შამუგიას განცხადებით, სახელმწიფომ შეასრულა დაპირება, რომ რთველი ჩაივლიდა ორგანიზებულად და ყველა მევენახე შეძლებდა მოსავლის შეუფერხებლად დაბინავებას.
მინისტრმა ასევე ისაუბრა მიწის რესურსების დასაცავად და მიწის ნაყოფიერების შესანარჩუნებლად გატარებულ ღონისძიებებსა და მელიორაციის პროგრამაზე. როგორც ოთარ შამუგიამ განაცხადა, სამინისტრო აქტიურად აგრძელებს მუშაობას გარემოზე ზემოქმედების შეფასებისა და სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების პროცესების, ასევე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების ჩართულობის მიმართულებით. მინისტრის მოხსენებაში საუბარი იყო წყლის რესურსების ეფექტიანი მართვის მექანიზმების ჩამოყალიბებაზეც, ასევე სამინისტროს მიერ საწვავის ხარისხის შემოწმების პროცესზე; სატყეო სექტორში გადადგმულ ნაბიჯებზე, ამინდისა და მოსალოდნელი სტიქიური პროცესების პროგნოზირების სისტემაში არსებულ სიახლეებზე. ოთარ შამუგიას შეფასებით, სამინისტროს სამოქმედო გეგმა და პროექტები მიმართულია ერთადერთი მიზნისკენ, ქვეყნის მუდმივი განვითარებისა და ევროინტეგრაციისკენ.

„სწორედ ამიტომ ჩვენ გვჭირდება ძლიერი ეკონომიკა, რაც გულისხმობს მეტი ხარისხიანი პროდუქციის წარმოებას, რეალიზაციის ხელშეწყობას და რა თქმა უნდა, გვჭირდება მდგრადი განვითარება, რათა დავიცვათ ჩვენი გარემო. ჩვენ აქტიურად გავაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას“, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0