ჩვენ გვყავს ძალიან ბევრი, საკუთარ არჩევანში მყარად ჩამოყალიბებული მხარდამჭერი

14/04/2016

ნინო ბურჯანაძის განცხადებით, საქართველოში კვლევებს ძალიან ბევრი უცნაურობა ახასიათებს, ვინც არ უნდა ატარებდეს ამ კვლევას. „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი აცხადებს, რომ მისთვის მოულოდნელია მათი და ”ეროვნული ფორუმის” ერთად ხსენება.

„ახლა რთულია ამ კვლევაზე კონკრეტულად რამე თქვა, მით უფრო როდესაც ვისი სახელითაც აქვეყნებენ ამ კვლევას, ამ შემთხვევაში „ქართული ოცნების“ სახელით. თავად „ქართული ოცნება“ უარყოფს კვლევის შედეგებს. ჩემთვის მოულოდნელი სურპრიზი იყო ჩვენი და ეროვნული ფორუმის ერთად ხსენება, იმიტომ რომ ამ ეტაპზე ამის არანაირი საფუძველი უბრალოდ არ არსებობს. ჩვენს შორის არც მოლაპარაკებები მიმდინარეობს და მნიშვნელოვან წილად ბევრ რამეში ხედვებიც ძალიან განსხვავდება, თუმცა ბუნებრივია არის თანხვედრაც”, – განაცხადა ბურჯანაძემ.

მისი თქმით, ”დემოკრატიულმა მოძრაობამ“ ძალიან კარგად იცის, რომ ჰყავს ძალიან ბევრი მხარდამჭერი და ისინი მყარად არიან ჩამოყალიბებულნი თავის არჩევანში.

„ერთი რამ, რაშიც არ გვჭირდება არც NDI-ის და არც GHN-ის და არც „ქართული ოცნების“ კვლევები, ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ გვყავს ნამდვილად ძალიან ბევრი მხარდამჭერი და ჩვენი ძალა არის კიდევ იმაში, რომ ჩვენი მხარდამჭერები მყარად არიან ჩამოყალიბებული ჩვენს მხარდაჭერასთან დაკავშირებით. მათ იციან რატომ გვიჭერენ მხარს, იციან რომ მხარს გვიჭერენ არა მხოლოდ იმიტომ, რომ ვლაპარაკობთ იმას რაც მათ აწუხებს, არამედ იმიტომ, რომ ამ ყველაფრის მოგვარება შეგვიძლია“, – განაცხადა ბურჯანაძემ.

მისი თქმით, „დემოკრატიული მოძრაობა“ არის ერთადერთი ძალა, ვისაც რეალურად შეუძლია პრობლემების მოგვარება.

„ამავდროულად, ჩვენ ვიცით ძალიან ნათლად, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან სერიოზული ზრდის პოტენციალი იმ თვალსაზრისით, რომ გადაუწყვეტელ ადამიანებს შორის ძალიან ბევრია ისეთი ადამიანი, პრაქტიკულად აბსოლიტური უმრავლესობა, რომელიც ისევე ხედავს პრობლემებს და პრობლეების მოგვარების გზებს როგოც ჩვენ.

ვინც რაც არ უნდა ილაპარაკოს, 0% დაგვიწერენ, 11% დაგვიწერენ თუ 111% -ს, ჩვენ ვიცით ძალიან კარგად, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან სერიოზული შანსი ამ არჩევნებზე და ჩვენ ამ შანსს აუცილებლად გამოვიყენებთ“, -განაცხადა ბურჯანაძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0