ჩვენ გვყავს საამაყო ახალგაზრდები

20/12/2019

რიგგარეშე სხდომაზე, მინისტრის საათის ფორმატში, დეპუტატებმა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს, მიხეილ ჩხენკელს მოუსმინეს. მინისტრმა ტრაგიკულად გარდაცვლილი მოზარდის, ლუკა სირაძის ოჯახს, მეგობრებს და მთლიანად საზოგადოებას მიუსამძიმრა.

„სამინისტროს მანდატურის სამსახურის, ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრის ფსიქოლოგები მუშაობენ მწვანე სკოლის, მე-100 და 169-ე საჯარო სკოლების მოსწავლეებთან, რათა დაეხმარონ მათ ამ უდიდესი სტრესის გადალახვაში. სამინისტროში მუშაობს ფსიქო-სოციალური საკონსულტაციო მომსახურების 24-საათიანი ცხელი ხაზი. სამუშაო საათებში მუშაობს ასევე ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრის ცხელი ხაზი და მონიტორინგის სამმართველოს ცხელი ხაზი, გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა შესაძლებლობას, რათა ხელი შევუწყოთ ტრაგედიის შესახებ ჭეშმარიტების დადგენას. რაც არ უნდა რთული იყოს დღეს ნებისმიერ სხვა საკითხზე მსჯელობა, სწორედ ჩვენი შვილების ინტერესები მოითხოვს, რომ მთელი ჩვენი ცოდნა და გამოცდილება მივმართოთ განათლების სისტემის გაუმჯობესებისკენ“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

მან სწორედ სკოლების უსაფრთხოების საკითხზე აქცენტით დაიწყო გამოსვლა. ამ მიმართულებით როგორც უკვე განხორციელებულ, ასევე იმ გამოწვევებსა და განსახორციელებელ ღონისძიებებზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც მისივე თქმით, მოსწავლეებისთვის სრულფასოვანი სასწავლო გარემოს შექმნის. მისი ინფორმაციით, 2019 წელს დამტკიცდა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის წესი და პირობები.

„ეს არის საგანმანათლებლო სისტემაში უსაფრთხოებასა და წესრიგზე ორიენტირებული პირველი დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს მანდატურის სამსახურსა და საგანმანათლებლო დაწესებულებას შორის კოორდინირებული თანამშრომლობის მექანიზმს. ამ მექანიზმმა განაპირობა თვისებრივად ახალი ტიპის მანდატურის სამსახურის როგორც უფრო მეტად ზრუნვასა და პრევენციაზე ორიენტირებული ინსტიტუციის ჩამოყალიბება. სამინისტროს მიერ დაწყებულია საჯარო სკოლებში მოსწავლეთა უსაფრთხოების მიმართულებით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება“, – აღნიშნა მიხეილ ჩხენკელმა და დეტალურად აღწერა თითოეული ასეთი ღონისძიება. მისი განცხადებით, უაღრესად მნიშვნელოვანია ეს პროცესები დაიწყოს კერძო სკოლებშიც, ხოლო სამინისტროს მხრიდან გაძლიერდეს ამ პროცესების დანერგვის ხელშეწყობა.

„აქ იგულისხმება კერძო სკოლებში უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირების მაღალპროფესიული მომზადება. და ფსიქოლოგიური დახმარების სერვისების გაძლიერება. ჩვენი მთავარი საზრუნავია ბავშვის კეთილდღეობა იმის, მიუხედავად, საჯარო სკოლაში სწავლობს იგი, თუ კერძოს დაწესებულებაში“, -განაცხადა მინისტრმა. მისი თქმით, პრემიერ-მინისტრისგან სამინისტროს დაევალა კონკრეტული ღონისძიებების განხორციელება და დაწყებულია კონკრეტულ გეგმაზე მუშაობა. „რამდენიმე დღეში ჩვენ წარმოვადგენთ ზუსტ და დროში გაწერილ გეგმას, რომელიც მოიცავს როგორც საკანონმდებლო, ასევე პრაქტიკულ ინიციატივებსა და ახალი სერვისების შექმნას“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

მან ახალი სკოლის მოდელის დანერგვის შესახებ ისაუბრა.

„ამ მოდელის დანერგვა, მოსწავლეებისთვის კომპლექსური, კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების განვითარების პირობებს ქმნის. ეტაპობრივად პროგრამა 2023 წლამდე საქართველოს ყველა საჯარო სკოლას მოიცავს,” – აღნიშნა მიხეილ ჩხენკელმა.

მინისტრმა ისაუბრა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მიმართულებით განხორციელებულ პროექტებსა და მიღწევებზე, ასევე სამომავლო გეგმებზე, რომელიც უახლოეს წლებში უნდა განხორციელდეს. მიხეილ ჩხენკელმა დეპუტატების კითხვებს უპასუხა, რომელიც განათლების რეფორმას, უსაფრთხოების სტანდარტებს, სპეციალური პედაგოგის სტატუსის მქონე მასწავლებლების ხელფასებს, საკადრო საკითხებს, შშმ ბავშვთა ასისტენტებს, მეცნიერების ხელშეწყობასა და სპორტულ პროექტებს ეხებოდა. თანამომხსენებელმა, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, გენადი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ ქვეყნის ეკონომიკის ზრდის, მისი მთლიანი შიდა პროდუქტის ნიშნულის მაღლა აწევის აუცილებელი პირობა შრომის ბაზარზე გასული მაღალი პროფესიული რანგის მატარებელი მოსახლეობაა.

„ამისთვის კი ასევე აუცილებელია შრომის კულტურის მქონე, XXI საუკუნის შესაბამისი ციფრული ტექნოლოგიებით აღჭურვილი განათლების მქონე ადამიანები. სახელმწიფო ვალდებულია, შექმნას ერთიანი სქემა. ეს იქნება რუქა, კატალოგი, გზამკვლევი, სადაც თითოეული მოქალაქე, ოჯახი, თემი იპოვის საკუთარ თავს, აღმოაჩენს ქვეყნისთვის საჭირო ნიჭს და შეეცდება მის რეალიზაციას. მხოლოდ მაღალორგანიზებულ, განათლებულ ადამიანს შეუძლია შექმნას და განახორციელოს, ლოგიკური გადაწყვეტილება მოუძებნოს, გააანალიზოს, დაგეგმოს, იპოვოს სუსტი და ძლიერი მხარეები, კიდევ უფრო გააძლიეროს მცირე და საშუალო ბიზნესი, იქნება ეს მრეწველობაში, სოფლის მეურნეობაში, მშენებლობაში თუ სხვაგან“, – აღნიშნა გენადი მარგველაშვილმა.

კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ მასწავლებელი უნდა იყოს სათანადოდ დაფასებული, მცოდნე, ღირსეული. „მოგიწოდებთ, როგორც სკოლამდელი დაწესებულებათა მონიტორინგის შემდეგ დააანონსეთ, მუნიციპალიტეტებთან შეთანხმებით და ერთიანი ავტორიზაციის სქემის განხორციელების შესაბამისად, დროულად გაიზარდოს ბაღის პედაგოგთა საშუალო ხელფასი“, – მიმართა გენადი მარგველაშვილმა მიხეილ ჩხენკელს.

კომიტეტის თავმჯდომარის მოსაზრებით, მისასალმებელია პენსიონერ პედაგოგთა ღირსეული გაცილება სკოლებიდან, კარგია, რომ მოტივაციის გაზრდის შესაბამისად ახალგაზრდა პედაგოგები სკოლით დაინტერესდნენ, მაგრამ საკითხი კომპლექსურია და დეტალური მზაობის მუდმივ რეჟიმშია განსახილველი. გენადი მარგველაშვილი დაინტერესდა, რა შედეგები დადგა XI-XII კლასში გამოცდების გაუქმებით და როგორია STEM -ის სწავლების პრობლემატიკა.

„ჩვენ გვყავს საამაყო ახალგაზრდები. 2019 წელს STEM-ის მიმართულებით საერთაშორისო ოლიმპიადებში 17 მედალი ავიღეთ. ეს მხოლოდ ძირითად ოლიმპიადებში, მაგრამ როგორ ზრუნავს სახელმწიფო მათი ინტელექტუალური პოტენციალის მომავლის მოწყობისკენ? დამერწმუნეთ, რომელიმე მათგანი ხვალ სტენფორდში და მასაჩუსეტსში თუ ხარისხს დაიცავს, იქნება სასიამოვნო, მაგრამ ეს არ გაზრდის ჩვენი ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტს თუ მივუბრუნდებით გამოცდებს, ვფიქრობ, სამინისტრომ სწრაფად უნდა დააანონსოს ამ მხრივ სამომავლო პერსპექტივა და რაც შეიძლება ხშირად უნდა გაიმეოროს, რომ შესაძლოა CAT-ის გამოცდების არსებული ფორმით დატოვება არ ვარგოდა, მაგრამ საერთოდ უგამოცდობა უარესია, ამიტომ მოზარდმა მკაფიოდ უნდა იცოდეს როდის, რას უნდა ელოდოს ბარიერების დაძლევის თვალსაზრისით“, – განაცხადა გენადი მარგველაშვილმა.

იგი მიესალმება, თუ თუკი შეფასება ან გამოცდა იქნება დიაგნოსტიკურ-განმავითარებელი, შეცდომის დაშვების შესაძლებლობით.
კომიტეტის თავმჯდომარეს მიაჩნია, რომ არსებითი ნაბიჯებია გადასადგმელი პროფესიული განათლების კუთხით.

„კარგია უჩიხო პროფესიული განათლება, მაგრამ ვფიქრობ, რომ ჩვენ გვაკლია შრომის ბაზრის კვლევის გამოცდილება ჩაშლილი რეგიონალური თუ მუნიციპალური საჭიროების კუთხით“, – აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.

მან ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტზე გაამახვილა ყურადღება. მისი მოსაზრებით, საჭიროა საგანმანათლებლო ქალაქები მაღალი ლაბორატორიული ტექნოპარკებით.

„თბილისში, დიღომში პროცესი დასასრულისკენ მიდის და ეს კარგია, დაანონსდა ბათუმის საგანმანათლებლო ქალაქიც. ჩვენ ამაზე გვქონდა საუბარი და მზაობაც იყო, რომ ეს მნიშვნელოვან თანაკვეთაშია ქალაქის და რეგიონის ისტორიულ გამოცდილებასთან, სამომავლოდ საერთაშორისო ოლიმპიადების ჩატარების პერსპექტივებთან და, რა თქმა უნდა, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კადრების მომზადებასთან“, – განაცხადა გენადი მარგველაშვილმა.

კომიტეტის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა თეატრებსა და სამუზეუმო დაწესებულებებზე.

„არ შემიძლია, არ გამოვყო მესხიშვილის სახელობის თეატრი, ბალანჩივაძის სახელობის მუსიკალური სასწავლებლის, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის, შალვა ამირანაშვილის სახელობის მუზეუმის, აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის სახელოვნებო ფაკულტეტების დამატებითი ბიუჯეტირებისა და სხვა საკითხები, რომელთა მიმართულებით სახელმწიფომ უკვე გამოთქვა ქმედითი მზაობა და გთხოვთ, თითოეული მიმართულება კონტროლზე აიყვანოთ მთავრობის, სხვა სამინისტროების თანადგომის შესაბამისად“, – მიმართა მინისტრს კომიტეტის თავმჯდომარემ.

მისი თქმით, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი გამოთქვამს მზადყოფნას ყველა საკითხის კომპლექსური მონაწილეობისკენ, არაფორმალური განათლების აღიარებისკენ, სკოლაში შემოქმედებითი, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებისთვის, მოსწავლის, სტუდენტის, თავისუფალი სამყაროს პროფესიონალი, განათლებული, ლაღი წევრობისთვის.
თანამომხსენებლის გამოსვლის შემდეგ საპარლამენტო ფრაქციების წარმომადგენლებმა მინისტრის მოხსენებასთან დაკავშირებით თავიანთი მოსაზრებები გამოთქვეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0