დღეს ჩვენ გვყავს თანამედროვე სახელმწიფოს შესაფერისი პოლიცია, რომელსაც ენდობა და რომლის იმედიც აქვს საზოგადოებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პოლიციის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
”გილოცავთ პოლიციელთა პროფესიულ დღეს. მინდა დიდი პატივისცემით მოგილოცოთ ეს დღე თითოეულ პოლიციელს, შინაგან საქმეთა სამინისტროს მთელ შემადგენლობას. ძალიან დიდია ის პასუხისმგებლობა, რომელსაც პოლიციელის ურთულესი პროფესია გაკისრებთ თითოეულ თქვენგანს. დღეს, ალბათ, ყოველი თქვენგანი კიდევ ერთხელ უფიქრდება საკუთარ პროფესიულ არჩევანს და დარწმუნებული ვარ, ამაყობთ, რომ საქართველოს სახელმწიფოს სამსახურში, ჩვენი ხალხის სამსახურში დგახართ. თქვენს ხელშია საზოგადოებრივი წესრიგი, თქვენს პროფესიონალიზმზეა დამოკიდებული ჩვენი მოქალაქეების სიმშვიდე და უსაფრთხოება. ჩვენ ვიცით და ვაფასებთ, რომ წესრიგს, სიმშვიდეს, ჩვენს უსაფრთხოებას ხშირად საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად იცავთ. დიდი მადლობა მინდა გითხრათ ყველას ერთგულებისთვის, სიმამაცისთვის, ქვეყნის წინაშე თავდადებისთვის”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.
პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას კიდევ ერთხელ გაიხსენა ის პოლიციელები, რომლებიც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაიღუპნენ და პატივი მიაგო მათ ხსოვნას.
”დღეს ჩვენ გვყავს თანამედროვე სახელმწიფოს შესაფერისი პოლიცია, რომელსაც ენდობა და რომლის იმედიც აქვს საზოგადოებას. ამ მხრივ მოწინავე პოზიციებზე ვართ რეგიონში და არა მხოლოდ რეგიონში”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.