ჩვენ გვქონდა ძალიან წარმატებული განხილვა ყველა იმ რეფორმის, იმ პროგრესის, რომელსაც ყველამ ერთად მივაღწიეთ

18/03/2021

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელი სხდომა ბრიუსელში გამართული ვიზიტის შეჯამებით დაიწყო. მთავრობის მეთაურის შეფასებით, ვიზიტი, რომლის ფარგლებში შეხვედრები შედგა უმაღლეს დონეზე, როგორც ევროკავშირში, ისე – ნატოში, ძალიან წარმატებული იყო. როგორც პრემიერმა აღნიშნა, განხილული იყო ყველა ის რეფორმა და პროგრესი, რომელსაც საქართველომ მიაღწია.

„ჩვენ გვქონდა ძალიან წარმატებული განხილვა ყველა იმ რეფორმის, იმ პროგრესის, რომელსაც ყველამ ერთად მივაღწიეთ. უნდა აღინიშნოს, რომ ის რეფორმა, ის პროგრესი, რომელიც ჩვენ წარვადგინეთ, არის ყველას მიერ აღიარებული. ამიტომ, მინდა, მადლობა გადაგიხადოთ ყველა საჯარო მოხელეს, ვინც ჩართულია ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციის პროცესში”, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის მიერ გაკეთებულ შეფასებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ აქედან გამომდინარე, ხელოვნურად შექმნილი პოლიტიკური კრიზისის არავითარი საფუძველი არ არსებობს.

„ჩვენ მოვისმინეთ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის, ბორელის შეფასება ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური რეალობის და სიტუაციის შესახებ; ასევე, ჩვენ მოვისმინეთ მათი შეფასებები არჩევნებთან დაკავშირებით, რომელიც მათი შეფასებით არის, რა თქმა უნდა, თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტულ პირობებში ჩატარებული. შესაბამისად, მინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდო ყველა მხარეს, რომ მაქსიმალურად მოკლე დროში შევძლოთ კონსტრუქციული დიალოგის ფარგლებში გამოსავლის მოძებნა, იმისთვის, რომ ქვეყანა დაუბრუნდეს ნორმალურ პოლიტიკურ ცხოვრებას და გავაგრძელოთ ისეთ დიდ გამოწვევებზე კონცენტრირება, ფოკუსირება, როგორიც არის კოვიდ-პანდემია, ეკონომიკური პრობლემები ქვეყანაში, უმუშევრობა, ოკუპაცია და ა.შ. მით უმეტეს, რეგიონში გართულებული უსაფრთხოების გარემოს ფონზე. იმედი მაქვს, რომ ოპოზიციის კონსტრუქციული ნაწილი მიიღებს გონივრულ სახელმწიფოებრივ გადაწყვეტილებებს ამ დღეების განმავლობაში. ჩვენი მხრიდან, კიდევ ერთხელ ვადასტურებთ მზაობას იმისთვის, რომ გავაგრძელოთ კონსტრუქციული დიალოგი და რაც შეიძლება მოკლე დროში მივიღოთ შესაბამისი შეთანხმება”, – განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურმა ასევე ყურადღება გაამახვილა ქვეყანაში კორონავირუსის მართვის მიმდინარეობასა და ვაქცინაციის პროცესზე.

„მოგეხსენებათ, ჩვენს ქვეყანაში შემოვიდა ვაქცინის პირველი პარტია და ჩვენ, პირველ რიგში, დავიწყეთ სამედიცინო პერსონალის აცრა. სულ მალე ვაქცინაცია მოსახლეობის სხვა ჯგუფებისთვისაც გახდება შესაძლებელი,”- აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

გარდა ამისა, მთავრობის განკარგულებით, ჯანდაცვის რეფორმის ფარგლებში, სახელმწიფო ბიუჯეტიდან სოფლის ამბულატორიების აღჭურვა დაფინანსდება. როგორც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, პირველადი ჯანდაცვის სერვისებზე მოსახლეობის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისთვის, მნიშვნელოვანია პირველადი ჯანდაცვის რგოლის გაძლიერება.

„ჯანდაცვის მინისტრის ინიციატივით, წელს 300-მდე სოფლის ამბულატორია აღიჭურვება, რაც გააუმჯობესებს, როგორც სამედიცინო პერსონალის სამუშაო პირობებს, ისე – პირველადი ჯანდაცვის სერვისებს”, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მთავრობის მეთაურმა, ასევე, ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში ნატოში გამართული შეხვედრები შეაფასა და აღნიშნა, რომ კიდევ ერთხელ მოხდა შეჯამება იმ პროგრესისა, რომელსაც საქართველომ ბოლო წლების განმავლობაში თავდაცვის და უსაფრთხოების მიმართულებით მიაღწია.

„ჩვენ ნატოში გვქონდა ძალიან წარმატებული ვიზიტი. კიდევ ერთხელ მოხდა შეჯამება იმ პროგრესისა, რომელსაც ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში ყველამ ერთად მივაღწიეთ თავდაცვის, უსაფრთხოების მიმართულებით. კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით ყველას, ვინც ამ პროცესში იყო ჩართული”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0