ჩვენ ბოლომდე მივიყვანთ წინაპრების დაწყებულ საქმეს – ბრძოლას თავისუფლებისთვის

25/02/2021

„დღეს პატივს მივაგებთ ჩვენს გმირ წინაპრებს, რომელთაც საკუთარი სიცოცხლე გასწირეს სამშობლოსთვის, დამოუკიდებლობისთვის და თავისუფლების დასაცავად – ეს იყო გმირობის მაგალითი, რომელიც ყველა თაობისთვის მისაბაძია, თუ როგორ უნდა გიყვარდეს საკუთარი სამშობლო და როგორ უნდა დაიცვა თავისუფლება და დამოუკიდებლობა, როდესაც მას საფრთხე ემუქრება“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ იუნკერთა მემორიალთან განაცხადა, სადაც არჩილ თალაკვაძე დეპუტატებთან – დავით სერგეენკოსთან, ირაკლი ბერაიასთან, ალექსანდრე ტაბატაძესთან და ვლადიმერ ჩაჩიბაიასთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძესთან და თბილისის მერთან, კახა კალაძესთან ერთად იმყოფებოდა. საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა 1921 წლის 25 თებერვალს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში კოჯორ-ტაბახმელას მისადგომებთან გმირულად დაღუპული იუნკერების მემორიალი გვირგვინით შეამკეს და ახალგაზრდების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ასი წლის შემდეგ, საქართველო სუვერენული, დემოკრატიული სახელმწიფოა, თუმცა, გრძელდება ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაცია. არჩილ თალაკვაძე დარწმუნებულია, რომ წინაპრების მიერ დაწყებულ საქმეს – ბრძოლას თავისუფლებისთვის, საქართველო ბოლომდე მიიყვანს.

„მშვიდობიანად, დემოკრატიული განვითარებით, ეკონომიკის გაძლიერებით, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, საქართველო გამთლიანდება, დევნილები დაბრუნდებიან სახლებში და ჩვენ აღვადგენთ ხიდებს, რომელიც სამწუხაროდ, რუსეთის ფედერაციამ დაანგრია და საზოგადოება ხელოვნურად, მავთულხლართებით გაყო. ეს მავთულხლართების კედელი აუცილებლად დაინგრევა, როგორც თავის დროზე დაინგრა ბერლინის კედელი და დაინგრა ბევრი სხვა ბარიერი, რომელიც იყო დროის, პროგრესის და ჰუმანიზმის წინააღმდეგ“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

1921 წლის თებერვალში რუსეთის წითელ არმიასთან უთანასწორო ბრძოლას იუნკერთა დიდი ნაწილი ემსხვერპლა.
ბრძოლების ძირითადი ნაწილი კოჯრისა და ტაბახმელას მიდამოებში გაიმართა. 1921 წლის 25 თებერვალს საბჭოთა რუსეთის მე-11 წითელმა არმიამ თბილისი დაიკავა და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაცია მოახდინა. საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის დადგენილების თანახმად, ყოველი წლის 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედაა გამოცხადებული და საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები ეშვება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0