საქართველოს პრეზიდენტმა გუდაურის ტრაგედიის დროს დაღუპული მფრინავები, მაშველები და ექიმები მედლით – “სამოქალაქო თავდადებისათვის” დააჯილდოვა. ორბელიანების სასახლეში გამართულ დაჯილდოების ცერემონიალს შინაგან საქმეთა მინისტრი – ვახტანგ გომელაური, ჯანდაცვის მინისტრი – ზურაბ აზარაშვილი, ტრაგიკულად დაღუპული მფრინავების, მაშველებისა და ექიმების ოჯახის წევრები დაესწრნენ.
„პირველ რიგში, მინდა მივესალმო დაღუპული გმირების ოჯახებს, ვიზიარებ თქვენს მწუხარებას, ეს არის არა მხოლოდ თქვენი, არამედ ეს არის ქვეყნის მწუხარება. მინდა მივესალმო შს მინისტრს, ჯანდაცვის მინისტრს და პატივცემულ საზოგადოებას.
ჩვენ აქ ვართ შეკრებილნი იმისთვის, რომ პატივი მივაგოთ გმირებს. თავდადება ამას ჰქვია, როცა ბოლომდე გაწირავ თავს იმისთვის, რომ გადაარჩინო სხვა. ეს, ალბათ, არის უმაღლესი ღირსება ადამიანის, როცა შეგიძლია სხვისი სიცოცხლისთვის თავი გაწირო. ჩვენ ეს არასოდეს უნდა დავივიწყოთ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტის სასახლეში გამართულ ცერემონიალზე შინაგან საქმეთა მინისტრმა მომხდარი ტრაგედიის გამო კიდევ ერთხელ გამოთქვა მწუხარება და გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს თანადგომა აღუთქვა. ვახტანგ გომელაურმა საქართველოს პრეზიდენტს – სალომე ზურაბიშვილს მადლობა გადაუხადა გარდაცვლილი თანამშრომლების დაჯილდოებისთვის. მინისტრმა ასევე მადლობა გადაუხადა პრემიერ-მინისტრს – ირაკლი ღარიბაშვილს, უწმინდესსა და უნეტარესს – ილია II-ს, პატრიარქის თანამოსაყდრეს – მეუფე შიოს და სრულიად საპატრიარქოს თანადგომისთვის.
„ამ ოპერაციის დროს 8 ადამიანი დაიღუპა – 4 მფრინავი, 2 მაშველი და 2 ექიმი, რომლებიც ცდილობდნენ სხვისი სიცოცხლის გადარჩენას. ერთ-ერთი მორიგი ღონისძიება იყო,სამაშველო ოპერაცია იყო, თუმცა, სამწუხაროდ, დიდი უბედურებით დამთავრდა. ჩვენ დავკარგეთ ჩვენი გმირები, პროფესიონალები. მინდა კიდევ გავიმეორო, ჩვენ ყოველთვის თქვენ გვერდით ვიქნებით, თუ რამით შეიძლება, ცოტათი მაინც რომ შეგიმსუბუქოთ ეს დიდი ტკივილი. დღევანდელი ღონისძიებაც ზუსტად ამის გამოძახილია და მინდა დიდი მადლობა მოგახსენოთ, ქალბატონო პრეზიდენტო. ეს არის დიდი დაფასება ყველასთვის, მთლიანად შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის და მინდა მადლობა მოგახსენოთ ყველას სახელით. ასევე, მსურს მადლობა გადავუხადო ბატონ პრემიერ-მინისტრს გვერდში დგომისთვის, დაფასებისთვის. აგრეთვე, მინდა უღრმესი მადლობა ვუთხრა ჩვენს პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს გვერდში დგომისთვის, იმ ტკივილის გაზიარებისთვის, მეუფეებს, მეუფე შიოს და სრულიად საპატრიარქოს”, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით, 29 ივლისს მომხდარი ტრაგედიის დროს დაღუპული ოთხი მფრინავი და ორი მაშველი დაჯილდოვდა სამინისტროს I ხარისხის მედლით – “განსაკუთრებული დამსახურებისათვის”. საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, ტრაგიკულად დაღუპული მფრინავების, მაშველებისა და ექიმების ოჯახებმა, მატერიალური დახმარების სახით, 100 ათასი ლარი მიიღეს.