ჩვენ აუცილებლად უნდა გავაღრმავოთ ურთიერთობები ჩვენ ყველაზე დიდ მეზობელთან – რუსეთთან, – ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა „შეხვედრები რეგიონულ მედიასთან“ ფარგლებში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მოსახლეობასთან შეხვედრაზე განაცხადა. ადგილობრივი მედია დაინტერესდა ივანიშვილის მოსაზრებით მამისონის მიმართულებით გზის აღდგენის პროექტის თაობაზე, გამომდინარე იქიდან, რომ ოპოზიცია ამას საფრთხედ აფასებს. ივანიშვილის თქმით, 2008 წელს მამისონზე გზა არ ყოფილა, მაგრამ „წინა ხელისუფლებამ მოახერხა და მივიღეთ ოკუპირებული ტერიტორიები“.
„ინფრასტრუქტურა აუცილებელია იმისთვის, რომ ეკონომიკა და ბიზნესი სწრაფად განვითარდეს. როდესაც ადამიანების დასაქმებაზე არის საუბარი, ეს არ არის ხელისუფლების პირდაპირი ვალდებულება. ხელისუფლებამ პირობები უნდა შექმნას ამისთვის და პირველი, რაც უნდა მოითხოვოთ ხელისუფლებისგან, არის ინფრასტრუქტურა – გზები, გაზი, აეროპორტი. გზის გაკეთება ეჭვქვეშ არ უნდა დავაყენოთ. დღევანდელი ტექნიკა ძალიან განვითარდა… არ იყო მამისონზე გზა, მაგრამ სააკაშვილმა მოახერხა და მივიღეთ ჩვენ ოკუპირებული ტერიტორიები. სწორედ რომ მოახერხა, სისულელეები აკეთა. რუსეთს „გაპრავებას“ არ ვაპირებ არცერთ შემთხვევაში, მათ მოეთხოვებათ პასუხი ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში და ეს ძალიან უშლის ხელს ჩვენი ურთიერთობების დალაგებას, მაგრამ მაგის სისულელეები რომ არა, ვერ მოხდებოდა, ეს არ გაფორმდებოდა ასე. თქვენ გახსოვთ, რომ იქ მშვიდობის დამცველები იდგნენ და დანარჩენებიც კარგად გახსოვთ. გზა კი საჭიროა კომუნიკაციებისთვის, ყოველგვარი ურთიერთობების გასავითარებლად. ნურავის აქვს ილუზია, რომ ჩვენ რუსეთთან არ უნდა გავაღრმაოთ და არ უნდა დავალაგოთ ურთიერთობები“, – განაცხადა ივანიშვილმა.
ივანიშვილმა ასევე დაადანაშაულა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლება რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების დაკეტვაში.
„ჩვენ აუცილებლად უნდა დავალაგოთ და გავაღრმაოთ რუსეთთან ურთიერთობები. მთელი მსოფლიო იღწვის რუსული ბაზრისთვის. სანამ ომს მოგვიხერხებდნენ, მანამ ”ცივი ომი” ჰქონდათ და რუსული ბაზარი დაკეტეს ქართული პროდუქციისთვის და ქართველებს ტვირთავდნენ და ვაგონებით გამოჰყავდათ. ეს გააკეთეს, ისეთი ისტერიული ფონი შექმნეს სახელმწიფოებს შორის ურთიერთობებში. ეს ფონი შექმნეს ამ გაუაზრებელმა ხალხმა და მოხდა ის, რომ მანამდე, სანამ ომს დაიწყებდნენ, დაკეტეს სავაჭრო ურთიერთობები. თავისით არაფერი მომხდარა. თავისით ის ომიც არ მომხდარა და ამაში წვლილი საკუთარ ხელისუფლებას აქვს. რუსეთს თავისი წვლილი და დანაშაული აქვს, მაგრამ ჩვენ უნდა მივხედოთ საკუთარ თავს. ჩვენ თუ არ მივხედეთ არავინ იფიქროთ, რომ ვიღაც მოფრინდება აქ და ყველაფერს გაგვიკეთებს. ეს გზა აუცილებელი გასაკეთებელია“, – განაცხადა ივანიშვილმა.