პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქალაქ ბაქოში SPECA-ს ცენტრალური აზიის ქვეყნების მეთაურთა სამიტზე სიტყვით მიმართვა:
“დიდი მადლობა, ბატონო პრეზიდენტო, პატივცემულო პრეზიდენტებო, ბატონო პრემიერ-მინისტრო, ძვირფასო კოლეგებო, სამიტის მონაწილენო, ყველას მოგესალმებით, სასიხარულოა ჩემთვის მოძმე აზერბაიჯანში ვიზიტი და ცენტრალური აზიის ქვეყნების ეკონომიკებისთვის გაეროს სპეციალურ პროგრამაში (SPECA) ჩართული სახელმწიფოების მეთაურების სამიტში მონაწილეობა. მაქვს პატივი, საპატიო სტუმრის რანგში მივმართო დღეს აქ შეკრებილ გამორჩეულ საზოგადოებას. პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს მასპინძელს, პრეზიდენტ ილჰამ ალიევს ჩემი მოწვევისთვის საპატიო სტუმრის რანგში, ამ ფორუმის შესანიშნავი ორგანიზებისთვის და ულამაზეს ქალაქ ბაქოში ჩვენი გულთბილი მასპინძლობისთვის. მე ასევე გულწრფელად გილოცავთ ამ პროგრამის დაარსების 25 წლის იუბილეს, რომელიც შეიძლება ითქვას, უნიკალურ პლატფორმად ჩამოყალიბდა სექტორული თანამშრომლობისთვის და ჩარჩო ინიციატივად იქცა რეგიონში სტაბილური და მდგრადი განვითარების უზრუნველსაყოფად. აზერბაიჯანი საქართველოსთვის ღირებული მეზობელი და სტრატეგიული პარტნიორია. ჩვენ ვამაყობთ, რომ ჩვენს ერებს შორის მრავალსაუკუნოვანი, მეგობრობაზე დაფუძნებული ურთიერთობა უმაღლეს დონეზეა. ძვირფასო კოლეგებო, ამჟამინდელმა გეოპოლიტიკურმა კონტექსტმა გაზარდა ჩვენი რეგიონის, როგორც მნიშვნელოვანი სატრანზიტო და ლოგისტიკური ცენტრის, როლი, რაც ხელს უწყობს ტრანსპორტისა და ლოგისტიკური კავშირების გაუმჯობესებას. აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტზე ვაჭრობის დივერსიფიკაციისა და გაფართოების მზარდი მნიშვნელობის გათვალისწინებით ეგრეთ წოდებული „შუა დერეფანი” ხდება ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი და არსებული მარშრუტების საინტერესო ალტერნატივა. შუა დერეფანი ევრაზიის კონტინენტზე პოზიციონირდება, როგორც ტვირთებისა და ნახშირწყალბადების რესურსების მიწოდებისთვის, შეიძლება ითქვას, ყველაზე სწრაფი, ეკონომიური და საიმედო არხი. ამიტომ აზერბაიჯანელ და ყაზახ კოლეგებთან ერთად ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ამ კორიდორში არსებული დაბრკოლებების აღმოსაფხვრელად და ყურადღებას ვამახვილებთ ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე, გამტარუნარიანობის გაზრდაზე, პროცედურების გამარტივებასა და ერთიანი სატარიფო სისტემის დანერგვაზე. დაკავშირებადობის ხელშეწყობას ჩვენთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. ჩვენს ქვეყანას აქვს ძალიან საინტერესო სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობა და ასევე მიმზიდველი ბიზნესგარემო. საქართველო უკვე თამაშობს მნიშვნელოვან როლს აღმოსავლეთ-დასავლეთის დაკავშირებადობაში და მისი საერთო პოზიტიური ეკონომიკური, ბიზნეს და ინსტიტუციური პერსპექტივა შეესაბამება ჩვენს მიზანს, რომ უზრუნველყოს სტაბილურობა და კეთილდღეობა მთელ რეგიონში. ჩემი მთავრობა მნიშვნელოვან ინვესტიციებს ახორციელებს მასშტაბურ პროექტებში რეგიონული ვაჭრობის ხელშეწყობის მიზნით. ბოლო წლებში ინვესტიციები განხორციელდა ქვეყნის საავტომობილო გზების, რკინიგზისა და აეროპორტების განახლებაში, ასევე ახალი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურული პროექტების შემუშავებაში. ჩვენ ახლა ვმუშაობთ ახალი პროექტის განხორციელებაზე, რომელიც არის ახალი პორტის მშენებლობა ანაკლიაში. საბოლოო ეტაპზე ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის სიმძლავრე იქნება 100 მილიონი ტონა წელიწადში. ასევე ჩვენ ერთობლივად ვმუშაობთ შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროენერგიის კაბელის პროექტზე, რომელიც წამოვიწყეთ და რომელზეც ჩვენ გასულ წელს დეკემბერში ბუქარესტში მოვაწერეთ ხელი საქართველოს, აზერბაიჯანის, უნგრეთისა და რუმინეთის ლიდერებმა. ვფიქრობთ, ეს პროექტი ძალიან საინტერესო იქნება არა მხოლოდ ჩვენი რეგიონის, არამედ ევროპისთვისაც. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში (2018-2022), საქართველოს რკინიგზის ტვირთბრუნვა გაზრდილია 48%-ით. 2024 წლის ბოლოს, რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტის დასრულების შემდეგ, ჩვენი რკინიგზის გამტარუნარიანობა გაორმაგდება და გახდება 48 მილიონი ტონა წელიწადში. ჩვენ ასევე აქტიურად ვმუშაობთ აზერბაიჯანთან ერთად ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის მშენებლობაზე, რომელიც 2024 წელს დასრულდება. მთავრობა ასევე ახორციელებს სერიოზულ, სოლიდურ კაპიტალდაბანდებას აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის პროექტში. ჩვენ ასევე ვმუშაობთ ახალი აეროპორტის განვითარებაზე, რომელსაც ექნება პოტენციალი, რომ გახდეს რეგიონული საავიაციო ტრანზიტული ცენტრი. საქართველო მოგეხსენებათ, ძვირფასო კოლეგებო, რომ მრავალი წლის განმავლობაში არის საიმედო პარტნიორი ენერგორესურსების ტრანზიტის კუთხითაც. ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს მიწოდების ჯაჭვში და უზრუნველყოფს ნედლი ნავთობისა და ბუნებრივი აირის უწყვეტ და უსაფრთხო ტრანზიტს სამხრეთ კავკასიის გავლით. ამასთან, მე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ მნიშვნელოვნად დაინტერესებულნი ვართ ცენტრალური აზიის რეგიონთან კიდევ უფრო მჭიდრო ურთიერთობების გაღრმავებითა და არსებული პოტენციალის სრულად გამოყენებით. მინდა აღვნიშნო, რომ ბოლო წლების დინამიკა არის ძალიან პოზიტიური. ჯერ ვიტყოდი, აზერბაიჯანთან სავაჭრო ბრუნვა გასულ წელს გაიზარდა 16%-ით, წელს 10 თვეში ასევე 16%-ით არის გაზრდილი სავაჭრო ბრუნვა და შეადგინა 1 მილიარდ 230 მილიონი აშშ დოლარი. ასევე ცენტრალური აზიის ხუთივე ქვეყანასთან სავაჭრო ბრუნვა შარშან გაიზარდა 50%-ით, ხოლო წელს ათი თვის მონაცემებით ცენტრალური აზიის ქვეყნებთან ეს მაჩვენებელი 150%-ით არის გაზრდილი და შეადგინა 1 მილიარდ 400 მილიონი აშშ დოლარი. ძვირფასო კოლეგებო, ჩვენი მთავრობის მთავარი მიზანია მშვიდობის შენარჩუნება, სტაბილურობის უზრუნველყოფა და ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა. მიუხედავად იმისა, რომ რეგიონი და მსოფლიო არასტაბილურობით გამოირჩევა უსაფრთხოების სფეროში არსებული გამოწვევების გამო, ჩვენმა მთავრობამ ხსენებული მიზნების მიღწევა ჩვენი პრაგმატული, გააზრებული საგარეო და სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად შეძლო. ბოლო წლებში ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა გაიზარდა 10%-ით, 2021 და 2022 წლებში 10%-ზე მეტი გვქონდა ეკონომიკური ზრდა. ეს ტრენდი შენარჩუნებულია წელსაც – 7%-იანი ზრდა გვაქვს მიმდინარე პერიოდში. ინფლაცია არის ძალიან დაბალი – 1%-ზე ნაკლები. მოსალოდნელია, რომ წლის ბოლოს ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელი იქნება 8,000 აშშ დოლარზე მეტი, რაც არის ბოლო სამ წელიწადში გაორმაგება ამ პარამეტრის. მინდა ვთქვა, რომ 2024 წელს 1 სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით მშპ იქნება 8500 აშშ დოლარზე მეტი. გარდა ამისა, მინდა გაგიზიაროთ მონაცემები, რომ ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო რეზერვები მიმდინარე წლის ივლისში ისტორიულ მაქსიმუმს გაუტოლდა, ხოლო უმუშევრობის და სიღარიბის მაჩვენებლები ისტორიულად დაბალ ნიშნულზე დავიდა. ჩვენ ასევე აქტიურად ვაგრძელებთ ევროკავშირში ინტეგრაციას. ბოლო 10 წელიწადში მოვაწერეთ ხელი ასოცირების შეთანხმებას, თავისუფალ ვაჭრობას ევროპასთან, ამოქმედდა თავისუფალი მიმოსვლის რეჟიმი, უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ევროკავშირთან, შარშან მივიღეთ ევროპული პერსპექტივა და დეკემბერში ველოდებით კანდიდატის სტატუსს. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ საქართველო, როგორც ეკონომიკური თვალსაზრისით მზარდი პოტენციალის მქონე ქვეყანა, საიმედო და სტაბილური პარტნიორია. დღემდე ჩვენ ხელი მოვაწერეთ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებს ევროკავშირთან; ჩინეთთან, გვაქვს თავისუფალი ვაჭრობა დსთ-ის ქვეყნებთან, დიდ ბრიტანეთთან; არაბეთის გაერთიანებულ საემიროებსა და თურქეთთან. მთლიანობაში თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებები საქართველოში ინვესტორებს აძლევს წვდომას 2,3-მილიარდიან მომხმარებელთა ბაზარზე. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ მიმდინარე წლის ივლისში მე მქონდა ძალიან წარმატებული ვიზიტი ჩინეთში და ჩვენ ჩვენი ურთიერთობები გადავიყვანეთ ახალ დონეზე, სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გავაფორმეთ, რაც აძლევს ახალ შესაძლებლობებს არა მხოლოდ ჩვენს ქვეყნებს, არამედ მთლიან რეგიონს. მინდა ასევე აღვნიშნო, რეგიონში ვართ ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც აქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ჩინეთთან და ევროკავშირთან. ძვირფასო კოლეგებო, მე მინდა გითხრათ, რომ საქართველო არის დაინტერესებული, კიდევ უფრო მეტად გავაძლიეროთ ჩვენი პარტნიორობა, ჩვენი თანამშრომლობა აზერბაიჯანთან, ცენტრალური აზიის რეგიონთან, რაც მოიტანს მეტ კეთილდღეობასა და სტაბილურობას ჩვენი ქვეყნებისთვის. კიდევ ერთხელ მინდა გადავუხადო მადლობა პრეზიდენტ ალიევს დღევანდელი მნიშვნელოვანი ღონისძიების მასპინძლობისთვის და გისურვოთ წარმატებები მომავალ საქმიანობაში. დიდი მადლობა”!
ჩვენ ასევე აქტიურად ვაგრძელებთ ევროკავშირში ინტეგრაციას
24/11/2023