გეოგრაფიული მდებარეობა აღარ იქნება დაბრკოლება იმისა, რომ მოქალაქემ მიიღოს აუცილებელი სერვისები; აღარ იქნება დაბრკოლება იმისა, რომ კერძო ბიზნესმენმა საქმე აწარმოოს. საქართველოს ყველა წერტილში თანაბრად იქნება საჭირო ინფრასტრუქტურა, იმისათვის, რომ ყველა მომსახურება, მათ შორის სოფლებში, იყოს ხელმისაწვდომი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ლანჩხუთის მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.
პარტია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარემ ლანჩხუთელებს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი – ნინო წილოსანი წარუდგინა და მათ მთავრობის რეფორმების 4-პუნქტიანი გეგმის – ქვეყნის სივრცითი მოწყობის შესახებ ესაუბრა.
“გუშინ, ჩვენ წარვადგინეთ ჩვენი რეფორმების განვითარების გეგმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება – ეს არის ქვეყნის სივრცითი მოწყობის ანუ ინფრასტრუქტურული განვითარების გეგმა. უნდა ვთქვა, რომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არცერთ ხელისუფლებას არ ჰქონია ასეთი ამბიციური, ასეთი მნიშვნელოვანი განვითარების გეგმა, რომელიც დროის მოკლე პერიოდში, ანუ შემდეგი 4 წლის განმავლობაში გულისხმობს საქართველოს გადაქცევას თვისობრივად ახალ ქვეყნად. გეოგრაფიული მდებარეობა, აღარ იქნება დაბრკოლება იმისა, რომ ყველა მომსახურება, მათ შორის სოფლებში, იყოს ისევე ხელმისაწვდომი, როგორც ეს არის დღეს ქალაქებში. სწორედ ეს არის ჩვენი ქვეყნის ყველაზე დიდი პრობლემა, რომ ცხოვრების დონე არის განსხვავებული ქალაქებში და სოფლად. სოფლად არის დიდი გაჭირვება და სწორედ ამ გეგმის მეშვეობით ჩვენ ვფიქრობთ, რომ 4 წლის განმავლობაში მოვახდენთ ნამდვილი ეკონომიკურ გარღვევას და მნიშვნელოვნად შეიცვლება სოფლად ცხოვრების დონე. სწორედ ეს არის ჩვენი მომავლის გეგმების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება,” – აღნიშნა პრემიერმა.
გიორგი კვირიკაშვილმა ამომრჩეველს მხარდაჭერისკენ და საერთო მიზნებისთვის გაერთიანებისკენ მოუწოდა.
“ჩვენ უნდა გავერთიანდეთ ერთი, საერთო მიზნების გარშემო, მთელი საზოგადოება, მათ შორის ისინი, რომლებიც დღეს სხვაგვარად ფიქრობენ, დარწმუნებული ვარ ჩვენთან ერთად დადგებიან და მთელი საქართველო ერთად, დღეიდან 4 წლის თავზე დავდებთ სერიოზულ შედეგს. ეს შედეგი იქნება – ახალი საქართველო საუკეთესო ტრადიციებით, ეროვნული ფასეულობებით, თანამედროვე ინფრასტრუქტურით, თანამედროვე განათლების სისტემით და მთავრობით,რომელიც იქნება თითოეული ადამიანის საჭიროებაზე ორიენტირებული,” – განაცხადა პრემიერმა.
სიტყვით გამოსვლის დასასრულს, საქართველოს მთავრობის მეთაურმა მსოფლიოს ჭაბუკთა ჩემპიონს, ლანჩხუთელ გიორგი შოთაძეს წარმატებული ასპარეზობა მიულოცა.
“მინდა მივესალმო ჩვენს ახალგაზრდა მსოფლიო ჩემპიონს გიორგი შოთაძეს, რომელმაც საქართველოს სახელი გაიტანა მთელი მსოფლიოს მასშტაბით,” – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
მინდა, როგორც თქვენმა მეგობარმა, გთხოვოთ, ყველამ ერთად, ყველას მონაწილეობით შევქმნათ ის ერთიანი, ძლიერი ენერგია, რომელიც მძივებად აკინძავს მთელ საქართველოში თუნდაც ყველაზე პატარა პოზიტიურ მუხტს და ამ ქვეყანას გააერთიანებს, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჩოხატაურში, “ქართული ოცნების” მხარდამჭერებთან გამართულ შეხვედრაზე.
პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარემ ჩოხატაურებელს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი – ნინო წილოსანი წარუდგინა. სიტყვით გამოსვლისას მთავრობის მეთაურმა ქვეყანაში არსებულ წინასაარჩევნო გარემოზე, განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
“ჩვენ არ ვართ დღესდღეობით ძალიან მდიდარი ქვეყანა და ჩვენი ბიუჯეტი არ არის ყოვლისშემძლე, მაგრამ ჩვენ გავაკეთეთ ის, რომ ყველა ადამიანის ჯანდაცვაზე ვიზრუნეთ, ყველა ადამიანის ჯანმრთელობა გახდა სახელმწიფოს საზრუნავი და აღარ არის საჭირო ქონების გაყიდვა იმისათვის, რომ იმკურნალო. ჩვენ გავაკეთეთ ის, რომ საქართველოს სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ძალიან დიდი ნაწილი არის დამუშავებული, გასარწყავიანება გაიზარდა ორჯერ საქართველოში და ეს არის პირდაპირ მისული შემოსავალი სოფლად მაცხოვრებელი ადამიანებისთვის. რა თქმა უნდა, ეს არ არის ყველაფერი და ჩვენ ერთი წამით არ გვიფიქრია, რომ მივაღწიეთ საწადელს. ჩვენ ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი იმისათვის, რომ რეგიონებში ის გაჭირვება აღმოვფხვრათ საბოლოოდ, რომელიც დღეს კიდევ არსებობს,” – აღნიშნა პრემიერმა.
გიორგი კვირიკაშვილმა ჩოხატაურის მოსახლეობას ქვეყნის სწრაფი განვითარების გეგმა გააცნო, რაც, მისი თქმით, საქართველოს ახალ სივრცით მოწყობას ანუ ინფრასტრუქტურულ განვითარებას გულისხმობს.
“ეს იქნება ახალი საქართველო, აბსოლუტურად განსხვავებული ევროპული ხარისხის ინფრასტრუქტურით და ეს არის რეალობა. უნდა აშენდეს უამრავი ხიდი, გვირაბი, ავტობანი, რაიონული გზები, სოფლებთან დამაკავშირებელი გზები და ეს მარტო გზების მშენებლობა არ არის. ეს არის გაზიფიცირების დასრულება – არ უნდა დარჩეს სოფლები ბუნებრივი აირის გარეშე, სადაც ფიზიკურად შესაძლებელია, რომ მიყვანილი იქნას,” – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
საქართველოს მთავრობის მეთაური მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს ყველაზე დიდი პრიორიტეტი უნდა იყოს მომავალი თაობის განათლება, რომელის გარეშეც შეუძლებელია წინსვლაზე საუბარი.
“დღეს თუ ჩვენ არ დავხარჯეთ რესურსი, თუ არ ჩავდეთ ინვესტიცია იმაში, რომ პედაგოგი იყოს წელში გამართული, იმაში რომ ბავშვებმა ისწავლონ ნორმალურად მოწყობილ ინფრასტრუქტურაში, ნორმალურ სკოლებში, საბავშო ბაღებში, შეუძლებელია რაიმე მომავალზე ლაპარაკი. ამიტომ, ვაცხადებთ, განათლება იქნება ნომერ პირველი პრიორიტეტი და, რა თქმა უნდა, ჯანდაცვის პროგრამები გაგრძელდება, ინფრასტრუქტურა განახლდება და სახელმწიფო გახდება ადამიანზე ორიენტირებული კიდევ უფრო მეტად,” – განმარტა პრემიერმა.
გიორგი კვირიკაშვილმა ჩოხატაურელებს მხარდაჭერისკენ მოუწოდა და ხაზი გაუსვა, რომ 20 დღე დარჩა არჩევნებამდე, რომელმაც უნდა განაპირობოს მომავალი 4 წლის განმავლობაში ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესი ქვეყანაში, განვითარება და თითოეულ ოჯახში მიტანა იმ კეთილდღეობის, რომელიც საქართველოში შეიქნება.
“ეს იქნება საქართველოს უახლოეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პერიოდი და მე ნამდვილად არ მეშინია ამის თქმის, გამომდინარე იქედან, რომ ჩვენ პროფესიონალების, გულანთებული ადამიანების გუნდი ვართ. დარწმუნებული ვარ ჩვენი პროფესიონალიზმით, სამშობლოსადმი სიყვარულით, ამას შევძლებთ. სამშობლოს სიყვარული იწყება, პირველ რიგში, ერთი რიგითი ადამიანის სიყვარულიდან და ეს უნდა გვახსოვდეს. თუ შენ არ გიყვარს ერთი უბრალო, რიგითი ადამიანი, თუ არ შეგიძლია მისი ტკივილის მიტანა გულთან, მაშინ შენგან ძალიან შორს არის სამშობლოს სიყვარული და საერთოდ საუბარი არ შეიძლება იმაზე, რომ შენ სამშობლოსთვის რამის გაკეთება გსურს. ჩვენ ვართ ძალიან დიდი პოტენციის მატარებელი ქვეყანა და ჩვენ ეს პოტენცია უბრალოდ უნდა ავამუშაოთ,” – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ჩოხატაურში გამართულ შეხვედრაზე.