გლობალური კრიზისის პირობებში უკიდურესად მნიშვნელოვანია სახელმწიფოს, მთავრობის და კერძო სექტორის ერთობლივი და ძალიან მჭიდრო ურთიერთობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კახეთში, ტურიზმის სექტორთან შეხვედრის შემდეგ მედიასთან განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, გლობალური კრიზისი ქვეყნისთვის უნდა გახდეს შესაძლებლობა.
„ჩვენ ამ კრიზისიდან ქვეყანა უნდა გამოვიყვანოთ უფრო ძლიერი. ეს კრიზისი საქართველომ უნდა გამოიყენოს, როგორც ახალი შესაძლებლობების აღმოჩენის, მათი რეალიზების ყველაზე კარგი შესაძლებლობა.
ასეთ პერიოდში, ასეთ ამინდში და სეზონზე კახეთი ცარიელი რთული საყურებელია. რთული სანახავია ცარიელი სასტუმროები, ახალი აშენებული, უმაღლესი კლასის სასტუმროები. თუმცა, ყველას უნდა გვესმოდეს, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ საქართველო უნდა იყოს ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც შეძლებს უსაფრთხოდ ტურისტების მიღებას. ეს არის ჩვენი ამოცანა და ამაზე დავიწყეთ საუბარი ბათუმში, ვაგრძელებთ კახეთში. ჩვენ ვისწავლეთ ეპიდემიის მართვა. მოგეხსენებათ, რომ ბევრი სასტუმრო, რომელიც დღეს აქ იყო წარმოდგენილი, მონაწილეობდა საკარანტინო ზონების პროგრამაში. მათ უკვე თავისი გამოცდილებები აქვთ, როგორ შეიძლება ამ რისკების მართვა და ჩვენ ამას გამოვიყენებთ, როგორც ჩვენთვის, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებსაც გავუზიარებთ ამ გამოცდილებას. მოგეხსენებათ, რომ საქართველო უკვე ალაგებს სუფთა დერეფნის, ორმხრივი მოლაპარაკების ფორმატში კონკრეტულ სახელმწიფოებთან. ეს იქნება, პირველ რიგში, როგორც ჩანს, ისრაელი”, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.
პრემიერ-მინისტრის თქმით, ჩვენი ქვეყნის ელჩებს მიეცათ დავალება, რომ უახლოეს დღეებში, კონკრეტული პროტოკოლები, რომელიც საქართველოში ტურისტების მისაღებად წესდება, დაიწყება კომუნიკაცია შესაბამისი ჩვენი პარტნიორი ქვეყნების შესაბამის სამინისტროებთან.
„გუშინ მე მქონდა ჩართვა, შეხვედრა ჩვენი ქვეყნის 50 ელჩთან, რომელთაც მიეცათ დავალება, უახლოეს პერიოდში, უახლოეს დღეებში კონკრეტული პროტოკოლები, რომელიც საქართველოში ტურისტების მისაღებად წესდება, მათი ტრანსპორტირებისთვის აეროპორტებში, სახმელეთო საზღვრებზე, სასტუმროებში, მათი სამედიცინო რისკების სამართავად, ტესტირების რეჟიმებზე, უახლოეს დღეებში დაიწყება ამის კომუნიკაცია შესაბამისი ჩვენი პარტნიორი ქვეყნების შესაბამის სამინისტროებთან. ეს არის ჩვენი ამოცანა, ამაზე გვქონდა საუბარი დღეს აქ.
გარდა ამისა, დღეს ჩვენ ვიყავით რამდენიმე ფერმერთან სტუმრად და ვისაუბრეთ მათთან იმ სასოფლო-სამეურნეო პროგრამებზე, რომელსაც დღეს სახელმწიფო ატარებს კრიზისის პირობებში ფერმერების დასახმარებლად”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.