ბიუროს სხდომაზე ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წარმომადგენელმა, ლევან გოგიჩაიშვილმა ქვეყანაში შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით საგანგებო მდგომარეობის შემოღების თაობაზე საკუთარი პოზიცია დააფიქსირა. მისი თქმით, ისევე, როგორც მრავალ ქვეყანაში, საქართველოშიც ერთ-ერთ პრობლემას წარმოადგენს მოსახლეობის პანიკა.
„გთავაზობთ, ვიფიქროთ გარკვეული ვადით საგანგებო მდგომარეობის შემოღებაზე. იმ ზარალს, რასაც ეკონომიკა მიიღებს, ეს პანიკა მაინც გამოიწვევს. საგანგებო მდგომარეობის შემოღებაზე ვიფიქროთ იმისთვის, რომ ხელისუფლებამ პროცესები მართოს, ასევე მართოს საინფორმაციო სივრცეც, რომ ხელი არ შეეწყოს კიდევ უფრო მეტი პანიკის, ნიჰილიზმის და სხვა ნეგატიური მოვლენების გამოწვევას“, – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.
ფრაქცია „ ქართული ოცნება- მწვანეების“ თავმჯდომარის, გიორგი გაჩეჩილაძის განმარტებით, აღმასრულებელი ხელისუფლება გადაწყვეტს საგანგებო მდგომარეობა იქნება თუ არა აუცილებელი ასეთ შემთხვევაში.
„ვფიქრობ, სწორედ საგანგებო მდგომარეობის შემოღება შექმნის პანიკურ სიტუაციას ქვეყანაში, რადგან საგანგებო მდგომარეობა საზოგადოების მიერ აღიქმება როგორც განსაკუთრებული საფრთხე“, – აღნიშნა გიორგი გაჩეჩილაძემ.
პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ამაზე ფიქრი დღეს არ დაწყებულა.
„პრემიერ-მინისტრმა ჩაატარა უსაფრთხოების საბჭოს სხდომა და ყველა შესაძლო სცენარი, ყველა აუცილებელი ზომა განიხილა, რაც შეიძლება ქვეყანას დასჭირდეს განვითარებაში“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.
მისი განცხადებით, საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებით, მთავრობის დასაბუთებულ მოთხოვნას პარლამენტისგან მხარდაჭერა, რა თქმა უნდა, ექნება.
„ჩვენ ამ ეტაპზე ეფექტურად ვუმკლავდებით ვირუსის გავრცელების შეკავებას. საქართველომ გადადგა სწორი პრევენციული ნაბიჯები, ასევე გადადგა სწორი ნაბიჯები, როცა რეაგირება მოახდინა გამოვლენილ შემთხვევებზე. არა მხოლოდ საზოგადოებრივი ჯანდაცვის, არამედ ეკონომიკური, უსაფრთხოების და სხვა მნიშვნელოვანი მიმართულებები არის ახლა კოორდინაციის ქვეშ და ჩვენს მოქალაქეებს ვარწმუნებთ, რომ ყველა ზომა, რაც აუცილებელი იქნება იმისთვის, რომ დავიცვათ ჩვენი საზოგადოების უსაფრთხოება, დავიცვათ თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობა და სიცოცხლე, იქნება მიღებული დაგვიანების გარეშე. ახლა არის პროფესიონალური გამბედავი გადაწყვეტილებების დრო და ხელისუფლება ასეც აკეთებს ამ რთულ დღეებში. ამიტომაც არის, რომ საქართველო დღემდე ახერხებს გავრცელების შეკავებას, თუმცა ჩვენს მოქალაქეებს უნდა ვუთხრათ და ჯანდაცვის სამსახურებმა ამასთან დაკავშირებით ისაუბრეს უკვე არაერთხელ, რომ გავრცელების ნულამდე დაყვანას დამოუკიდებლად საქართველო ვერ შეძლებს. ჩვენ ველოდებით მედიკამენტებს, რომლის კვლევებიც სრულდება, ველოდებით, როდის ჩაეშვება მოხმარებაში ვაქცინა და ველოდებით ასევე, რომ გავრცელების პიკმა გადაიაროს. საქართველო ამ შემთხვევაში არის გლობალური ჯანდაცვის კონტექსტში. ის იზოლირებულად ვერ შეძლებს ვირუსის დამარცხებას, მაგრამ ჩვენ ვახერხებთ ვირუსის შეკავებას. შემთხვევების მატება მომავალში შეიძლება გაგრძელდეს, ვინაიდან მის ნულამდე დაყვანას დამოუკიდებლად ერთი რომელიმე ქვეყანა ვერ შეძლებს, მაგრამ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ჩვენი მოქალაქეების დასაცავად. საზოგადოების და თითოეული ადამიანის პასუხისმგებლობა არის მნიშვნელოვანი ამ პროცესში, ვინაიდან რამდენიმე მოქალაქის მხრიდან სარისკო ან უპასუხისმგებლო ქცევამ შესაძლოა ჩვენი ექიმების და ჯანდაცვის სამსახურის ძალისხმევას შეუქმნას საფრთხე და გააბათილოს მათი მიღწევები. ამიტომ ყველა ზომა დამუშავების პროცესშია და ამაზე არამარტო ფიქრი, არამედ მუშაობაა დაწყებული“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ფრაქცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლის, ლადო კახაძის განცხადებით, სანიმუშოა საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების თანამშრომლობის ფორმა, პირდაპირი და უკუკავშირი, ოპერატიულობა, სწორად გათვლილმა პრაქტიკული ნაბიჯები და სტრატეგია, რასაც სხვა ქვეყნებიც აღნიშნავენ. ბიურომ პარლამენტის სხდომაზე განსახილველ საკითხებში ორი ცვლილება შეიტანა: დეპუტატები დაჩქარებული წესით განიხილავენ პარლამენტის რეგლამენტში შესატან ცვლილებას, ასევე, მესამე მოსმენით იმსჯელებენ დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებზე.