საქართველოში მეზღვაურის პროფესია „საკვანძოდ“ გამოცხადდა. შედეგად, გემზე მყოფი ქართველი მეზღვაურები სამშობლოში უფრო მარტივად დაბრუნდებიან. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, მეზღვაურები დაბალი რისკის მქონე პირებს წარმოადგენენ, რადგან მათ პანდემიის გამო ნაპირთან კონტაქტი შეზღუდული აქვთ. ამასთან, მინისტრმა აღნიშნა, რომ სამშობლოში დაბრუნების გამარტივებული პროცედურა არ გულისხმობს უსაფრთხოების ნორმების შერბილებას.
„საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ დღეის მდგომარეობით 600-ზე მეტ მეზღვაურს გაუწია დახმარება. ჩვენ ავამოქმედეთ „მწვანე კორიდორები“ სხვადასხვა ქვეყნებთან მეზღვაურთა დროული დაბრუნებისთვის“ – განაცხადა ნათია თურნავამ. მისი თქმით, ქართველი მეზღვაურების როტაციის პროცესის სტიმულირების მიზნით რამდენიმე გემი სრულიად გათავისუფლდა საქართველოს პორტებში შემოსვლისთვის დაწესებული საფასურისგან, როდესაც მათი შემოსვლის მიზანი მხოლოდ ეკიპაჟის შეცვლა იყო.