ჩვენს მოქალაქეებს, სრულიად საქართველოს ვულოცავ ახალ 2020 წელს

01/01/2020

ჩვენს მოქალაქეებს, სრულიად საქართველოს ვულოცავ ახალ 2020 წელს, მინდა ვუსურვო ბედნიერება, წარმატება, ჯანმრთელობა, განსაკუთრებით კი მათ, ვინც ახალ წელს სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებენ, – განაცხადა მინისტრმა ნათია თურნავამ, რომელიც წინა წლების მსგავსად ახალ წელს საქართველოს „ენერგეტიკული გულიდან“ – სახელმწიფო ელექტროსისტემის ეროვნულ სადისპეჩერო ცენტრში შეხვდა და იქ, ღამის ცვლაში მომუშავე ადამიანებს პირადად მიულოცა ახალი წელი.

„როდესაც ჩვენ ყველა ახალ წელს ვზეიმობთ, კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ აქ, ელექტროსისტემის ეროვნულ სადისპეჩერო ცენტრში მომუშავე ადამიანები ყველაფერს აკეთებენ, რათა საქართველოში ყველგან იყოს შუქი და ბედნიერი ახალი წელი გვქონდეს,“ – განაცხადა მინისტრმა. მან ასევე განსაკუთრებულად გამოყო სხვა პროფესიის ადამიანები, რომლებიც დღესასწაულების მიუხედავად, ღამის ცვლაში მუშაობენ და პირნათლად ასრულებენ დაკისრებულ მოვალეობებს.

საქართველოს ენერგოსისტემის ეროვნული სადისპეტჩერო ცენტრში ნათია თურნავა მართვის ფარის მუშაობას გაეცნო, რომელიც უახლესი ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი და ენერგოსისტემის ოპერატიულ მართვაზეა პასუხისმგებელი. ეროვნულ სადისპეტჩერო ცენტრში მიმდინარეობს 24-საათიანი უწყვეტი მორიგეობა – ცვლაში მორიგეობს სამი დისპეტჩერი, რომლებიც ახორციელებენ მეზობელი ქვეყნების ელექტროენერგეტიკულ სისტემებთან ოპერატიულ მოლაპარაკებებს; ელექტროსადგურების, ქვესადგურების და მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების ოპერირებას ნორმალურ და ავარიულ სიტუაციებში; ელექტროსადგურებში სიმძლავრის ბალანსების კონტროლს და ექსპორტ იმპორტის გრაფიკების დაცვასა და მონიტორინგს. სს “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“, როგორც დისპეტჩერიზაციის ერთადერთი ლიცენზიანტი, პასუხისმგებელია ელექტროენერგიის მოთხოვნა-მიწოდების დაბალანსებასა და ელექტროენერგიის საიმედო მიწოდებაზე.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0