ჩვენს ინტერესებშია 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მშვიდობიან, სამართლიან გარემოში ჩატარება,-ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
„ჩვენ არაერთხელ განგვიცხადებია, რომ ყველაფერს გავაკეთებთ ამისათვის. ჩვენ დღეს ვსაუბრობდით პროვოკაციების საშიშროებაზე. სამწუხაროდ, ორი მცირე ინციდენტი მოხდა დღეს ორ სხვადასხვა რეგიონში. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ გაერთიანებას, რომ თავი შეიკავონ პროვოკაციებისგან“,-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
პარტიის აღმასრულებელი მდივნის თქმით, „ქართული ოცნება“ მაქსიმუმს გააკეთებს იმისათვის, რომ ეს არჩევნები მშვიდობიან გარემოში ჩატარდეს.
„ კარგია, რომ დღევანდელი დღე მხოლოდ მსუბუქი პროვოკაციებით შემოიფარგლა და რაიმე მძიმე ინციდენტს ადგილი არ ჰქონია.კიდევ ერთხელ, ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს ძალისხმევას იმისათვის, რომ მომავალში მაქსიმალურად მშვიდობიან გარემოში ჩატარდეს ეს არჩევნები“,-დასძინა მან.