ჩვენს გუნდს კარგად აქვს გააზრებული ბავშვის აღზრდისა და განათლების მნიშვნელობა

01/12/2021

პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე, მინისტრის საათის ფორმატში, განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, მიხეილ ჩხენკელს მოუსმინა. მიხეილ ჩხენკელმა დეპუტატებს წლიური ანგარიში წარუდგინა და 2021 წლის განმავლობაში განათლების ყველა საფეხურზე განხორციელებული ცვლილებები და სამომავლო გეგმები გააცნო. მინისტრმა დარგის პრიორიტეტებზე და განათლების სისტემის წინაშე მდგარ გამოწვევებზე ისაუბრა, რომელთაგან უმთავრესი კვლავაც პანდემიაა. მინისტრმა გამოსვლა ადრეული და სკოლამდელი განათლების მიმართულებით განხორციელებული პროექტების მიმოხილვით დაიწყო და აღნიშნა, რომ ეს მიმართულება სამინისტროს პრიორიტეტს წარმოადგენს.

„ჩვენს გუნდს კარგად აქვს გააზრებული ბავშვის აღზრდისა და განათლების მნიშვნელობა, როგორც ადამიანის მთელი ცხოვრების მანძილზე უწყვეტი განვითარების წინაპირობა. ამიტომაც, ადრეული და სკოლამდელი განათლება ჩვენი პრიორიტეტია“, – განაცხადა მინისტრმა.

მისივე თქმით, სამინისტრომ შეასრულა ამ მიმართულებით კანონით აღებული ყველა ვალდებულება. შემუშავებულია და ინერგება ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სტანდარტები და მონიტორინგიც აქტიურად მიმდინარეობს. პანდემიის პერიოდში სამინისტროს მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე საუბრისას, მინისტრმა განაცხადა, რომ უწყებამ საერთაშორისო და სხვა პარტნიორი ორგანიზაციების ერთობლივი ძალისხმევით, მოსწავლეების საკლასო ოთახებში დაბრუნება და სასწავლო პროცესის უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემოში წარმართვა უზრუნველყო.

„2021 წლის განმავლობაში მთელი საქართველოს მასშტაბით სკოლებში სასწავლო პროცესი ძირითადად ჩვეულ გარემოში – საკლასო ოთახებში მიმდინარეობს, სადაც მოსწავლეებისთვის უზრუნველყოფილია უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემო. სკოლები სრულად იცავენ ჯანდაცვის სფეროს რეკომენდაციებს. ვირუსის გამოვლენის შემთხვევაში, პროცესს ვმართავთ წერტილოვანი შეზღუდვებით და ამ მიდგომის გამო საქართველოს მასშტაბით საჯარო და კერძო სკოლებში ვინარჩუნებთ სტაბილურ ვითარებას“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

მინისტრმა სამინისტროს მიერ მასწავლებელთა ვაქცინაციის წახალისებისთვის განხორციელებულ ნაბიჯებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ შედეგად ბევრი მასწავლებელი ერთვება იმუნიზაციის პროცესში. მან ყურადღება ასევე გაამახვილა სამინისტროს მიერ, პანდემიის პირობებში, მშობლებისა და მასწავლებლებისთვის დასწრებითი და დისტანციური სწავლების ფორმატებს შორის არჩევანის შესაძლებლობაზე.

„მაუწყებლობას განაგრძობს სამინისტროსა და პირველი არხის თანამშრომლობით შექმნილი უნიკალური პროექტი „ტელესკოლა“. გაკვეთილების ბადე მოიცავს ყველა კლასს და საგანს, ტარდება აბიტურიენტის საათი, გაკვეთილები ადაპტირებულია ჟესტურ ენაზე, საგნები ისწავლება სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე. „ტელესკოლას“ ახლახან დაემატა გადაცემა „სამასწავლებლო“, რომელიც სასკოლო საზოგადოებისთვის განათლების თანამედროვე გამოწვევებისა და ზოგადი განათლების მიმართულებით მიმდინარე სიახლეების უკეთ გაცნობას ისახავს მიზნად. უნდა აღინიშნოს, რომ BBC-მ მოსწავლეებს „ტელესკოლა“ 2021 წლის იანვრიდან შესთავაზა, მაშინ, როცა ის საქართველოს განათლების სისტემაში 10 თვით ადრე დავნერგეთ“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

მინისტრის თქმით, პანდემიის პირობებში სამინისტროს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, რითაც უწყებამ ქვეყანაში უწყვეტი განათლების ხელმისაწვდომობა უზრუნველყო, მაღალი შეფასება მისცა გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლობამ საქართველოში. მიხეილ ჩხენკელმა კანონმდებლებს სკოლების განვითარების ხელშეწყობის მიზნით განსახორციელებელი ინიციატივები და მასწავლებელთა მხარდამჭერი პროექტები გააცნო. მან სკოლებში სწავლების თანამედროვე მეთოდების დანერგვას და სასწავლო პროცესში მაღალი ხარისხის სახელმძღვანელოებისა და ციფრული რესურსების გამოყენების აუცილებლობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ თანამედროვე სასწავლო გარემოს შესაქმნელად, საქართველოს ყველა საჯარო სკოლაში მიმდინარეობს მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის პროცესი, რაც სწავლების მეთოდოლოგიის ცვლილებას და მოსწავლეებში კრიტიკული, კომპლექსური აზროვნების განვითარების ხელშეწყობას გულისხმობს. მინისტრის ინფორმაციით, დაწყებულია სკოლების მართვის მექანიზმების გაუმჯობესებაზე მუშაობა. მან ყურადღება გაამახვილა ჯანსაღი და უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემოს უზრუნველყოფის საკითხებზე, სასკოლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების კუთხით განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე. მიხეილ ჩხენკელმა განათლების გარეშე დარჩენილი ბავშვების შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვები სამინისტროს განსაკუთრებული ზრუნვის საგანს წარმოადგენს. მინისტრის განცხადებით, 2030 წლისთვის ზოგადი განათლების სფეროს განვითარებისთვის 2 მილიარდ 230 მილიონ ლარზე მეტი იქნება გამოყოფილი, რაც მისივე თქმით, ცხადყოფს, რომ განათლების სისტემის მხარდაჭერა საქართველოს მთავრობის უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს. მინისტრმა კანონმდებლებს 2021 წელს პროფესიული განათლების მიმართულებით მიღწეული შედეგები და სიახლეებიც გააცნო და ამ მიმართულებით განხორციელებული რეფორმის პირველი ეტაპის (2013-2020) შესახებ ისაუბრა, რომლის ფარგლებშიც ფუნდამენტური ცვლილებები განხორციელდა ეროვნული კვალიფიკაციებისა და ინფრასტრუქტურის ევროპულ სტანდარტთან შესაბამისობაში მოსაყვანად. მიხეილ ჩხენკელი სოციალურად დაუცველი მოქალაქეების დასაქმებასთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მათი დასაქმების უმოკლესი გზა პროფესიული უნარებით აღჭურვაა. მისი თქმით, პროფესიულ განათლებაში განსაკუთრებული აქცენტი ინტერნაციონალიზაციაზე და ხარისხის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვაზე კეთდება. მინისტრმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ისაუბრა უმაღლესი განათლების კუთხით განხორციელებულ პროექტებზე, მეცნიერების განვითარების კუთხით გადადგმულ ნაბიჯებზე და სამომავლო გეგმებზე. მისი თქმით, უმთავრესი ამოცანაა უმაღლესი განათლების ხარისხის ევროპულ სტანდარტებთან ჰარმონიზაცია. მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, განათლებისა და მეცნიერების ინტერნაციონალიზაციის თვალსაზრისით, უდიდესი მნიშვნელობის მოვლენაა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის დაარსება.

„უნივერსიტეტის იდეისა და კონცეფციის ავტორი ბიძინა ივანიშვილია. სწორედ მისი და მისი ოჯახის უაღრესად მნიშვნელოვანი ქველმოქმედების შედეგად, ქვეყანაში გაჩნდა მსოფლიო მასშტაბის აკადემიური და სამეცნიერო-კვლევითი სივრცე“, – აღნიშნა მინისტრმა.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კონტექსტში, მინისტრმა ამავე უნივერსიტეტის ადრონული თერაპიის ცენტრის შესახებაც ისაუბრა, რომლის განვითარებისთვის ბოლო პერიოდში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა. აღნიშნული ცენტრი ფონდ „ქართუს“ მიერ არის დაფინანსებული და მასში განთავსდება ორი ციკლოტრონი, რომლებსაც ამჟამად მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან კომპანიაში (IBA) მოამზადებენ. ერთი ციკლოტრონი მოხმარდება სიმსივნის მკურნალობას, რაც მინისტრის განცხადებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სიმსივნით დაავადებული ბავშვებისთვის. მეორე ციკლოტრონი კი სამედიცინო და ბირთვულ ფიზიკაში სამეცნიერო-კვლევითი პროცესისთვის იქნება განკუთვნილი. მინისტრმა აღნიშნა, რომ სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს იმ ახალგაზრდების მხარდაჭერა, ვისაც განათლების მიღება მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტში სურთ. მისი თქმით, განათლების საერთაშორისო ცენტრის მეშვეობით, ყოველწლიურად ათეულობით ახალგაზრდა იღებს სახელმწიფო დაფინანსებას საზღვარგარეთ განათლების მისაღებად. 2012 წლიდან სახელმწიფოს მიერ ახალგაზრდების საზღვარგარეთ სწავლისთვის დახარჯული თანხა 44 მილიონ ლარზე მეტია. სხვადასხვა პროგრამით, მათ შორის, Erasmus+-ის პროგრამით, დაფინანსებულია 8 ათასზე მეტი ჩვენი თანამოქალაქის სწავლა და კვალიფიკაციის ამაღლება საზღვარგარეთ.

“ჩემი გამოსვლა მსურს დავასრულო ძალიან სასიხარულო და მნიშვნელოვანი ამბით – 2022 წლის თებერვლიდან საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივითა და საქართველოს მთავრობის ფინანსური ძალისხმევით, პირველად ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრში ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. პროგრამა ხელს შეუწყობს სტუდენტების ახალი თაობის აღზრდას, რომლებიც არა მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატების, არამედ, მსოფლიოს სამეცნიერო და ინტელექტუალურ წრეებში საქართველოს შესახებ კვლევების მხარდამჭერებად და ცოდნის გამავრცელებლებად მოგვევლინებიან. ქართველოლოგიის პროგრამა ხელს შეუწყობს როგორც საქართველოს ისტორიის, კულტურის, ლიტერატურისა და პოლიტიკის, ასევე, ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და მეცნიერებაში შეტანილი წვლილის შესახებ აკადემიური ცოდნის გავრცელებას და გაცვლას,” – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, ანგარიშის წარდგენის შემდეგ, დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა და მთელ რიგ მიმართულებებთან დაკავშირებით დამატებითი განმარტებები გააკეთა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0