ჩვენი ჯარის კიდევ უფრო გასაძლიერებლად ძალისხმევას არ დავიშურებთ

20/12/2019

„თითოეულმა ჯარისკაცმა მინდა იცოდეს, რომ დაგეგმილ ყველა რეფორმას წარმატებით მივიყვანთ ბოლომდე“, – აღნიშნული განცხადება საქართველოს თავდაცვის მინისტრმა სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში, 100 დღიანი მუშაობის შეჯამებისას გააკეთა. ირაკლი ღარიბაშვილმა საზოგადოებას 2020 წლის გეგმებიც გააცნო და განაცხადა, რომ სამინისტროს უმთავრესი პრიორიტეტი ნატოს სტანდარტებით თავდაცვის ძალების მზადყოფნის დონის ამაღლება და ჯარისკაცების სათანადო დაფასებაა.
თავდაცვის მინისტრმა 2020 წელი ჯარისკაცებზე ზრუნვის წლად გამოაცხადა: „ჩემი ხედვა ეფუძნება მხოლოდ ჯარისკაცების კეთილდღეობას – ჯერ ჯარისკაცი და შემდეგ ყველაფერი დანარჩენი“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მან ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით გადადგმულ ნაბიჯებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა, რაც არსებითად გააუმჯობესებს ჯარისკაცების საყოფაცხოვრებო პირობებს. მინისტრის განცხადებით, 2019 წელთან შედარებით ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, თითქმის 4-ჯერ მეტი – 100 მილიონი ლარი დაიხარჯება, რაც ნატოს წამყვანი ქვეყნების სტანდარტს გაუთანაბრებს ინფრასტრუქტურას. ირაკლი ღარიბაშვილმა ახალ საბინაო პოლიტიკაზეც გაამახვილა ყურადღება, რომელიც არსებითად გაუმჯობესდა. მოდიფიცირებული პოლიტიკის შედეგად სამხედრო მოსამსახურეები საცხოვრებელი ბინების მიღებას უპრეცედენტოდ შეღავათიანი პირობებით შეძლებენ.

„თუ ძველი პროექტით მათ უწევდათ ღირებულების 60%-ის გადახდა, ახალი პირობებით იმოქმედებს 50%-იანი თანამონაწილეობის პრინციპი“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ამ პროექტით სამხედროებს შესაძლებლობა ექნებათ კვადრატული მეტრი, დახლოებით, 100 აშშ დოლარის ფარგლებში შეისყიდონ. თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ამ ეტაპზე პროექტი ათასზე მეტ სამხედრო მოსამსახურეს შეეხება.
მინისტრის ანგარიშში მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმო სამხედრო მოსამსახურეებისთვის ღირსეული ანაზღაურებისა და ჯანმრთელობის დაზღვევის მაღალი სტანდარტების დაწესებას.

„1 ნოემბრიდან სამხედროებს ჩვენ ანაზღაურება წოდების მიხედვით 100-დან 500 ლარამდე გავუზარდეთ და ხელფასების ზრდის პროცესი 2020 წელსაც გაგრძელდება“ – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

2020 წელს სამხედროების ჯანმრთელობის დაზღვევისთვის 22 მილიონი ლარი გამოიყოფა.
ასევე თავდაცვის უწყების მთავარ ვალდებულებად, ირაკლი ღარიბაშვილმა დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებზე ზრუნვა დაასახელა. 2020 წლის იანვრიდან, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს, ტრავმებისა და ზოგადი ფიზიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, ხელფასებზე 200-დან 800 ლარამდე დანამატები დაუწესდებათ. ჯარისკაცებზე ზრუნვის პოლიტიკის ფარგლებში, თავდაცვის ძალების სამხედროები 2019 წლის 1 ნოემბრიდან კვების ახალ სტანდარტზე, სპეციალური ოპერაციების ძალებისთვის განკუთვნილ რაციონზე გადავიდნენ.
თავდაცვის მინისტრმა სამხედრო მოსამსახურეების ეკიპირების ხარისხის გაზრდის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და განმარტა, რომ 2020 წელს ჯარისკაცების ფეხსაცმლისა და უნიფორმის ხარისხი ნატოს წამყვანი ქვეყნების სტანდარტებს გაუთანაბრდება.

„დავგეგმეთ უმაღლესი ხარისხის ზამთრის და ზაფხულის სეზონებისთვის სამხედრო ფეხსაცმლის შესყიდვა, მოლაპარაკებები მიმდინარეობს ევროპის წამყვან კომპანიებთან“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა საერთაშორისო პარტნიორების შეფასებები, რომლის მიხედვითაც ქართველი ჯარისკაცების პროფესიონალიზმი და სიმამაცე საყოველთაოდ აღიარებულია.

„ჩვენი ჯარისკაცები ქვეყნის ღირსეული ელჩები არიან და ღირსეულად იცავენ მშვიდობას ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ“ – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

100 დღის მუშაობის შეჯამებისას, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა საერთაშორისო თანამშრომლობის კონტექსტში განსაკუთრებული ყურადღება ნატოსთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის კუთხით გადადგმულ ამბიციურ ნაბიჯებზე გაამახვილა. აშშ-სთან თანამშრომლობაზე საუბრისას ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამას (GDRP), რომელმაც მნიშვნელოვნად აამაღლა სამხედროების საბრძოლო მზადყოფნა. მისი თქმით, 2020 GDRP-ის ინსტიტუციონალიზაციის წელი იქნება.
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მუნიციპალიტეტებში თავდაცვის ცენტრები აშენდება, სადაც დაინტერესებული პირები თავდაცვის ძალებში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით სრულ ინფორმაციას მიიღებენ.

„აღნიშნული ცენტრები გააძლიერებს ჩვენს უწყებაში მიმდინარე რეფორმებსა და სიახლეებს. ამას გარდა, გაძლიერდება კომუნიკაცია სამოქალაქო სექტორთან. ასევე, იგეგმება „ერთი ფანჯრის პრინციპით“ მომსახურების მიწოდება აღნიშნულ ცენტრებში. ეს ცენტრები შეასრულებენ როგორც რეკრუტირების, რეზერვისა და მობილიზაციის, ასევე ჩვენი სამინისტროს საზოგადოებასთან სრულყოფილი ინფორმაციის მიმოცვლის ფუნქციას“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0