ჩვენი ქვეყანა ევროპული ცივილიზაციისა და კულტურის არა მხოლოდ თანამონაწილე, არამედ ერთ-ერთი შემქმნელია და მისი მიზანი სწორედ საერთო ევროპულ ოჯახში დაბრუნებაა

03/06/2022

„ჩვენი ქვეყანა ევროპული ცივილიზაციისა და კულტურის არა მხოლოდ თანამონაწილე, არამედ ერთ-ერთი შემქმნელია და მისი მიზანი სწორედ საერთო ევროპულ ოჯახში დაბრუნებაა“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ევროპის უნივერსიტეტში სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა.

შალვა პაპუაშვილი ახალგაზრდებს საქართველოს ევროინტეგრაციის შესახებ ესაუბრა. მისი თქმით, ჩვენი ქვეყანა ევროპული ცივილიზაციისა და კულტურის არა მხოლოდ თანამონაწილე, არამედ ერთ-ერთი შემქმნელია და მისი მიზანი სწორედ საერთო ევროპულ ოჯახში დაბრუნებაა. პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა ისიც, რომ ევროპულ ოჯახში დაბრუნება ქართველი ერის ისტორიული ნება და ამოცანაა. შალვა პაპუაშვილმა სტუდენტებს ევროპული ინტეგრაციის ფორმალური მხარეებიც გააცნო. ამ კონტექსტში, მან ხაზგასმით აღნიშნა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების მნიშვნელობა.

„ასოცირების ხელშეკრულებამ ევროპა ყველაზე დიდი მასშტაბით ჩართო ჩვენს ცხოვრებაში და ყველა სფეროში ვხედავთ რა მნიშვნელობა შეიძინა ევროკავშირმა. ეს ეტყობა საპარლამენტო ცხოვრებასაც. როდესაც ასოცირების შეთანხმებაზე ვსაუბრობთ, იცით, რომ ეს ქართული კანონმდებლობის და რეგულაციების დაახლოების პროცესია და ალბათ გსმენიათ კიდეც, რომ 45% ასოცირების შეთანხმებისა უკვე შესრულებულია, რაც საამაყო მაჩვენებელია. მათ შორის, ჩვენი მოწვევის პარლამენტმაც შეძლო რამდენიმე კანონის მიღება – მივიღეთ „მეწარმეთა შესახებ“ ახალი კანონი, „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ კანონი და ასე შემდეგ, რომლებმაც სხვადასხვა მიმართულებით ევროპული სტანდარტი დაამკვიდრა“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ევროკავშირის წევრობაზე საქართველოს მიერ შეტანილ განაცხადზე საუბრისას, შალვა პაპუაშვილმა ყურადღება უკრაინაში მიმდინარე რუსულ სამხედრო აგრესიაზე გაამახვილა. მისი თქმით, რუსეთის აგრესიამ უკრაინის წინააღმდეგ ევროკავშირს საკუთარი როლის მნიშვნელობა ახლებურად დაანახა.

„იმ აგრესიამ, რომელიც რუსეთის მხრიდან უკრაინის მიმართ ვიხილეთ და ჯერ კიდევ მოწმე ვართ, ბევრი რამ სხვანაირად დაანახა თავად ევროკავშირს, მათ შორის, მისი როლი ევროპაში, უსაფრთხოების სისტემაში, სხვა ყველა სფეროში, რომელიც პოლიტიკურად და გეოპოლიტიკურად მნიშვნელოვანია. ამ ომმა ბევრი რამის გადააზრებისკენ გვიბიძგა. რუსული აგრესია საქართველომ 90-იან წლებში და ახლახან, 2008 წელსაც გამოიარა. დღემდე, 2008 წლის ომი დაგმობის საგანია ევროპის მხრიდან, თუმცა ვნახეთ, რომ მაშინ, სამწუხაროდ, ბოლომდე ჯერ კიდევ არ იყო გააზრებული, თუ რასთან გვქონდა საქმე. ამან მოგვიტანა 2014 წელი და საბოლოო ჯამში, მიგვიყვანა 2022 წლამდე. ამ შეცვლილმა ვითარებამ ევროკავშირი დააყენა იმ მდგომარეობაში, რომ როგორც ჩანს არის გააზრებული, რომ საჭიროა უფრო და უფრო მკაფიო, პირდაპირი და ცალსახა ნაბიჯები იმ სამი ქვეყნის მიმართ, რომლებსაც ხელი აქვთ მოწერილი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებებზე. ვფიქრობ, რომ ახლა არის მომენტი, როდესაც ევროკავშირმა უნდა მიიღოს თამამი და მკაფიო გადაწყვეტილებები და საქართველოს, მოლდოვას და უკრაინას დაანახოს საკუთარი სოლიდარობა, ვინაიდან სამივე ქვეყანა განგრძობითად არის რუსული აგრესიის ობიექტი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ ევროკავშირის კითხვარის შევსების პროცესზე, ამ მხრივ პარლამენტის ჩართულობასა და შემდგომ პროცედურებზეც ისაუბრა.

„ობიექტური შეფასებებით, დღეს საქართველო აკმაყოფილებს კანდიდატის მოთხოვნებს. ჩვენი საშინაო დავალება და ამოცანაა, რომ ჩვენ ვიყოთ მზად, როდესაც ნატო და ევროკავშირი იქნებიან მზად პოლიტიკური გადაწყვეტილებისთვის“, – აღნიშნა მან.

ამას გარდა, შალვა პაპუაშვილმა სტუდენტებს ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს დღის წესრიგი და სამომავლო გეგმები გააცნო. პარლამენტის თავმჯდომარემ უპასუხა ახალგაზრდების კითხვებსაც, რომლებიც საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, უკრაინაში რუსეთის აგრესიას და რეგიონში არსებულ ვითარებას შეეხებოდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0