“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” ფინანსები გამჭვირვალეა, – ასე გამოეხმაურა პარტიის აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ პოლიტიკური პარტიების შემოწირულობებთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ ინფორმაციას. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, პარტიის შემომწირველები მხარდამჭერები არიან.
“ჩვენი ფინანსები აბსოლუტურად გამჭირვალეა. შემომწირველები პარტიის მხარდამჭერები არიან. ვგეგმავთ, კიდევ უფრო გავააქტიუროთ ეს პროცესი. დიდი იმედი გვაქვს, რომ მოვახდენთ სათანადო შემოწირულობების მობილიზებას, რაც საშუალებას მოგვცემს საპარლამენტო არჩევნებისთვის ღირსეულად გავიაროთ წინასაარჩევნო კამპანია”, – განაცხადა კობახიძემ.
მიმდინარე წლის აპრილში პოლიტიკურმა პარტიებმა შემოწირულების სახით, ჯამში, 604 747 ლარი მიიღეს. პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის ინფორმაციით, გასულ თვეში ყველაზე მეტი შემოწირულება – 268 500 ლარი “საქართველოს პარტრიოტთა ალიანსს” ერიცხება.
შემოწირულების კუთხით, 149 020 ლარით მეორე ადგილი უჭირავს ”ქართულ ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს”, მესამე კი – 124 000 ლარით ახალ პოლიტიკურ ცენტრ “გირჩს”.
სხვა პარტიების მაჩვენებელი ასე გამოიყურება: “აერთიანება ბედნიერი საქართველოსთვის” – 46 939 ლარი, “საქართველოს ქრისტიან-კონსერვატიული პარტია””– 9 000 ლარი, “საქართველოს მშვიდობისთვის” – 3 173 ლარი, “თავისუფალი საქართველო” – 1 364 ლარი, “საქართველოს რესპუბლიკური პარტია” – 1 131 ლარი, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” – 900 ლარი, “დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველო” – 600 ლარი და “საქართველოს კონსერვატიული პარტია” – 120 ლარი.