ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკის ერთ-ერთი მიმართულება ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემის დანერგვაა

16/09/2020

თბილისის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა. როგორც სხდომაზე აღინიშნა, ზონალურ-საათობრივი პარკირების მომდევნო არეალი ვაჟა-ფშაველასა და ყაზბეგის გამზირები იქნება. დეტალური ინფორმაციის მისაღებად, მოქალაქეებმა მუნიციპალურ პავილიონებს უნდა მიმართონ, რომელიც პეკინის გამზირის მსგავსად, ვაჟა-ფშაველასა და ყაზბეგის გამზირებზეც განთავსდება.

„საბურთალოს რაიონში განვაგრძობთ ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემის დანერგვას. შემდეგი ვაჟა-ფშაველასა და ყაზბეგის გამზირები იქნება. აქაც უნდა მოვამზადოთ საინფორმაციო ჯიხურები, იმისთვის, რომ მოქალაქეებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, ამ სიახლესთან დაკავშირებით, სრულყოფილი ინფორმაცია მიიღონ. ადგილობრივი მოსახლეობა ჩვენს პორტალზე უნდა დარეგისტრირდეს, რაშიც მათ თბილისის მერიის თანამშრომლები დაეხმარებიან“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, 10 სექტემბრიდან ზონალური პარკირების სისტემა პეკინის გამზირზე წარმატებით მოქმედებს.

„ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკის ერთ-ერთი მიმართულება ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემის დანერგვაა. პროექტი რამდენიმე ლოკაციაზე უკვე წარმატებით მიმდინარეობს. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ სისტემით სარგებლობს. ძალიან კარგია მოქალაქეებთან თანამშრომლობა“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის თქმით, ზონალურ-საათობრივი პარკირების ასამოქმედებლად, წინამოსამზადებელი სამუშაოები ვაკის რაიონშიც, ფალიაშვილისა და აბაშიძის, ასევე მათ გადამკვეთ ქუჩებზე დაიწყება.

„მინდა, ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს დავავალო, ვაკის რაიონში, კერძოდ, აბაშიძის, ფალიაშვილისა და მათ გადამკვეთ ქუჩებზე ანალოგიური პროექტის განხორციელება დაიწყოს. უნდა დავიწყოთ მომზადება, რომ ვაკის რაიონშიც, ასევე, მთელი ქალაქის მასშტაბით, ანალოგიური სისტემა დაინერგოს. რა თქმა უნდა, პარკირების საფასური რაიონების მიხედვით, განსხვავებული იქნება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის განმარტებით, პარკირება უფასო იქნება ელექტრომობილების მფლობელებისა და შშმ პირებისთვის, ასევე, A კატეგორიის ტაქსის ლიცენზიის მფლობელებისთვის. სტუმრად მისული მოქალაქეებისთვის კი, პარკირების საფასური ერთი საათის განმავლობაში, ერთი ლარი იქნება. კახა კალაძე საბავშვო ბაღებში დაწყებულ სოციალურ პროექტსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ წინა თვეების მსგავსად, საჯარო ბაღების აღსაზრდელების მშობლები ორი კვირის განმავლობაში, ბავშვებისთვის განკუთვნილი რაციონის სახლში წაღებას შეძლებენ.

„15 სექტემბერს საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი უნდა დაწყებულიყო, თუმცა ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, პროცესის დაწყება პირველ ოქტომბრამდე გადაიდო. ჩემს მოადგილეს, ილია ელოშვილს დავავალე, რომ თბილისის ბაგა ბაღების სააგენტოსთან ერთად, კვების საკითხი მოეწესრიგებინა და პროდუქტების სახით დაფასოებული, გამზადებული პაკეტები მშობლებს ბაღებში დახვედროდათ. მშობლებს ამჯერადაც ექნებათ შესაძლებლობა, ორი კვირის განმავლობაში, კონკრეტულ ბაღებს მიაკითხონ და ბავშვების რაციონი სახლში წაიღონ. აღნიშნული პროექტი მარტში დავიწყეთ და მაისის ბოლომდე წარმატებით მიმდინარეობდა. ამ შემთხვევაშიც, უზრუნველვყოფთ, რომ მშობლებს მივცეთ შესაძლებლობა, ის რაციონი, რომელიც ბაღში პატარებს უნდა მიეღოთ, საკუთარ სახლებში წაიღონ და მოამზადონ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერი დედაქალაქში მიმდინარე კულტურულ ღონისძიებებთან დაკავშირებით გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამ ღონისძიებებს ჰყავთ ორგანიზატორები და მერია მხოლოდ მათ დაფინანსებას უზრუნველყოფს.

„თითოეულ ღონისძიებას ჰყავს ორგანიზატორი და რა თქმა უნდა, ის არის ვალდებული, დაიცვას ყველა ის მოთხოვნა და შეასრულოს ყველა ის რეგულაცია, რომლისკენაც ჯანდაცვის სპეციალისტები მოგვიწოდებენ. ეს გასათვალისწინებელია არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, იმისთვის, რომ გავუფრთხილდეთ ერთმანეთის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს. შესაბამისად, ინფორმაცია, თითქოს, მერია უკეთებს ამ ყველაფერს ორგანიზებას, სიმართლეს არ შეესაბამება“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

მისივე თქმით, კულტურის სფეროს მხარდაჭერა გაგრძელდება და ამისთვის თბილისის ბიუჯეტიდან 3 მილიონი ლარი გამოიყო.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, კულტურის სფეროს წარმომადგენლებს გამოვუცხადეთ მხარდაჭერა, ვაფინანსებთ სხვადასხვა მიმართულებით, ეს იქნება კონცერტები, ბენდები, მომღერლები, ხელოვნების სხვადასხვა წარმომადგენელი. ამას გავაგრძელებთ, ადამიანებს პრობლემის პირისპირ არასდროს დავტოვებთ, ყველანაირად გვერდით დავუდგებით და ხელს შევუწყობთ. ამისთვის დაახლოებით, სამი მილიონი ლარი იქნა მოძიებული ჩვენს ბიუჯეტში“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერი ფოტოგრაფებსაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მომართვის შემთხვევაში, მერია მათ სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში დაეხმარება. მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ასევე აღინიშნა, რომ თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურმა კონკურსის – „შემოქმედებითი თბილისის“ მეორე ეტაპი გამოაცხადა.

„გვინდა, მხარდაჭერა გამოვუცხადოთ სხვადასხვა დარგის წარმომადგენლებს. კონკურსი გამოცხადებულია შემოქმედებითი მეწარმეობის შემდეგი მიმართულებით: საგამომცემლო საქმიანობა, დიზაინი და რეწვა, აუდიო-ვიზუალური ხელოვნება და ვიზუალური ხელოვნება. კონკურსის მიზანი დედაქალაქში შემოქმედებითი ინდუსტრიის სხვადასხვა მიმართულების განვითარება და ხელშეწყობა, სფეროში ჩართული ხელოვანებისა და სახელოვნებო ჯგუფების შემოქმედებითი იდეების წარმოჩენა და რეალიზებაა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე, ამ პროექტის ფარგლებში, გვაქვს შესაძლებლობა, თანადაფინანსების საშუალება გავზარდოთ. პროექტის შემადგენელი ძირითადი აქტივის – ტექნიკის, ინვენტარის, მოწყობილობის შეძენაც არის შესაძლებელი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, მსურველებს განაცხადის შემოტანის შესაძლებლობა 18 სექტემბრამდე აქვთ. გარდა ამისა, დედაქალაქის მერმა განაცხადა, რომ თბილისი ევროპის სხვა დედაქალაქების მსგავსად, „მობილობის ევროპულ კვირეულს“ აღნიშნავს, რომლის ფარგლებშიც, დედაქალაქში ველომსვლელობა გაიმართება. მისი თქმით, კვირეულის მთავარი მოწოდება ტრანსპორტის გამონაბოლქვის შემცირება, ხოლო ველომსვლელობის მიზანი ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციაა.

„2002 წლიდან, ევროპის ბევრი ქალაქი სექტემბერში „მობილობის ევროპულ კვირეულს“ აღნიშნავს. ჩვენც გვინდა, შევუერთდეთ ამ კვირეულს და კვირის ბოლოს, ქალაქში ველოსიპედებით გასეირნებას მოვაწყობთ. ვისაც სურვილი აქვს, ჩაერთოს ამ ღონისძიებაში, შეგიძლიათ, მობრძანდეთ. ზუსტ დროს და ადგილს ცოტა მოგვიანებით მოგახსენებთ. ჩვენ საზოგადოებას უნდა ავუხსნათ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ფეხით სიარული, ველოსიპედით გადაადგილება, ეკომეგობრული ტრანსპორტი. დღეს 650 000-მდე კერძო ავტომობილი გადაადგილდება ქალაქში და ეს რიცხვი ყოველდღიურად იზრდება, რაც არსებული რელიეფიდან გამომდინარე, პრობლემას წარმოადგენს. კერძო ავტომობილების ზრდა განპირობებული იყო იმით, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ იყო მოწოდების სიმაღლეზე. ჩვენი მიდგომაა, არსებული მდგომარეობა რადიკალურად შევცვალოთ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერის განცხადებით, ტრანსპორტის სფეროში არსებული გამოწვევების დაძლევასა და მდგრადი საქალაქო მობილობის შექმნას სწორედ ის რეფორმები ემსახურება, რომელიც თბილისის მერიის სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში მიმდინარეობს.

„იცით, რომ ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკა რამდენიმე მნიშვნელოვანი მიმართულებისგან შედგება. დაწყებული გვაქვს ავტობუსების განახლების პროცესი. პარალელურად, მიმდინარეობს ქუჩების, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. ასევე, ავტობუსებისთვის ჩნდება სპეციალური ზოლები, დერეფნები, რომ საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა თავისუფლად და მარტივად შეძლოს ქალაქში გადაადგილება. ავტობუსით მგზავრობა იყოს ყველაზე კომფორტული. იცით, რომ მეტროში უსაფრთხოების თვალსაზრისით, მთელი რიგი სამუშაოები გვაქვს დაწყებული. ასევე, ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა, რომლის დანერგვა მთელი ქალაქის მასშტაბით გვინდა. ყველაფერი ეს მიმართულია იმისკენ, რომ ქალაქში გადაადგილება მომდევნო წლების განმავლობაში თავისუფლად იყოს შესაძლებელი. ყველა სახის ტრანსპორტს – ავტობუსს, კერძო ავტომობილს, ველოსიპედს, ელექტროსკუტერს, ასევე ფეხით მოსიარულეს, უნდა ჰქონდეს თავისი სივრცე. იმისთვის, რომ გავუფრთხილდეთ ჩვენი მოქალაქეების და მომავალი თაობების ჯანმრთელობას, სიცოცხლეს, ამ რეფორმების განხორციელება უმნიშვნელოვანესია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0