ჩვენი პირობა შესრულდება, ამ ცვლილებებს ექნება ჩვენი საპარლამენტო გუნდის და უმრავლესობის მხარდაჭერა

16/06/2020

„ჩვენ ვეცდებით, შევიმუშაოთ საპარლამენტო არჩევნების ჩატარების ისეთი წესი, რომელიც ერთი მხრივ ჩვენს მოქალაქეებს დაიცავს ინფექციის გავრცელებისგან, მეორე მხრივ ასევე უზრუნველყოფს საარჩევნო უფლების სრულ რეალიზებას“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ დღევანდელ ბიუროს სხდომაზე. მომავალ კვირას, 23-26 ივნისს საგაზაფხულო სესიის ბოლო პლენარული სხდომები გაიმართება. არჩილ თალაკვაძის განცხადებით პარლამენტს, ივლისში, რიგგარეშე სესიის ფარგლებში მოუწევს მუშაობა, რადგანაც მნიშვნელოვანი კანონპროექტებია მისაღები, მათ შორის, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული ცვლილებები და კიდევ არაერთი პრიორიტეტული საკითხია განსახილველი. კონსტიტუციური კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვები დასრულდა, რომელიც ახალი კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებული რისკების გამო, პირდაპირ სატელევიზიო ფორმატში მიმდინარეობდა. პარლამენტის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა საზოგადოებრივ მაუწყებლებს თანამშრომლობისა და მასპინძლობისათვის. „რაც შეეხება თავად საჯარო განხილვების ერთთვიან ვადას, რომელიც კანონით არის მოცემული იწურება 18 ივნისს, შესაბამისად 19 ივნისიდან შეგვიძლია საკომიტეტო განხილვებზე გადავიდეთ და ასევე ჩავატაროთ კენჭისყრები, რაც მაღალი ალბათობით, როგორც გვაქვს დაგეგმილი ივნისის ბოლომდე უნდა დასრულდეს“.

„ჩვენი პირობა შესრულდება, ამ ცვლილებებს ექნება ჩვენი საპარლამენტო გუნდის და უმრავლესობის მხარდაჭერა. ამის შემდეგ ჩვენ დავაინიცირებთ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელიც ეხება საარჩევნო კოდექსს და პრაქტიკულად ყველა მნიშვნელოვანი რეკომენდაცია, რომელიც ეუთო/ოდირმა მისცა საქართველოს არჩვენებთან დაკავშირებით, ის რეკომენდაციები, რაზეც შეთანხმება მიღწეულია სამუშაო ფორმატის ფარგლებში ასევე იქნება ასახული ამ ცვლილებებში.
ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ, როგორც ხელისუფლება მაქსიმალურად ვემზადებით და ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ საქართველომ გააგრძელოს დემოკრატიის გაძლიერება, ჩავატაროთ თავისუფალი, გამჭვირვალე, სამართლიანი არჩევნები კიდევ უფრო მაღალი სტანდარტით. ამისათვის რასაკვირველია ერთის მხრივ მნიშვნელოვანია ჩვენი თანამოქალაქეების თანამონაწილეობა, მეორეს მხრივ ასევე მნიშვნელოვანი იქნება საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების აქტიურობა და ჩვენ, როგორც ხელისუფლება მონდომებული ვართ, რომ რაც შეიძლება მეტი დამკვირვებელი ჰყავდეს ამ არჩევნებს. ბუნებრივია არსებობს კოვიდ19-თან დაკავშირებული გამოწვევები, მაგრამ მე იმედი მაქვს, რომ ჩვენ შევძლებთ ამ პროცესის ეფექტიან მართვას,“ – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ხელისუფლება ითვალისწინებს საერთაშორისო რეკომენდაციებს არჩევნებთან დაკავშირებით და ცდილობს შეიმუშაოს საპარლამენტო არჩევნების ჩატარების ისეთი წესი, რომელიც ერთი მხრივ მოქალაქეებს დაიცავს ინფექციის გავრცელებისგან, მეორე მხრივ უზრუნველყოფს საარჩევნო უფლების სრულ რეალიზებას. ამისთვის მიმდინარეობს მუშაობა, რომელშიც ჩართულია ცენტრალური საარჩევნო კომისია, ჩართულნი არიან უცხოელი პარტნიორები და ასევე ოპოზიციასთან კონსულტაციების შემდეგ შემუშავდება კონკრეტულად ის წესები, რომელიც საარჩევნო პროცესში იქნება საჭირო.

პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს სხდომაზე ყურადღება გაამახვილა ასევე პირბადეების გამოყენების წესზე, რომელიც დღეიდან შევიდა ძალაში და კოლეგებს მოუწოდა თვითონ აჩვენონ მოქალაქეებს კანონის პატივისცემის მაგალითი და ატარონ პირბადე. რაც პრევენციის და ინფექციის გავრცელების შეკავების კიდევ ერთ მნიშვნელოვანი კომპონენტია. პარლამენტის თავმჯდომარემ კოლეგებს გააცნო კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მორიგი შეხვედრის დეტალები. მისი თქმით, დღეს საბჭომ განიხილა ტესტირების შემდგომი გაფართოების შესაძლებლობა და სქემა, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის ტესტირების ეტაპებს. რაც ნიშნავს, რომ ყველა ადამიანი, ვინც მომეტებული რისკის ზონაში საქმიანობს და გადაადგილდება, მათ ექნებათ ერთის მხრივ რეგულარული რუტინული სკრინინგის შესაძლებლობა და ასევე კიდევ უფრო გაფართოვდება ხელმისაწვდომობა ტესტირებაზე.

„ეს მოგვცემს საშუალებას გავაკეთოთ სწორი და ეფექტური პრევენცია და ასევე ვაკონტროლოთ პროცესი. შეზღუდვების მოხსნის ფონზე ჩვენ გვქონდეს ეფექტური კონტროლი ინფექციის ახალ შესაძლებლობებთან დაკავშირებით“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ და პარლამენტის სახელით კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა ჯანდაცვის სფეროსა და ყველა მოკავშირე სამსახურებს, რომლებიც ჩართული არიან კოვიდ19 წინააღმდეგ ბრძოლაში.

ამის შემდეგ, ბიურომ იმსჯელა ახალ საკანონმდებლო ინიციატივებზე, კერძოდ პარლამენტი მიმდინარე კვირაში განიხილავს საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტს „საზოგადოებრივი ორგანიზაციების განვითარების მხარდაჭერის სახელმწიფო კონცეფციის“ დამტკიცების შესახებ“, ასევე კანონპროექტთა პაკეტს „დასაქმების ხელშეწყობის შესახებ“. მომავალ კვირაში იმსჯელებენ კანონპროექტზე „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტთა პაკეტზე. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონში ცვლილებებზე და „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებზე. აღნიშნულ კანონპროექტებთან დაკავშირებით განისაზღვრა წამყვანი და სავალდებულო კომიტეტები. ბიურომ იმსჯელა საორგანიზაციო საკითხებზე. მათ შორის დაამტკიცა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის – მეურვეობის კანდიდატების შესარჩევი საპარლამენტო საკონკურსო კომისიის დებულება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0