გიორგი კვირიკაშვილი:
“ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, მოგმართოთ თქვენ, პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ აქტივის წევრებს. პირველ რიგში მინდა, დავიწყო მადლობის გადახდით. მადლობა ყველას, თითოეულ თქვენგანს იმ ძალიან მნიშვნელოვანი წვლილისთვის, რაც თქვენ ჩვენი პოლიტიკური გაერთიანების წარმატებაში და ჩვენი ქვეყნის წარმატებაში შეიტანეთ. მინდა, მოგესალმოთ და ასევე მივესალმო იმ ახალ წევრებს, რომლებიც დღეს ამ დარბაზში იმყოფებიან, მაგრამ ამავე დროს მინდა, უდიდესი მადლობით და მათი ღვაწლის დაფასებით მივმართო იმ ადამიანებს, რომლებიც პირველივე დღიდან პარტია “ქართული ოცნების” რიგებში იყვნენ და აშენებდნენ იმ წარმატებას, რომელიც ჩვენს ქვეყანაში შენდება. თითოეული თქვენგანის როლი ამ წარმატების მშენებლობაში ნამდვილად ძალიან დიდია.
დღევანდელი კონფერენცია აირჩევს დელეგატებს ამბროლაურიდან – წარმომადგენლებს პარტიის დიდ ყრილობაზე. ჩვენი მიზანია, პარტია განახლებული ენერგიით შეხვდეს იმ ახალ დღის წესრიგს და იმ გამოწვევებს, რომლებიც დღეს ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას. სწორედ რეგიონული პარტიული სტრუქტურების გადახალისებასა და ყრილობისთვის მზადებას ემსახურება ჩვენი პარტიული კონფერენცია.
დღეს განსაკუთრებული დღეა, 6 წლის წინ, ზუსტად დღევანდელ დღეს, 2012 წლის 21 აპრილს ბატონი ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით დაარსდა ჩვენი პარტია ,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“. საქართველოსთვის გადამწყვეტ ეტაპზე, ერთადერთი და ყველაზე ძლიერი იარაღით – მხოლოდ სიმართლით და ხალხის გვერდში დგომით, დაიწყო უკომპრომისო ბრძოლა რეჟიმის წინააღმდეგ, რომელიც სულ რამდენიმე თვეში, 1 ოქტომბერს არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვებით დაგვირგვინდა. ამ გამარჯვებამ გარდამტეხი როლი ითამაშა საქართველოს სახელმწიფოს დემოკრატიული განვითარების საქმეში. დღეს მინდა თქვენთან ერთად ერთგვარად შევაჯამო ჩვენი პარტიის, როგორც მმართველი ძალის, მიერ გაწეული საქმიანობა. საბედნიეროდ, ჩვენ უკან მოვიტოვეთ ბევრი სირთულე და დღეს გვაქვს საშუალება, ახალ გამოწვევებს შევეჭიდოთ, აღვასრულოთ ჩვენი შორსმიმავალი გეგმები.
სწორედ ეს არის ჩვენი პარტიის დღევანდელი ამოცანა. დემოკრატიული მმართველობა ევროპული ქვეყნების ცხოვრების წესია და ჩვენც სწორედ ამ გზით მივდივართ.
ნამდვილად დარწმუნებული ვარ, რომ პარტიას, თითოეულ მის წევრს აქვს პოლიტიკური ნება, მთავარი მოტივაცია და რესურსიც იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ცხოვრება მაქსიმალურად შევცვალოთ უკეთესობისკენ.
ჩვენი პარტიის რიგებში ბევრი ახალგაზრდაა და ეს ძალიან სასიხარულოა. ვისურვებდი, კიდევ უფრო მეტი მოტივირებული და ენერგიული ახალგაზრდა შემოემატოს “ქართულ ოცნებას”, რაც ნამდვილად დიდი შენაძენი იქნება პარტიისთვის. მინდა, ადგილობრივ ლიდერებს ვთხოვო, მოვუწოდო, მაქსიმალურად გაშალონ დიალოგი ახალგაზრდობის წარმომადგენლებთან. ახალი ენერგია ყოველთვის საჭიროა, განსაკუთრებით, ისეთი არასტანდარტული და გაბედული გადაწყვეტილებების მიღების დროს, როგორიც ჩვენს ქვეყანას ნამდვილად სჭირდება. ასევე, იმ ადამიანებს, რომლებიც პირველივე დღიდან იდგნენ პარტია “ქართული ოცნების” რიგებში და ურთულეს პირობებში გადაიტანეს ბრძოლის ყველაზე რთული ეტაპი, მინდა, კიდევ ერთხელ დიდი მოწიწებით და ქედის მოხრით დიდი მადლობა გადავუხადო. ისინი არიან ჩვენი პარტიის, ჩვენი გუნდის ძალიან მნიშვნელოვანი და ღირებული წევრები და რა თქმა უნდა, ასეთებად დარჩებიან.
დღეს, პარტიის დაარსებიდან 6 წლის თავზე, თამამად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ბევრი პრობლემა გადავჭერით, ბევრი სირთულე დავძლიეთ. ამ ექვსმა წელმა ჩვენ გზა გაგვიკაფა და მოგვცა იმის საშუალება, რომ დღეს უფრო დიდ მიზნებს შევეჭიდოთ – დავიწყოთ ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური განვითარება, რაც უკვე კონკრეტულ შედეგებს გვაძლევს – ახალ სამუშაო ადგილებსა და კეთილდღეობას მოუტანს ჩვენს ქვეყანას და თითოეულ მოქალაქეს. გასული წლების განმავლობაშ,ი ჩვენ განვახორციელეთ უმნიშვნელოვანესი რეფორმები, რამაც უკვე ხელშესახები შედეგები მოგვიტანა.
დღეს ჩვენ თამამად შეგვიძლია შევხედოთ ხალხს თვალებში, რადგან არცთუ ცოტა საქმე გვაქვს უკვე ზურგსუკან. თუნდაც ამ მხარეში, დაწყებული ადამიანების აუცილებელი საჭიროებებით, დამთავრებული – მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტებით. ვერავინ გაიხსენებს ბოლო ათწლეულების განმავლობაში ისეთ ხელშეწყობასა და სახელმწიფოს მხრიდან თუნდაც მევენახეობის ისეთ დაფასებას, როგორიც ჰქონდა რაჭა-ლეჩხუმს ჩვენი ხელისუფლებისგან. დაახლოებით 60 პროექტია დაფინანსებული რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში, რომელიც უმეტესწილად ყურძნის შესყიდვასა და მევენახეობის დარგის განვითარებას ხმარდება; სუბსიდირებისა და აგროკრედიტების თვისებრივად განსხვავებული სისტემის გატარებით სახელმწიფომ მოახდინა კერძო სექტორის სტიმულირება, რათა მიეღო და გადაემუშავებინა რაც შეიძლება მეტი ხარისხიანი ყურძენი. 2013-2017 წლებში რეგიონის მოსახლეობამ ყურძნის ჩაბარების შედეგად შემოსავლების სახით 29 მლნ ლარი მიიღო და ეს ტენდენცია საბედნიეროდ მზარდია. ჩვენი ქვეყანა სულ უფრო იხვეჭს სახელს, როგორც ღვინისა და ვაზის უნიკალური ჯიშების სამშობლო. ამას კიდევ უფრო მეტი პოპულარიზაცია და სათანადო ინფრასტრუქტურის მოწყობა სჭირდება და ჩვენ, რა თქმა უნდა, ვმუშაობთ ამ მიმართულებით.
ამბროლაურის აეროპორტის არსებობა ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანია არა მარტო აქაური მოსახლეობისთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის. ეს არის რაჭა-ლეჩხუმის ჭიშკარი და ჩვენ ძალიან დიდ იმედებს ვამყარებთ სწორედ ასეთ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომლებიც კეთილდღეობას მოუტანს თითოეულ ოჯახს, დაეტყობა თითოეული ადგილობრივი მოსახლის შემოსავალს. ამავე დროს ასეთი პროექტები მნიშვნელოვნად ამცირებს რეგიონის დაცლის საფრთხეს და ახალ სიცოცხლეს სძენს მას. ჩვენ კი ეს ულამაზესი მხარე აუცილებლად ფეხზე უნდა დავაყენოთ. აქ სულ სხვა ცხოვრება უნდა დაიწყოს, სისხლსავსე და საინტერესო. დარწმუნებული ვარ, სულ რამდენიმე წელში ჩვენ აქ ვნახავთ ძალიან ბევრ წელგამართულ ადამიანს, რომლებიც საკუთარი პროფესიონალიზმით, ბიზნესის კეთების შესაძლებლობით არჩენენ საკუთარ ოჯახებს და დაასაქმებენ სხვებსაც. რაც ძალიან მახარებს, არის ის, რომ აქ რეგიონის მკვიდრი უამრავი ახალგაზრდა ბრუნდება და საქმეს იწყებს. ახალგაზრდებს ეძლევათ საშუალება, მამა-პაპისეულ მიწაზე შექმნან საკუთარი მომავალი. სწორედ ასეთი ახალგაზრდებისთვის წამოვიწყეთ სახელმწიფო პროგრამა – „ახალგაზრდა მეწარმე“, რომელიც სულ რამდენიმე დღის წინ დავაანონსეთ. ჩვენ გამოვთქვამთ სრულ მზადყოფნას იმისათვის, რომ ახალგაზრდებს ჰქონდეთ სახელმწიფოს მხარდაჭერა სოფელში ბიზნესის დასაწყებად. ჩვენ ყოველმხრივ შევუწყობთ ხელს, რათა მოტივირებულმა ახალგაზრდებმა შექმნან სოფლებში რძის, ხილისა და ბოსტნეულის, ხორცის გადამამუშავებელი საწარმოები, გააშენონ ვაზი, მოაწყონ საოჯახო მარნები, ააშენონ ფერმები, სამაცივრე მეურნეობები და სხვა. მჯერა, რომ ეს გარდატეხას შეიტანს ახალგაზრდებს შორის და სულ უფრო დიდ დაინტერესებას გამოიწვევს. ეს ჩვენ გვისახავს იმედს, რადგან ახალგაზრდები ქმნიან ქვეყნის მომავალს და მათ ხელშია განვითარების უდიდესი პოტენციალი.
ჩვენ მიერ ბიზნესისთვის სწორი პირობების შექმნამ განაპირობა ის, რომ აქ, თანდათან, სულ უფრო ვითარდება ადგილობრივი წარმოება. ამის ძალიან კარგი მაგალითია კომპანია – „ბლაუენშტაინ საქართველო“, რომელიც გახლავთ შვეიცარიასთან ერთობლივი საწარმო, აქვს ძალიან მაღალი წარმოება მესაქონლეობის დარგში და დღეს წარმატებულ ბიზნესსაქმიანობას ეწევა. ამ კომპანიის ხელშეწყობით და სახელმწიფოს აქტიური მხარდაჭერით, ონსა და ამბროლაურში მუშაობს მესაქონლეობის ახალი საწარმოები, რომლებიც სამაგალითოა არა მხოლოდ რეგიონში, არამედ მთელ ქვეყანაში.
აგრეთვე, წელს ამბროლაურში გაიხსნა სრულიად ახალი საწარმო „რაჭული ლორი“, რისთვისაც 350 000 აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. ახალი საწარმოები, თავისთავად გულისხმობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და ადგილობრივი მცხოვრებლების კეთილდღეობას.
ჩვენ ვზრუნავთ იმაზე, რომ ახალგაზრდებს ჰქონდეთ თანამედროვეობის შესაბამისი უნარ-ჩვევები და დაეუფლონ მათთვის საჭირო, ახალ და მოთხოვნად პროფესიებს. ამიტომაც, ჩვენ დიდ ყურადღებას ვუთმობთ პროფესიულ განათლებას, რაც მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. ასე მაგალითად, რეგიონში მუშაობს სახელმწიფო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება – პროფესიული კოლეჯი „ერქვანი“, სადაც სტუდენტთა სამეწარმეო იდეების განვითარების ხელშესაწყობად შექმნილია აგრეთვე სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია.
რეგიონისთვის ასევე უდიდესი მნიშვნელობის პროექტია ზემო იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი 45 კმ-იანი 2-ზოლიანი გზა, რომელიც 2020 წლისთვის დასრულდება. ეს იქნება უმოკლესი, მაღალი სტანდარტის გზა, რომელიც 1 საათით შეამცირებს გადაადგილების დროს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც ჩვენი მოსახლეობისთვის, ასევე ტურისტებისთვის. მოგეხსენებათ, მთლიანად ჩვენი ქვეყანა და განსაკუთრებით ეს ულამაზესი მხარე უფრო და უფრო პოპულარული ხდება ტურისტებისთვის და ჩვენ ამას მაქსიმალურად ვუწყობთ ხელს.
ჩვენ ვმუშაობთ პროექტზე, რომლითაც ქუთაისი, ლეჩხუმი, ქვემო და ზემო სვანეთი ერთმანეთს დაუკავშირდება.
დარწმუნებულნი ვართ, რომ სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ლენტეხის დაკავშირება ქუთაისთან, როგორც საქართველოს უმნიშვნელოვანეს ცენტრთან, იქნება ძალიან დიდი სტიმული რეგიონის განვითარებისთვის.
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთისთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მინიჭებული აქვს 255 სოფელს, რაც გულისხმობს განსაკუთრებულ შეღავათებს მთაში მცხოვრები ჩვენი მოქალაქეებისთვის.
ჩვენ კარგად ვიცით, რომ ძალიან ბევრი პრობლემა კვლავაც გადასაჭრელია, მაგრამ მთავარია, რომ სწორ გზას ვადგავართ და ჩვენი ამოსავალი ქვეყნის წინსვლა და ხალხის ცხოვრების დონის გაუმჯობესებაა.
მინდა, ასევე ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ადგილობრივ მმართველობას, მუნიციპალიტეტის მერს, გუბერნატორს, მაჟორიტარ დეპუტატს, რომლებიც ყოველდღიურ რეჟიმში არიან ჩართულნი რეგიონის პრობლემების გადაჭრაში. კვირა არ გავა, რეგიონის პრობლემებთან დაკავშირებით საქმიანი საუბარი არ მქონდეს, რაც, ვფიქრობ, მეტყველებს იმაზე, ისინი ნამდვილად ზრუნავენ ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების წარმოჩენაზე ცენტრალურ ხელისუფლებაში და ასეც უნდა იყოს.
მეგობრებო, მე ძალიან მოკლედ მოგახსენეთ განვლილი გზის შესახებ. რა თქმა უნდა, ჩვენ ბევრი საქმე გვაქვს გასაკეთებელი, რომ ჩვენს ქვეყანაში აღარ იყოს გაჭირვებული ოჯახი, აღარ იყოს არც ერთი გაჭირვებული ადამიანი და აღარ ჰქონდეს ის ტკივილი, რომელსაც ჩვენ ყოველდღიურად ვუყურებთ. ჩვენი ყველას ვალია, მუხლჩაუხრელად გავაგრძელოთ ბრძოლა, შრომა, რომ ჩვენს ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ აღმოვფხვრათ სიღარიბე. რაჭა-ლეჩხუმი და სვანეთი გახლავთ ის რეგიონები, სადაც ნამდვილად გმირი მოსახლეობა ცხოვრობს, რომლებმაც ურთულესი პერიოდი გამოიარეს და შეინარჩუნეს სინათლე ფანჯრებში. ეს სინათლე ფანჯრებში და ამ ადამიანების გმირობა, გვაიძულებს და გვაძლევს იმ ენერგიას, კიდევ უფრო მეტი გავაკეთოთ, რომ ეს რეგიონი აყვავდეს. ეს ულამაზესი მხარე, ულამაზესი, გმირი და მშრომელი მოსახლეობით დასახლებული, ნამდვილად იმსახურებს იმას, რომ აქ სიცოცხლე ჩქეფდეს და დუღდეს. ეს ჩვენი ყველას ვალია და ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივართ იქით, რომ ეს სწორედ ასე მოხდეს.
მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადაგიხადოთ. ჩვენ შემოდგომაზე გველის მნიშვნელოვანი არჩევნები. ჩვენ ავირჩევთ პრეზიდენტს. ჩვენს პარტიას ეყოლება ღირსეული კანდიდატი და ყველანი ერთად უნდა დავდგეთ იმისათვის, რომ ღირსეულ კანდიდატს მივცეთ ხმა. საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც 6 წლის განმავლობაში დაიკავებს ამ პოზიციას, უნდა იყოს ღირსეულად წარმოჩენილი და სწორედ ჩვენი პარტიის ხმა იყოს ამ არჩევნებში წარმატებების განმაპირობებელი.
დიდი მადლობა თქვენი შრომისთვის და იმისთვის, რომ ასეთი კონსოლიდაციით ვაკეთებთ იმ საქმეს, რომელსაც ერთიანი, გაბრწყინებული საქართველო ჰქვია”.
ჩვენი პარტიის რიგებში ბევრი ახალგაზრდაა და ეს ძალიან სასიხარულოა
21/04/2018