ჩვენი ოცნება, რომ დავასრულოთ ჩვენს ქვეყანაში რუსული ოკუპაცია

18/09/2020

„ჩვენი ოცნება, რომ დავასრულოთ ჩვენს ქვეყანაში რუსული ოკუპაცია – სამშობლოს უანგარო სიყვარულით, ეფექტიანი საშინაო და საგარეო პოლიტიკით, თავდაცვის შესაძლებლობების განვითარებით, სტრატეგიულ პარტნიორებთან თანამშრომლობით და დემოკრატიის განმტკიცებით შესრულდება“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ერთობლივი მრავალეროვნული წვრთნების „ღირსეული პარტნიორის“ დახურვის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. არჩილ თალაკვაძის თქმით, დიდი პატივია გერქვას „ღირსეული პარტნიორი“ და მხარდამხარ იდგე თავისუფალი, განვითარებული ერების ჯარისკაცებთან.

„თქვენ ქმნით საამაყო მხედრული ისტორიის თანამედროვე მაგალითს“, – მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ შეკრებილებს.

არჩილ თალაკვაძის თქმით, მრავალეროვნული წვრთნებით და მუდმივი მზადყოფნით, საქართველო იცავს მშვიდობას, აუმჯობესებს ურთიერთთავსებადობას და ინარჩუნებს რეგიონში უსაფრთხო გარემოს.

„ღირსეული პარტნიორის“ მონაწილეებს საერთო ინტერესები და ფასეულობები გვაერთიანებს. ეს პროგრამა არის ჩვენი დასავლელი პარტნიორების კიდევ ერთი მნიშნელოვანი მხარდაჭერა მშვიდობიანი, ძლიერი და თავისუფალი საქართველოს მიმართ; ჩვენი თავდაცვის ძალებისთვის ყოველი ასეთი წვრთნა სრულყოფის და წინსვლის შესაძლებლობაა“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ. მისივე თქმით, „ღირსეული პარტნიორის“ მონაწილეებს სამშობლოსა და საერთო ღირებულებების დაცვის ზიარი ვალდებულება აერთიანებთ.

„ყველას გვეამაყება ჩვენი ჯარისკაცების თავდადებული სამსახური საერთაშორისო მისიებში, სადაც ჩვენი ერების ღირსეული შვილები მსოფლიოს ყველაზე ცხელ წერტილებში იცავენ გლობალურ მშვიდობას და უსაფრთხოებას. საქართველოს თავდაცვის ძალები ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საიმედო დასაყრდენია. საქართველო აკმაყოფილებს ყველა ძირითად მოთხოვნას და ჩვენ ვართ სტრატეგიულ მზადყოფნაში ნატო-ში გაწევრიანებისთვის“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

სიტყვით გამოსვლისას, პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ 2020 წლის სამართლიან და გამჭვირვალე საპარლამენტო არჩევნებზე კიდევ ერთხელ დამტკიცდება, რომ საქართველო ერთგულია დემოკრატიული ფასეულობების და რომ ქვეყანა სამართლიანად იმსახურებს ევროპული და ევროატლანტიკური სივრცის ღირსეულ და სრულფასოვან წევრობას. მან ისაუბრა მომავალში შესასრულებელ სამუშაოზე და ხაზი გაუსვა გლობალური პანდემიით დაზარალებული ეკონომიკის აღდგენას, ასევე, ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და მოქალაქეების კეთილდღეობის გაუმჯობესებას. პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ამ სამუშაოს შესასრულებლად მმართველი გუნდი მზადაა.

„უსაფრთხოების დაცვით, დემოკრატიის გაძლიერებით და ეკონომიკის განვითარებით ჩვენ ვქმნით ჩვენი ქვეყნის და ჩვენი შვილების უკეთეს მომავალს! ეს მარტივი მისია არ არის, მაგრამ ეს შესაძლებელია და ჩვენ ერთად შევძლებთ ამის გაკეთებას! მადლობას ვუხდი ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს – ამერიკის შეერთებულ შტატებს და მეგობარ სახელმწიფოებს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლების საქმეში ძლიერი მხარდაჭერისთვის“, – განაცხადა სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0