ჩვენი მოქალაქეებისთვის ყველა სახელმწიფო პროექტის შესახებ ინფორმაცია ერთიან სივრცეში იქნება თავმოყრილი

30/09/2021

სახელმწიფოს მხარდაჭერით განხორციელებული პროგრამების შესახებ ინფორმაცია დღეიდან ხელმისაწვდომია რუკაზე, რომელიც განთავსებულია ვებგვერდზე www.programs.gov.ge.

„ჩვენ ანგარიშვალდებული ვართ ჩვენს მოქალაქეებთან, შესაბამისად, ყველა ინფორმაცია, რომელიც სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში შექმნილი აქტივების შესახებ არსებობს თავმოყრილი იქნება ახალ ინტერაქციულ რუკაზე. მადლობას ვუხდი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ასევე ყველა იმ უწყებას და ადამიანს, რომლებიც ჩართული იყვნენ ამ მნიშვნელოვანი საინფორმაციო რუკის მომზადების პროცესში. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო იუსტიციის სამინისტროს წვლილი, რომელიც ჩვენი პარტნიორია. იუსტიციის სამინისტროს საზოგადოების მომსახურების ცენტრებში, იუსტიციის სახლებში – ერთიან სივრცეში ჩვენი მოქალაქეებისთვის ყველა სახელმწიფო პროექტის შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია. ხშირად ისმოდა კითხვა იმის შესახებ, თუ ჩვენს მიერ წარმოდგენილი სტატისტიკა რამდენად შეესაბამებოდა რეალობას. ინტერაქციული რუკაზე მოცემულია კონკრეტული საწარმოების შესახებ სრული ინფორმაცია. ვფიქრობ, ეს არის საიმედო, სარწმუნო წყარო იმისათვის, რომ ჩვენ მივიღოთ გადაწყვეტილება, დავკავდეთ მეწარმეობით, ჩავერთოთ სახელმწიფო პროგრამებში, შევამციროთ სიღარიბე, რაც ჩვენი მთავარი ამოცანაა, და ხელი შევუწყოთ ეკონომიკის ზრდას“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროებში შემავალი საქვეუწყებო დაწესებულებების – სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ, 2013 წლიდან დღემდე, ჯამურად, მხარდაჭერილია 1,806 პროექტი. მოზიდულმა ინვესტიციამ 2,5 მლრდ ლარი შეადგინა და 52,831 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0