ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ეკონომიკის განვითარება

06/07/2021

ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, დღეს ქვეყანაში პოლიტიკური, ეკონომიკური ატმოსფერო გავხადოთ პროგნოზირებადი, რომ ვერავითარმა რყევამ ვერ შეაფერხოს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს ეკონომიკის გრძელვადიანი განვითარების ხედვის – „ეკონომიკა – 2030″ პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ გრძელვადიანი განვითარების ხედვის პირველადი დოკუმენტი მზადაა და მის სრულყოფაში ბიზნესის წარმომადგენლები, არასამთავრობო სექტორი, უცხოელი პარტნიორები და დონორები ჩაერთვებიან.

„მინდა, დღეს წარმოგიდგინოთ ჩვენი მთავრობის გრძელვადიანი განვითარების ხედვა. ჩვენ, გასულ კვირას, დავიწყეთ თემატური პრეზენტაციები. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, დღეს ქვეყანაში, პოლიტიკური, ეკონომიკური ატმოსფერო გავხადოთ პროგნოზირებადი. მე შორს არ წავალ და არ გაგახსენებთ, თუ რა გზა გაიარა ჩვენმა ქვეყანამ ბოლო 30 წლის განმავლობაში. მოგეხსენებათ, როდესაც ჩვენ აღვადგინეთ დამოუკიდებლობა საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ, მას შემდეგ ძალიან ბევრი გაურკვეველი ეკონომიკური პოლიტიკის მომსწრენი გავხდით. შედეგად, ჩვენ მივიღეთ ძალიან ბევრი დანგრეული ადგილობრივი წარმოება, გაჩერებული ქარხნები, ფაბრიკები, ძალიან ბევრმა, ასობით ათასმა ადამიანმა დაკარგა სამუშაო ადგილი და გაღარიბდა ჩვენი მოსახლეობა, რაც არის ტრაგედია, პირდაპირ ასე შეიძლება ითქვას. ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, ჩვენ ამას ყოველთვის ვამბობთ, რომ ოკუპაციის შემდეგ, რომელიც, რა თქმა უნდა, არის ნომერ პირველი გამოწვევა ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი განვითარებისთვის, არის ეკონომიკური სიდუხჭირე და ჩვენი მოსახლეობის სიღარიბე. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს ეკონომიკის განვითარება. რაც მთავარია, ეს გეგმა, ეს პოლიტიკა უნდა იყოს აბსოლუტურად გამჭვირვალე, გახსნილი, ღია და პროგნოზირებადი. ჩვენ უნდა გავხადოთ გარემო პროგნოზირებადი, რომ ვერავითარმა რყევამ ვერ შეაფერხოს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარება”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველოს მთავრობის მთავარი ამოცანა უნდა იყოს, როგორც მინიმუმ, ეკონომიკის გაორმაგება 2030 წლისთვის, რაც, ამბიციური, მაგრამ სავსებით რეალისტური გეგმაა.

„ჩვენი მთავარი ამოცანა იყო გრძელვადიანი განვითარების ხედვის შემუშავება; პირველადი დოკუმენტი მზადაა და ჩვენ მზად ვართ, აბსოლუტურად ღიად ჩავრთოთ ამ პროცესში როგორც ბიზნესის წარმომადგენლები, ასევე არასამთავრობო სექტორი, ჩვენი უცხოელი პარტნიორები, დონორები, რათა მომდევნო დაახლოებით სამი თვის განმავლობაში ჩვენ სრულყოფა გავუკეთოთ ამ დოკუმენტს, შევთანხმდეთ, რომ ეს არის ის ძირითადი ჩარჩო დოკუმენტი, რომლის ფარგლებშიც შეიძლება ვიმოძრაოთ. რა თქმა უნდა, წლების განმავლობაში, შეიძლება ამ დოკუმენტის განახლება მოხდეს. ჩვენ ყველანი უნდა შევთანხმდეთ, როგორც მთავრობა, ისე ბიზნესი, რომ ეს არის სწორი გზა, რომ ეს მოუტანს რეალურად ინკლუზიურ ზრდას, რომ ეკონომიკის ზრდა მაქსიმალურად შეეხება ჩვენს მოსახლეობას და ეს არ იქნება მხოლოდ ერთეულებისთვის. ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს, როგორც მინიმუმ, ჩვენი ეკონომიკის გაორმაგება 2030 წლისთვის, რაც, შეიძლება ამბიციური, მაგრამ სავსებით რეალისტური გეგმაა”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

საქართველოს ეკონომიკის გრძელვადიანი განვითარების ხედვის – „ეკონომიკა – 2030″ პრეზენტაცია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ გამართა. ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის წევრები, აღმასრულებელი ხელისუფლების, ბიზნესის, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0