რუსთავში, რჩეულიშვილის ქუჩაზე არსებულ ახლადრეაბილიტირებულ საზოგადოებრივ სივრცეში, ავღანეთში სამშვიდობო მისიის დროს დაღუპული რუსთაველი ჯარისკაცის, მიხეილ ნარინდოშვილის მემორიალი გაიხსნა. გახსნის ცერემონიალს საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე, გრიგოლ გიორგაძე, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი დოხტურიშვილი და რუსთავის მერი, ნინო ლაცაბიძე ესწრებოდნენ. მიხეილ ნარინდოშვილი, საქართველოს შეიარაღებულ ძალებში, 2012 წლიდან მსახურობდა. 2013 წლის 6 ივნისს, 26 წლის რიგითი ჯარისკაცი, ჰელმანდის პროვინციაში, 42-ე ბატალიონზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად, ექვს ქართველ მებრძოლთან ერთად დაიღუპა.
„ჩვენი ვალია გმირების ხსოვნა დავიწყებას არ მიეცეს და მაქსიმალურად ვეცადოთ მომავალ თაობებსაც კარგად ახსოვდეთ მათი ღვაწლისა და თავდადების შესახებ. სწორედ ამიტომ, მადლობას ვუხდი რუსთავის მერიის გუნდს მსგავსი ინიციატივისთვის“ – განაცხადა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი დოხტურიშვილმა.
რუსთაველი ჯარისკაცის, მიხეილ ნარინდოშვილის სახელობის გახდება სკვერიც, რომლის რეაბილიტაციაც, ცოტა ხნის წინ დასრულდა. ღონისძიებას, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, ილია ჯალაღანია, რუსთავის მერის მოადგილეები: კახა გურული და ოთარ ტატალაშვილი, საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები და მიხეილ ნარინდოშვილის ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.