ჩვენი დემოკრატიული სისტემები სხვადასხვა საფრთხისგან მუდმივი დარტყმის ქვეშ არის

28/09/2023

„ჩვენი დემოკრატიული სისტემები სხვადასხვა საფრთხისგან მუდმივი დარტყმის ქვეშ არის, მათ შორის, დეზინფორმაციისა და ფარული საგარეო ჩარევებისგან. ეს საფრთხეები არა მხოლოდ ძირს უთხრის ნდობას, არამედ აღვივებს რადიკალიზმს და მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის წარმომადგენლობითი დემოკრატიის საფუძვლებს“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ქალაქ დუბლინში, ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების ევროპულ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას. მისივე თქმით, დემოკრატია ეფუძნება გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და ხალხის სურვილის პრინციპებს. ეს არის სისტემა, რომელიც აძლიერებს ინდივიდებს, მათ რთავს გადაწყვეტილების მიღების პროცესში და უზრუნველყოფს, რომ მათი ხმა გაითვალისწინონ.

„თუმცა, უკანასკნელ პერიოდში, სახეზეა დეზინფორმაციული კამპანიის მატება, რომელიც საზოგადოებრივ აზრზე მანიპულაციას და სიმართლის დამახინჯებას ისახავს მიზნად. ავრცელებენ არასწორ ნარატივს, ხელს უწყობენ დაქსაქსულობას და ძირს უთხრიან დემოკრატიული ინსტიტუტებისადმი ნდობას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა და დასძინა, რომ დეზინფორმაცია ველური ხანძარივით ვრცელდება სოციალური მედიის პლატფორმებზე, რა დროსაც ალგორითმები სიზუსტის ნაცვლად პრიორიტეტს ინტერაქციას ანიჭებენ, შედეგად, მცდარმა ინფორმაციამ რამდენიმე წამში შეიძლება მიაღწიოს მილიონებამდე, რაც მანიპულაციისთვის იდეალურ გარემოს ქმნის.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ფარული საგარეო ინტერვენცია უფრო და უფრო მეტად წარმოადგენს საფრთხეს დემოკრატიისთვის.

„მტრულად განწყობილი აქტორები ცდილობენ ჩვენი სისუსტეების გამოყენებას და ამით დემოკრატიული პროცესების დაზიანებას. მათი მიზანია ინსტიტუტებისადმი ნდობის შერყევა, უთანხმოების გაღვივება, მოქალაქეების დაბნევა და დემოკრატიული საფუძვლების შესუსტება. მათი ტაქტიკა კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე კიბერთავდასხმებიდან მცდარი საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებაზე გათვლილი მავნე და შეფარული კამპანიის წარმოებამდე მერყეობს. არჩევნების დროს ეს საფრთხეები დღის წესრიგში უფრო მეტი სიმწვავით დგება. არჩევნები წარმომადგენლობითი დემოკრატიის ფუნდამენტია, რაც მოქალაქეებს საკუთარი ლიდერების არჩევის და მომავლის განსაზღვრის შესაძლებლობას აძლევს. თუმცა, დეზინფორმაციის და საგარეო ჩარევის შემთხვევაში, იკარგება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების იდეა. მოქალაქეებს ჭარბად მიეწოდება არასწორი ინფორმაცია, რაც ფაქტსა და წარმოსახვას შორის განსხვავებას ართულებს. საარჩევნო პროცესში ნდობა ნაკლებია, რაც ხელს უწყობს მოქალაქეების ილუზიის ქვეშ ყოფნას და შესუსტებულ დემოკრატიას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისივე შეფასებით, დემოკრატიას ჩვენს რეგიონში მყიფე ფესვები აქვს, დღეს კი უპრეცედენტო ორმაგი გამოწვევის წინაშე ვდგავართ. აღნიშნული გამოწვევა, ერთი მხრივ, შედგება საგარეო პოლიტიკური წნეხისგან და ჩარევისგან, ხოლო, მეორე მხრივ, შიდა პოლიტიკაში რადიკალიზმისა და პოპულიზმისგან.

„დემოკრატიულ მთავრობებს ხშირად უპირისპირდებიან რადიკალური ძალები, რომლებიც კანონის უზენაესობისა და კონსტიტუციური წესრიგის საწინააღმდეგოდ იყენებენ უკიდურესად რთულ გეოპოლიტიკურ სიტუაციას. გასული ათი წლის მანძილზე, წინა ათწლეულებისგან განსხვავებით, საქართველომ დემოკრატიული განვითარების გზაზე უმნიშვნელოვანეს წინსვლას მიაღწია, რაც არაერთხელ იყო დადასტურებული საერთაშორისო კვლევებით. მათ შორის, კანონის უზენაესობის, გამჭვირვალობის, უფლებებისა და თავისუფლებების, ეფექტიანი სახელმწიფო ინსტიტუტების, კორუფციასთან ბრძოლის და სხვა პროცესების შეფასებისას. ეს შესაძლებელი გახდა ჩვენი დასავლელი პარტნიორების არსებითი მხარდაჭერით. საქართველო მტკიცედ დგას ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების გზაზე. ჩვენმა ქვეყანამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგმა დემოკრატიული ღირებულებებისა და ინსტიტუტების განსამტკიცებლად, ასევე, ევროპულ სტანდარტებთან დაახლოების მიზნით საკანონმდებლო ბაზის გასაუმჯობესებლად. თუმცა, სამწუხაროდ, ხშირად თვალშისაცემია განსხვავება საქართველოს შთამბეჭდავ დემოკრატიულ მიღწევებსა და უცხოეთში ქვეყნის შესახებ არასწორი აღქმების ფორმირებას შორის. ჩვენი ქვეყნისთვის ამ ისტორიულ პროცესში, საქართველოს ხელისუფლებას მუდმივად უწევს წინასწარ დაგეგმილ და კარგად კოორდინირებულ დეზინფორმაციის კამპანიასთან გამკლავება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა და დასძინა, რომ ამ საფრთხეებთან საბრძოლველად და დემოკრატიის დასაცავად საჭიროა ქმედება. კერძოდ, ინვესტიციები უნდა ჩაიდოს მედიაწიგნიერების და კრიტიკული აზროვნების მიმართულებით, უნდა გაძლიერდეს კიბერუსაფრთხოების მექანიზმები, განსაკუთრებით, საარჩევნო პროცესების დასაცავად.

„სოციალური მედიის და ინფორმაციაზე მყისიერი წვდომის ერაში, კომუნიკაციის ტრადიციული არხები და მეთოდები აღარ არის საკმარისი. პარლამენტები და პოლიტიკური აქტორები მოქალაქეებთან ურთიერთობისას უნდა მოერგონ ცვალებად გარემოს, დაამყარონ მეტი კონტაქტი, მოისმინონ მათი წუხილი და მოახდინონ რეაგირება მათ საჭიროებებზე, ასევე, უზრუნველყონ ინკლუზიური გარემო და ყველა დაინტერესებული მხარე ჩართონ კონსტრუქციულ საუბრებსა და პროცესებში. აღნიშნულით შევძლებთ მოქალაქეებსა და მათ წარმომადგენლობით ინსტიტუტებს შორის გაჩენილი განსხვავების შევსებას, გავზრდით ნდობას და ჩართულობის განცდას. იმედი მაქვს, რომ ჩვენ ყველა ვისწავლით დეზინფორმაციის ცუნამში ფრთხილ ნავიგაციას, არ გავხდებით მცდარი აღქმების მსხვერპლი და გამოვიყენებთ მტკიცებულებებზე დაფუძნებულ ნარატივებს. ეს გააძლიერებს დემოკრატიას, უზრუნველყოფს ხალხის ნების აღსრულებას და შიდა და გარე საფრთხეების მიუხედავად დემოკრატია იქნება მდგრადი და დაცული“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0