ჩვენი დედაქალაქი დღითიდღე ლამაზდება, თუმცა, სამწუხაროდ, ახლად რეაბილიტირებულ პარკებში, სკვერებში მიზანმიმართულად ხდება ინფრასტრუქტურის დაზიანება

28/06/2022

დედაქალაქის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, თბილისის მერმა, კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ ქალაქში ვანდალიზმის ფაქტები გახშირდა. მისი თქმით, ახლად რეაბილიტირებულ და მოწესრიგებულ რეკრეაციულ სივრცეებში ინფრასტრუქტურის დაზიანება მიზანმიმართულად ხდება.

„ჩვენთვის ძალიან მტკივნეულია ვანდალიზმის მოხშირებული ფაქტები, რადგან ბოლო წლებში თბილისში ბევრი კარგი პროექტი განხორციელდა. ჩვენი დედაქალაქი დღითიდღე ლამაზდება, თუმცა, სამწუხაროდ, ახლად რეაბილიტირებულ პარკებში, სკვერებში მიზანმიმართულად ხდება ინფრასტრუქტურის დაზიანება, რაც საწყენია. ამ ყველაფერში უამრავი თანხა იხარჯება, კეთდება ჩვენთვის, ჩვენი შვილებისთვის, ამ ქალაქში მცხოვრებლებისთვის. თუ ჩვენ საპარკე ინფრასტრუქტურას დავამტვრევთ, მცენარეებს მოვიპარავთ და სახლში წავიღებთ, მაშინ ყველაფერს აზრი ეკარგება“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

კახა კალაძემ საზოგადოებას მხარდაჭერისკენ მოუწოდა, რომ ვანდალიზმის წინააღმდეგ გაერთიანდნენ და მსგავსი შემთხვევების დროს გულგრილი არ იყვნენ.

„მინდა, საზოგადოებას ვთხოვო, გულისხმიერება გამოიჩინონ. მნიშვნელოვანია მხარდაჭერა, რადგან ხშირ შემთხვევაში ვანდალიზმს სჩადიან არასრულწლოვანები, ახალგაზრდები, რაც სამწუხაროა. არის შემთხვევები, რომ ამ ყველაფერს უფროსები გულგრილად უყურებენ. ეს ძალიან ცუდია. ამის წინააღმდეგ ყველა უნდა გავერთიანდეთ. ყველამ ერთიანი ძალისხმევით უნდა ვეცადოთ, რომ მოვუაროთ ამ ყველაფერს, რადგან ეს თქვენი ფულით კეთდება, თქვენთვის და მომავალი თაობებისთვის. დარწმუნებული ვარ, განახლებული და მოწესრიგებული რეკრეაციული სივრცეები ყველას მოგწონთ. ამას შენარჩუნება და მოვლა სჭირდება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ პირველი ივლისიდან ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა საბურთალოსა და ისნის რაიონების კონკრეტულ მისამართებზე ამოქმედდება.

„როგორც იცით, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში, სხვადასხვა ქუჩაზე დავიწყეთ ზონალურ-საათობრივი პარკირების პროექტის განხორციელება და ძალიან დიდი წარმატებით მიმდინარეობს. ჩვენ დავაანონსეთ, რომ პირველი ივლისიდან საბურთალოსა და ისნის რაიონებში, კონკრეტულ მისამართებზე ამოქმედდება აღნიშნული სისტემა. უფრო კონკრეტულად, საბურთალოს ტერიტორიაზე ზონალურ-საათობრივი პარკირება დაწესდება კოსტავასა და ჟიული შარტავას ქუჩების ნაწილზე, გიორგი სააკაძის დაღმართსა და სხვა მიმდებარე ქუჩების ნაწილზე, სადაც გათვალისწინებული იქნება შესაბამისი ადგილები შშმ პირთათვის, ასევე, A კატეგორიის ტაქსის მძღოლებისთვის. მათთვის პარკირება უფასო იქნება. რაც შეეხება ისნის რაიონს, ზონალურ-საათობრივი პარკირება ამოქმედდება მეტროსადგურ „სამგორის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, კერძოდ, მეველეს ქუჩაზე. აღნიშნულ მისამართებზე საინფორმაციო ჯიხურები განთავსებული იყო პირველი ივნისიდან, სადაც მოსახლეობამ შეძლო დამატებითი ინფორმაციის მიღება. ასევე, ჩვენი თანამშრომლები ეხმარებოდნენ მათ საკუთარი ავტომობილების დარეგისტრირებაში“, – განაცხადა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, ცვლილებით გათვალისწინებული ზონალურ-საათობრივი პარკირების ადგილების რაოდენობა 1 751 ადგილს შეადგენს.

„პროექტი მთელი თბილისის მასშტაბით დაიგეგმება, თუმცა, ეტაპობრივად მივყვებით, რადგან სიახლეა და გვინდა, საზოგადოებამაც ფეხი აგვიწყოს. არის ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი მიმართულება. გარდა ამისა, კომპანიებისთვის, საწარმოებისთვის ჩვენ გავაკეთეთ აბონემენტები, რომელიც წლის ჭრილში, გაცილებით იაფია, ვიდრე ყოველდღიურად ზონალურ-საათობრივი პარკირების საფასურის გადახდა. შესაბამისად, დიდ კომპანიებს შეუძლიათ, ეს აბონემენტები შეიძინონ და თავიანთი თანამშრომლებისთვის გამოიყენონ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ყურადღება ქალაქში დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც გამახვილდა. კერძოდ, აღინიშნა, რომ თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა თავისუფლების მოედანზე, პუშკინის სკვერის რეაბილიტაცია დაიწყო. თბილისის მერის თქმით, ტერიტორია ძალიან მძიმე მდგომარეობაშია – ფილები დაზიანებულია, ხოლო გამწვანებული თარგები არ არის შესაბამის მდგომარეობაში.

„გვინდა, არსებული სივრცე სრულად მოვაწესრიგოთ. მომავალ წელს მთლიანად დაგეგმილი გვაქვს რუსთაველის გამზირის განახლება, მანამდე კი პუშკინის სკვერის რეაბილიტაცია მოხდება. პროექტის ფარგლებში, მოეწყობა დამატებით გამწვანებული სივრცეები და შეიცვლება არსებული გამწვანებული თარგების გეგმარება. განახლდება საფეხმავლო ბილიკები, განთავსდება საპარკე ინვენტარი, მოეწყობა გარე განათების სისტემა. დამატებით, დამონტაჟდება ვიდეომეთვალყურეობის სისტემა. თარგებში ჩატარდება გამწვანებისთვის საჭირო ყველა ღონისძიება: ტერიტორიაზე შევა ნოყიერი მიწის ნაზავი, დაირგვება მწვანე ნარგავები, მოეწყობა სარწყავი სისტემა და დაიგება ბალახის საფარი. სამუშაოების განხორციელება დღეს იწყება და სავარაუდოდ, მიმდინარე წლის ოქტომბერში დასრულდება. პროექტის ღირებულება 800 000 ლარს შეადგენს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა დღევანდელ სხდომაზე ასევე აღნიშნა, რომ მუსიკალური პროექტი „თბილისის ცის ქვეშ“ გრძელდება. პროექტის ფარგლებში, კონცერტები ამჯერად სამგორის რაიონში, 2 და 3 ივლისს გაიმართება.

„პროექტი „თბილისის ცის ქვეშ“ ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს, უამრავი ადამიანი ესწრება. პროექტის ფარგლებში, ესტრადის წარმომადგენლებს ვაძლევთ შესაძლებლობას, რომ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში კონცერტები გამართონ. პროექტი გრძელდება და ამჯერად, სამგორის რაიონს ვეწვევით, სადაც 2 და 3 ივლისს, დედაქალაქის მერია საკონცერტო საღამოებზე გეპატიჟებათ. თქვენს განწყობაზე საესტრადო შემსრულებლები და მუსიკალური ბენდები იზრუნებენ. კონცერტები აფრიკის დასახლებაში, გუმათჰესის სკვერში, 19:00 საათზე გაიმართება. დასწრება თავისუფალია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, პროექტი მომავალშიც გაგრძელდება და მისი მიზანი, ერთი მხრივ, ქართველი შემსრულებლების ხელშეწყობა, მეორე მხრივ კი, მოსახლეობის განწყობაზე ზრუნვაა. გარდა ამისა, დედაქალაქის მერმა აღნიშნა, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებასთან დაკავშირებით, აბიტურიენტთა და დასაქმებული პერსონალის დროულად გამოცხადებისა და შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით, 4 ივლისიდან 27 ივლისის ჩათვლით, საგამოცდო ცენტრების მიმართულებით, ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნება.

„N39, N173, N177, N191 და N175 საჯარო სკოლების მიმართულებით გადაადგილება შესაძლებელი იქნება მეტროსადგურ
„ახმეტელის თეატრის“ მიმდებარე ტერიტორიიდან, ხოლო N117 საჯარო სკოლის მიმართულებით გადაადგილება შესაძლებელი იქნება მეტროსადგურ „ვარკეთილიდან“. რაც შეეხება N103 საჯარო სკოლას, აღნიშნული საგამოცდო ცენტრის მიმართულებით ავტობუსი გავა მეტროსადგურ „სამგორის“ ზედა გასასვლელიდან. აღნიშნული მიმართულებით ავტობუსი იმოძრავებს 10 აგვისტომდე“, – განაცხადა თბილისის მერმა.

საუბრის დასასრულს, თბილისის მერმა საზოგადოებას უწყების კიდევ ერთი დამსახურებული თანამშრომელი – ნორა გორგასლიძე წარუდგინა.

„გაგაცნობთ უწყების კიდევ ერთ დამსახურებულ თანამშრომელს, ნორა გორგასლიძეს, რომელიც თბილისის ზოოპარკის ყველაზე სტაჟიანი თანამშრომელია და თავისი ცხოვრების თითქმის 40 წელი ცხოველებზე ზრუნვას მიუძღვნა. მე ყოველთვის ვამბობ და ხაზს ვუსვამ, რომ ჩვენ გვყავს ძალიან კარგი, პროფესიონალი, პატიოსანი თანამშრომლები, რომლებიც ქალაქს ღირსეულად ემსახურებიან. ისინი ყოველდღიურად ცდილობენ, რომ ხვალინდელი თბილისი უფრო უკეთესი, მოწესრიგებული, სუფთა, მწვანე და ლამაზი იყოს. ქალბატონი ნორა ზოოპარკში 1985 წლიდან მუშაობს. მისი ენერგიისა და ენთუზიაზმის ბევრ ახალგაზრდას შეშურდება. მისთვის ეს არ არის მხოლოდ სამსახური. როგორც თავად ამბობს, ზოოპარკი ერთი დიდი, სიყვარულით სავსე ოჯახია, რომლის გარეშეც ცხოვრება ვერ წარმოუდგენია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა ნორა გორგასლიძეს მუნიციპალიტეტისთვის გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

„თბილისის ზოოპარკი ჩვენი თანამოქალაქეებისთვის გამორჩეული ადგილია. თითქმის 100 წლისაა და მასთან ყველას ჩვენ-ჩვენი წილი მოგონება გვაკავშირებს – ბავშვობის ფოტოებიდან დაწყებული, 13 ივნისის ტრაგიკული მოვლენებით დასრულებული, როცა ზოოპარკმა სამი თანამშრომელი და ასობით ცხოველი დაკარგა. ქალბატონი ნორა იყო მომსწრე ერთი დიდი ისტორიისა – როგორ იზრდებოდა და ვითარდებოდა ზოოპარკი, როგორ ივსებოდა ცხოველების კოლექცია, რამდენი სირთულის გადატანა მოუწია 90-იან წლებში, შემდეგ ისევ როგორ გამოცოცხლდა, შეიცვალა, გალამაზდა და როგორ გაანადგურა ამდენი ხნის შრომა მოვარდნილმა ღვარცოფმა. მიუხედავად იმისა, რომ სტიქიამ საუკეთესო მეგობრები და მის თვალწინ გაზრდილი ცხოველები წაართვა, იმედი არ დაუკარგავს, ფარ-ხმალი არ დაუყრია და დღესაც ღირსეულად ემსახურება თავის საქმეს. მინდა, მას ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო გაწეული შრომისთვის, რასაც თბილისის და თბილისელებისთვის აკეთებს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0