ჩვენი განსაკუთრებული გეოგრაფიული მდებარეობისა და მრავალფეროვანი კლიმატური პირობების გამო, საქართველოს განსაკუთრებული სიფრთხილე მართებს კლიმატური ცვლილებებისა და მათგან მომდინარე საფრთხეებთან მიმართებაში

19/02/2019

ჩვენი განსაკუთრებული გეოგრაფიული მდებარეობისა და მრავალფეროვანი კლიმატური პირობების გამო, საქართველოს განსაკუთრებული სიფრთხილე მართებს კლიმატური ცვლილებებისა და მათგან მომდინარე საფრთხეებთან მიმართებაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის პროგრამის წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველო დგამს ნაბიჯებს, რათა კლიმატური რისკები და მათგან დაცულობის უზრუნველყოფა განვითარების დაგეგმარებასა და განხორციელებაში იყოს გათვალისწინებული.

„ამ კონტექსტში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს ოფიციალურად ვხსნით კლიმატის მწვანე ფონდისა და შვეიცარიის მთავრობის მიერ დაფინანსებულ პროექტს, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყანაში ადრეული გაფრთხილების სისტემის გაფართოებას, რათა უკეთ შევძლოთ კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ ბუნებრივ საფრთხეებთან გამკლავება. კლიმატის ცვლილება დღითიდღე სულ უფრო ინტენსიურად იჭრება ჩვენს ყოველდღიურობაში და არღვევს ჩვეულ რიტმს. შესაბამისად, კლიმატის ცვლილებასთან გამკლავების პოლიტიკა არსებულ გამოწვევებს უნდა პასუხობდეს”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, იმის გათვალისწინებით, რომ სამთავრობო პროგრამაში ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად წარმოდგენილია კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ბუნებრივი კატასტროფების რისკების შესამცირებლად დაკვირვების ქსელის გაფართოება, მოდელირების შესაძლებლობების გაძლიერება და ადრეული შეტყობინების ეროვნული სისტემის დანერგვა, წარმოდგენილი პროექტი ამ მიზნის მისაღწევად წინგადადგმული ნაბიჯია.

„ამ ფართომასშტაბიანი პროგრამის განხორციელებით საქართველოს უკვე მიეცემა კლიმატური ინფორმაციის ანალიზისა და ბუნებრივი კატასტროფების პროგნოზის შესაძლებლობა. კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციის პროგრამის განხორციელება მინიმუმამდე დაიყვანს ბუნებრივი კატასტროფების გარდაუვალობას, შეიქმნება ინფრასტრუქტურა, რომელიც საშუალებას მოგვცემს თავიდან ავიცილოთ ბუნებრივი მოვლენებით, სტიქიებით გამოწვეული კატასტროფები, დავიცვათ ათასობით ადამიანი მაღალი რისკის რეგიონებში, მათ შორის, მაღალ მთაში და მჭიდროდ დასახლებულ ქალაქებში, შევამციროთ ეკონომიკური ზარალი. გარდა ამისა, მიგვაჩნია, რომ პროგრამა, რომლის მიზანია შეამციროს კლიმატის ცვლილების გავლენა, პირდაპირ ხელს შეუწყობს საქართველოს მდგრადი განვითარების ეროვნული მიზნების მიღწევას”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობის ძალისხმევით, 2017 წლიდან ძალაში შევიდა პარიზის შეთანხმება, რითაც ქვეყანა შეუერთდა გლობალურ ძალისხმევას კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის მიმართულებით.

„ჩვენ ავიღეთ პასუხისმგებლობა და მთავრობა აქტიურად მუშაობს პარიზის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად. დარწმუნებული ვარ, რომ საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით შევძლებთ ჩვენს მოსახლეობას დავეხმაროთ და შევამციროთ კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ბუნებრივი კატასტროფებით მიყენებული ზიანი”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, კლიმატის ცვლილებასთან გამკლავება კომპლექსური თემაა და საერთაშორისო მხარდაჭერა და საუკეთესო გამოცდილების გაზიარება ქვეყნისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

„მდგრადი განვითარების მიზნები გახლავთ ერთადერთი გლობალური დღის წესრიგი 2030 წლისთვის, რომლის შესრულებაშიც ყველა ქვეყანა თანაბრად უნდა იყოს ჩართული და არავინ არ უნდა დარჩეს ამ პროცესის მიღმა. მინდა კიდევ ერთხელ დავადასტურო, რომ საქართველო მზად არის თავისი წვლილი შეიტანოს როგორც ეროვნულ, ისე რეგიონალურ და საერთაშორისო დონეებზე მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში. ამიტომ დღესვე უნდა გადავდგათ შესაბამისი ნაბიჯები, რათა შემდგომ თაობებს შევუქმნათ მდგრადი და პროგნოზირებადი მომავალი”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის პროგრამის განხორციელებას საქართველოს მთავრობა იწყებს. პროგრამის ბიუჯეტი 70 მილიონ ლარს შეადგენს და მისი მიზანია საქართველოს მოსახლეობის დაცვა კლიმატის ცვლილებით განპირობებული ბუნებრივი კატასტროფებისაგან. პროგრამის დაფინანსებაში გაერთიანებულია კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) გრანტი – 27 მილიონი აშშ დოლარი, საქართველოს მთავრობის წვლილი – 38 მილიონი აშშ დოლარი და შვეიცარიის მთავრობის გრანტი – 5 მილიონი აშშ დოლარი. პროგრამა შესრულდება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით, ხოლო მას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო სხვა სამთავრობო უწყებებთან მჭიდრო თანამშრომლობით განახორციელებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0