ჩვენი ამოცანაა, რომ კიდევ უფრო გავამყაროთ დემოკრატია და უკეთ დავიცვათ ადამიანის უფლებები

02/04/2018

„ჩვენი ამოცანაა, რომ კიდევ უფრო გავამყაროთ ჩვენს ქვეყანაში დემოკრატია, კიდევ უკეთესად დავიცვათ ადამიანის უფლებები და კიდევ უფრო მეტი თავისუფლება მივანიჭოთ ჩვენს საზოგადოებას“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ რუსთავში, საქალაქო კონფერენციაზე განაცხადა.

სიტყვით გამოსვლისას პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა განაცხადა, რომ 2012 წელს, ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში გარდატეხის შეტანა მოხერხდა და არადემოკრატიული ხელისუფლება დემოკრატიულმა ხელისუფლებამ ჩაანაცვლა. ირაკლი კობახიძის შეფასებით, ეს იყო ფუნდამენტური ცვლილება. „ეს იყო ფუნდამენტური ცვლილება და გარდატეხა და ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ არამარტო შევინარჩუნოთ ეს მიღწეული შედეგი, არამედ კიდევ უფრო მეტად წინ წავწიოთ ჩვენი ქვეყანა. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ქვეყანა ვითარდება ყველა მიმართულებით, ჩვენთვის უმთავრესი მონაპოვარია, რა თქმა უნდა, დემოკრატია, თავისუფლება, ადამიანის უფლებები, ეს იყო მთავარი მიღწევა 2012 წელს და ჩვენი ამოცანაა, რომ, კიდევ უფრო, გავამყაროთ ჩვენს ქვეყანაში დემოკრატია. კიდევ უკეთესად დავიცვათ ადამიანის უფლებები და კიდევ უფრო მეტი თავისუფლება მივანიჭოთ ჩვენს საზოგადოებას და ამ მიმართულებით გვაქვს მუდმივი წინსვლა“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისი თქმით, მოქალაქეთა დამსახურებითა და ჩართულობით, ვითარდება ქვეყნის ეკონომიკა და ხელისუფლების კარგად გააზრებული ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად, საქართველოს ევროპის მასშტაბით, ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი ჰქონდა. ირაკლი კობახიძის თქმით, ასევე ფუნდამენტური მიღწევებია საგარეო პოლიტიკის მიმართულებით.

„თქვენი დამსახურებით, თქვენი ჩართულობით ვითარდება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა და მნიშვნელოვანია, აღინიშნოს ის, რომ ჩვენს ქვეყანას გასული წლის განმავლობაში ჰქონდა ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი ევროპის მასშტაბით, მათ შორის, რეგიონის ქვეყნებს შორის, რაც არის ჩვენი ხელისუფლების, „ქართული ოცნების“ ძალიან კარგად გააზრებული ეკონომიკური პოლიტიკის შედეგი. ასევე, ჩვენ გვაქვს ფუნდამენტური მიღწევები საგარეო პოლიტიკის მიმართულებით. თქვენ გახსოვთ, რა მდგომარეობა იყო საქართველოში 2008 წლის შემდეგ, განსაკუთრებით, და იმ პერიოდის შემდეგ ჩვენთან მნიშვნელოვნად გაიზარდა სტაბილურობის ხარისხი, გაუმჯობესდა ვითარება უსაფრთხოების კუთხით, რაშიც უმნიშვნელოვანესი წვლილი მიუძღვის იმ პოლიტიკას, რომელიც ხორციელდება „ქართული ოცნების“ მიერ საგარეო პოლიტიკის სფეროში. ეს არის რაციონალური და პრაგმატული პოლიტიკა, რომლის მიზანიც არის ჩვენი სტაბილურობის ხარისხის კიდევ უფრო ამაღლება“,- მიმართა დამსწრეებს პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა.
სიტყვით გამოსვლისას, ირაკლი კობახიძემ პარტიის გაძლიერებისა და პოლიტიკური გუნდის განახლების მნიშვნელობაზე ისაუბრა. პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ორი წლის წინ გაცემული დაპირებები პარტიის ცენტრალური აპარატისა და რეგიონალური სამსახურის გაძლიერების შესახებ, სათანადოდ შესრულდა. მისივე თქმით, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში წარმატების ერთ-ერთი მთავარი საწინდარი იყო ის, რომ პარტია „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღო მონაწილეობა.

„ ჩვენ ვსაუბრობდით მაშინ, რომ საჭირო იყო პარტიის ცენტრალური აპარატის გაძლიერება, მათ შორის განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევდით რეგიონალური სამსახურის გაძლიერებას და ეს ამოცანა იქნა სათანადოდ შესრულებული. ასევე, ჩვენთვის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი იყო ადგილობრივი პარტიული ორგანიზაციების გაძლიერება და ეს მიზანიც განხორციელდა, რამაც მოგვცა იმის საშულება, რომ სათანადოდ მომზადებული შევხვედროდით ჩვენ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებს. ასევე მნიშვნელოვანი იყო, რომ ჩვენი პოლიტიკური გუნდის განახლება. კონფერენციების შემდეგ გახსოვთ ჩატარდა ყრილობა, სადაც ავირჩიეთ პარტიის ახალი თავმჯდომარე. ასევე, „ქართული ოცნება“ წარსდგა განახლებული შემადგენლობით 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში და ეს ცვლილებები გახდა ერთ-ერთი მთავარი საწინდარი ჩვენი საარჩევნო წარმატებისათვის. ასევე, ჩვენთვის ერთ-ერთი გამოწვევა იყო ის, რომ დამოუკიდებლად უნდა მიგვეღო მონაწილეობა საპარლამენტო არჩევნებში. მოგეხსენებათ, რომ მაშინ იყო კოალიცია „ქართული ოცნება“ და ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო პარტიის სტატუსით, პარტიის რანგში დამაჯერებელი გამარჯვების მოპოვება და ეს მიზანიც სათანადოდ განხორციელდა და ერთ-ერთი მთავარი საწინდარი ჩვენი საარჩევნო წარმატების იყო სწორედ ის, რომ პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ დამოუკიდებლად მიიღო ამ არჩევნებში მონაწილეობა. ამ ყველაფრის შედეგად ჩვენ მოვიპოვეთ დამაჯერებელი გამარჯვება საპარლამენტო არჩევნებში, რაც გვაძლევს ქვეყნის შემდგომი განვითარების შესაძლებლობას. ასევე, მნიშვნელოვანი იყო , რა თქმა უნდა, 2017 წლის ადგილობრივი, მუნიციპალური არჩევნები, სადაც „ქართულმა ოცნებამ“ ასევე დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. აქაც მოხდა განახლება და ესეც არის საფუძველი იმისა, რომ ჩვენ კიდევ უფრო მეტად უკეთესად მოვემსახუროთ ჩვენს საზოგადოებას და ჩვენს ამომრჩეველს, ჩვენს მოსახლეობას. ეს იყო ის დაპირებები, რომელიც გაიცა მაშინდელ კონფერენციაზე და კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო თამამად, რომ ეს დაპირებები სათანადოდ იქნა შესრულებული ჩვენს მიერ, რაც არის ჩვენი პარტიის და რაც მთავარია ჩვენი ქვეყნის შემდგომი წინსვლის ძალიან მყარი საფუძველი“,- განაცხადა პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა.

როგორც სიტყვით გამოსვლისას ირაკლი კობახიძემ განაცხადა, ის დარწმუნებულია, რომ მმართველი გუნდი წარმატებას მოიპოვებს საპრეზიდენტო არჩევნებზეც. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, დაგეგმილია პარტიული რეფორმების მეორე ტალღა, რის შემდეგაც „ქართული ოცნება“ საბოლოოდ ჩამოყალიბდება ევროპული ტიპის პოლიტიკურ პარტიად.

„წინ გველის მნიშვნელოვანი საპრეზიდენტო არჩევნები, რომელიც შედგება ამა წლის ოქტომბერში და დარწმუნებული ვართ, რომ ამ მნიშვნელოვან არჩევნებში ჩვენ ასევე ძალიან დიდ წარმატებას მოვიპოვებთ. შემდეგ ჩვენ გვექნება დაახლოებით ორ წლიანი პერიოდი საპრეზიდენტო არჩევნებიდან საპარლამენტო არჩევნებამდე, ორ წლიანი პერიოდი იმისთვის, რომ დამატებით ვიზრუნოთ პარტიის განვითარებაზე, პარტიის გაძლიერებაზე და ამ პერიოდისთვის ჩვენ გვაქვს დაგეგმილი მეორე ტალღა ჩვენი პარტიული რეფორმების, რაც საბოლოოდ ჩამოაყალიბებს „ქართულ ოცნებას“ ევროპული ტიპის პოლიტიკურ პარტიად, რომელიც არა მხოლოდ საარჩევნო პერიოდშია გააქტიურებული, არამედ არჩევნებიდან არჩევნებამდე პერიოდშიც მუდმივად მონაწილეობს საარჩევნო პროცესებში, არის ჩართული პოლიტიკური პროცესების დაგეგმვაში და ამ პროცესების მართვაში“,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა გამოწვევებსა და მიზნებზე და აღნიშნა, რომ მიზნების მიღწევას ყოველდღიური შრომა სჭირდება. ირაკლი კობახიძემ შეკრებილებს მხარდაჭერისა და შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.

„კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ ის მიღწევები, რომელზეც ჩვენ გვქონდა საუბარი, არის თითოეული თქვენგანის დამსახურება და მინდა მადლობა გადაგიხადოთ თითოეულ თქვენგანს თქვენი წვლილისთვის ამ საქმეში. მინდა მადლობა გადაგიხადოთ ერთად დგომისთვის, რომლის გარეშეც ეს წინსვლა იქნებოდა შეუძლებელი. ჩვენ ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა, წინსვლაზე, განვითარებაზე, ამავე დროს არ გვავიწყდება, რომ ჩვენს წინაშე დგას უმნიშვნელოვანესი გამოწვევები, არის უამრავი სირთულე, ქართული ეკონომიკა საჭიროებს შემდგომ გაძლიერებას და განვითარებას. ჯერ კიდევ მრავალი ოჯახია, მათ შორის რუსთავში, მათ შორის ამ რეგიონში, რომელიც ცხოვრობს სიღარიბის ზღვარს მიღმა და რესურსების სიმწირის გამო შეუძლებელია ხშირად მათთვის ღირსეული ცხოვრების პირობების შექმნა. ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა არის კვლავაც დარღვეული და ჩვენი მთავარი საგარეო პოლიტიკური ამოცანები არის ჯერ კიდევ შეუსრულებელი. ამ ყველაფრის, ამ მიზნების მიღწევა საჭიროებს, რა თქმა უნდა, ჩვენს ერთად დგომას, საჭიროებს ყოველდღიურ შრომას, მუხლჩაუხრელ შრომას და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ერთად დგომის პირობებში და ჩვენი შრომის და ბრძოლის პირობებში ეს მიზნები აუცილებლად იქნება საბოლოოდ მიღწეული“,- პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0