ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი პენსიონერების სოციალური სტატუსი

23/02/2024

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ინტერპელაციის წესით საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ)პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს ნათია თურნავას მოუსმინეს. ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ მისი მოწვევა „ლიბერთი ბანკს“ და პენსიონერებისთვის გაცემულ სესხებს უკავშირდება. ნათია თურნავას შეკითხვით ალექსანდრე ელისაშვილმა, თეონა აქუბარდიამ, იაგო ხვიჩიამ, ალექსანდრე რაქვიაშვილმა, ჰერმან საბომ, ვახტანგ მეგრელიშვილმა და ქეთევან თურაზაშვილმა მიმართეს.

„ჩვენი კითხვები შეეხება საპენსიო სესხებს და „ლიბერთი ბანკის“ მავნე პოლიტიკას პენსიონერების მიმართ. პარტია „მოქალაქეები“ ვთანამშრომლობდით „ქართულ ოცნებასთან“ და მივაღწიეთ იმას, რომ შედგა შეთანხმება პროცენტის დაწევასთან დაკავშირებით, რომელიც 43% და 36%-იდან უნდა დაწეულიყო 26%-მდე, მაგრამ „ლიბერთი ბანკს“ არც ერთი ახალი სესხი 26%-ად არ გაუცია“, – განაცხადა კითხვების ერთ-ერთმა ავტორმა ქეთევან თურაზაშვილმა.

მისი თქმით, ასევე ძვირი საბანკო პროდუქტია ე.წ „ოვერდრაფტი“, რომელთან დაკავშირებით „ლიბერთი ბანკი“ არ ახდენს პენსიონერების სათანადო ინფორმირებას, პირობებთან და საფრთხეებთან დაკავშირებით. მისივე თქმით, ეს პრობლემები ეხებათ არა მარტო ასაკით საპენსიო ადამიანებს არამედ, დევნილებს და შშმ პირებს, რომელთაც პენსია „ლიბერთი ბანკში“ ერიცხებათ.

„როგორ შეიძლება არ რეაგირებდეს ეროვნული ბანკი მაშინ, როდესაც მომხმარებლების უფლებები ირღვევა და ირღვევა ძალიან მძაფრად. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია პანდემიის დროს გადავადებული სესხები, რომლის გადახდის ვადა პენსიონერებს რამდენიმე წლით გაუხანგრძლივდათ“, – აღნიშნა ქეთევან თურაზაშვილმა.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა მადლობა გადაუხადა დეპუტატებს საპენსიო სესხების პრობლემატიკით დაინტერესებისთვის.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი პენსიონერების სოციალური სტატუსი და ცხოვრების პირობები. ჩვენ, როგორც ეროვნული ბანკი ჩვენ ნაწილში ამაზე მუდმივად ვმუშაობთ. ამ საკითხებთან დაკავშირებით შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა მოგვცა საშუალება, უფრო დეტალურად ჩამოგვეყალიბებინა ჩვენი მიდგომა, ჩვენი მხრიდან მოსაწოდებელი ინფორმაცია, თუ რა კეთდება ამ პერიოდის განმავლობაში იმასთან დაკავშირებით. რომ ჩვენი პენსიონერები, როგორც მსესხებლები იყვნენ უფრო მეტად ინფორმირებულები და მათი უფლებები იყოს მაქსიმალურად დაცული“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

მისი თქმით, გუშინ იქნა მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც 151 ათას საპენსიო სესხის მქონე პირს დაეხმარება, იმაში, რომ მათი სესხები შემცირდეს და ჩაჯდეს იმ ერთიან მიდგომაში, რომელსაც მთავრობა 2023 წლის პირველი იანვრიდან ახორციელებს.

„პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან კონსულტაციის შედეგად, ჩვენი ჩართულობით მივიღეთ გადაწყვეტილება და ბანკმა გამოხატა მზადყოფნა, რომ 151 ათას პენსიონერს სესხებზე საპროცენტო განაკვეთი შეუმცირდეს. ეს არის რეალურად მნიშვნელოვანი გზა, რომელიც ერთი მხრივ, სოციალურ ყოფას გაუმჯობესებს პენსიონერების მნიშვნელოვან ნაწილს და მეორე მხრივ, ეს მათ ფინანსურ მდგრადობას, მათ ხელთ არსებულ განკარგვად შემოსავლებს გაზრდის, რაც ბანკისთვისაც კარგია იმიტომ რომ მისი ლოიალური კლიენტი ფინანსურად უფრო მეტად ძლიერდება“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა პასუხსიმგებლიანი დაკრედიტების პრინციპების დამკვიდრების შესახებ ისაუბრა და დეპუტატების კითხვებს უპასუხა. მისი თქმით, აღნიშნული პრინციპის დაცვა მნიშვნელოვანია, როგორც ვალდებულების შესრულების გადავადების ან/და რესტრუქტურიზაციის პროცესში, ასევე, მომხმარებლის სათანადოდ ინფორმირებულობის თვალსაზრისითაც. მისივე განცხადებით, აღნიშნული მითითება მათ ახალი კორონავირუსით („COVID-19“) გამოწვეული პანდემიის შედეგად განვითარებულ მოვლენებზე საპასუხოდ, კომერციული ბანკის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და სესხის გამცემი სუბიექტის მიერ გაცემულ სესხებზე, კრედიტებზე ე.წ. „საშეღავათო პერიოდის“ დაწესების შესახებ მომხმარებელთა ინფორმირების პროცესში რიგი ხარვეზების გათვალისწინებით იქნა გაცემული.

„რამდენადაც, ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციით, საშეღავათო პერიოდით სარგებლობის შედეგად შეცვლილ პირობებზე მომხმარებლები წინასწარ არ არიან ინფორმირებულნი და მათთვის რთულია ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღება, მათი მხრიდან მოთხოვნის შემთხვევაში კომერციულმა ბანკებმა უნდა უზრუნველყონ საშეღავათო პერიოდით სარგებლობამდე მოქმედი გრაფიკის მიხედვით გადახდების მიღება. აღნიშნულის უზრუნველსაყოფად ბანკების მხრიდან მომხმარებლისთვის სესხის გადავადებული ნაწილის წინმსწრებით დაფარვის შეთავაზების შემთხვევაში, წინმსწრების საკომისიო უნდა იყოს ნული“, – დასძინა ნათია თურნავამ.

ნათია თურნავას განმარტებით, ბანკებს მიეცათ მითითება, მოთხოვნისთანავე ძველ გრაფიკზე დააბრუნონ პენსიონერები.

„მომხმარებლებს საშუალება ეძლევათ მოითხოვონ ე.წ. „საშეღავათო პერიოდამდე“ არსებულ პირობებზე, მათ შორის, გადახდის ძველ გრაფიკზე დაბრუნება. მითითებული უფლებით სარგებლობისთვის მომხმარებლებმა უნდა მიმართონ შესაბამის მომსახურე ფინანსურ ორგანიზაციას, რის შედეგადაც, აღნიშნული ფინანსური ორგანიზაცია ვალდებულია იმოქმედოს ხსენებული წერილობითი მითითებით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

მისი განმარტებით იკრძალება სახელმწიფო პენსიის თანხით უზრუნველყოფილი სესხების/კრედიტების, მათ შორის ე.წ. „ოვერდრაფტების“ რეკლამირება პენსიონერთა ინდივიდუალური თანხმობის გარეშე. მნიშვნელოვანია, რომ ცვლილება გავრცელდება იმ პენსიონრებზე, რომელთა შემოსავალიც მხოლოდ სახელმწიფო პენსიის თანხით ან/და სხვა სახელმწიფო სოციალური გასაცემლით განისაზღვრება. მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ სებ-ი აძლიერებს საბაზრო ქცევის შესწავლისა და მონიტორინგის ზედამხედველობის მიმართულებას. სწორედ ამ მიმართულებით განხორციელდა კომერციული ბანკების მიერ საფინანსო პროდუქტების დისტანციურად შეთავაზებისა და გაყიდვის პრაქტიკის შესახებ თემატური მოკვლევა, რომლის შედეგები მათ შორის მოწყვლად სეგმენტთან მიმართებით, შესაძლოა მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით საზედამხედველო ქმედებების საფუძველიც გახდეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0