განახლებადი წყაროებიდან ელექტროსადგურის მიერ ელექტროენერგიის წარმოების სიმძლავრის პირველ აუქციონში 24-მა კომპანიამ გაიმარჯვა.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის აქტიურობა და ინტერესი, რაც კერძო სექტორის მხრიდან დაფიქსირდა განახლებადი წყაროებიდან ელექტროსადგურის მიერ ელექტროენერგიის წარმოების სიმძლავრის აუქციონში – კომისიამ ძალიან დეტალურად, უმოკლეს ვადებში განიხილა წარმოდგენილი წინადადებები, შეარჩია ის განაცხადები, რომელთა შემოთავაზებული ტარიფი მოხვდა მედიანური ტარიფის ქვეშ და გამოავლინა აუქციონის გამარჯვებულები, ჯამში 24 კომპანია“, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრის პირველმა მოადგილემ, რომეო მიქაუტაძემ აუქციონის შედეგების შეფასებისას.
მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც საქართველოს მთავრობა განიხილავს და მოიწონებს ინფორმაციას სიმძლავრის აუქციონში გამარჯვებული კომპანიების შესახებ, საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება დეტალური ინფორმაცია იმ ენერგეტიკული პროექტების შესახებ, რომელთა განხორციელებაც მხარდაჭერის სქემის ფარგლებში გამოცხადებული პირველი აუქციონის შედეგების საფუძველზე მოხდება. განახლებადი წყაროებიდან ელექტროსადგურის მიერ ელექტროენერგიის წარმოების სიმძლავრის აუქციონი ეკონომიკის სამინისტრომ მიმდინარე წლის 10 თებერვალს გამოაცხადა. განაცხადების მიღება 2023 წლის 22 მარტს დაიწყო და 27 მარტის 18:00 საათზე დასრულდა. სიმძლავრის აუქციონში წარმოდგენილი იქნა 78 განაცხადი დალუქული კონვერტების მეშვეობით. აუქციონის კომისიამ, რომელშიც ეკონომიკის სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს, საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოსა და საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის წარმომადგენლები შედიან, განიხილა და შეისწავლა დაინტერესებული პირების მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია, ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევები, მასალები და განაცხადები. კომისიამ დაადგინა მედიანური ტარიფი თითოეული ტიპის ელექტროსადგურისთვის (ჰიდრო, ქარი და მზე) და სიმძლავრის აუქციონის კომისიის მიერ შერჩეულ იქნა ის განაცხადები, რომელთა შემოთავაზებული ტარიფიც მოხვდა მედიანური ტარიფის ქვეშ.