ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის გენდერული თანასწორობის საკითხთა განყოფილების უფროსმა ფატი ტვილდიანმა საბჭოს წევრებს 2020 წელს ბოლნისის მუნიციპალიტეტში ქალთა გაძლიერების კუთხით განხორციელებული პროექტები და აქტივობები გააცნო. გენდერული თანასწორობის საბჭოს 2021 წლის პირველ სხდომას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი, დავით შერაზადიშვილი ესწრებოდა, რომელმაც ხაზი გაუსვა საბჭოს ფუნქციონირების მნიშვნელობას და მზაობა გამოთქვა, 2021 წელს გენდეული მიმართულებით სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებაში მერია აქტიურად ჩაერთოს.
შეხვედრაზე 2021 წლის სამომავლო გეგმებიც განიხილეს.
“ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტში გენდერული პოლიტიკა სწორად წარიმართოს. გენდერული თანასწორობის საბჭო 2018 წელს შეიქმნა. მისი მთავარი მიზანი ბოლნისის მუნიციპალიტეტში ქალისა და მამაკაცის თანასწორობის გაღრმავება და სისტემურ საკითხებზე მუშაობის უზრუნველყოფაა. გასულ წელს მერია შეუერთდა 16-დღიან კამპანიას გენდერული ძალადობის წინააღმდეგ. საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით კი ჩატარდა არაერთი საინფორმაციო აქტივობა. აღსანიშნავია, რომ 2020 წელს ბოლნისი „ადგილობრივ ცხოვრებაში ქალთა და კაცთა თანასწორობის შესახებ ევროპული ქარტიის“ ხელმომწერი მუნიციპალიტეტი გახდა. ჩვენ დიდ ყურადღებას ვაქცევთ გენდერულ საკითხებს. მიგვაჩნია, რომ ქალებსა და მამაკაცებს შორის თანასწორობა დემოკრატიული სახელმწიფოს ერთ-ერთი ფუნდამენტური ფასეულობაა. სწორედ ამიტომ, ვცდილობთ, ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების პროცესში მეტი ქალი ჩავრთოთ. 2021 წელსაც, გენდერული მიმართულებით, არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განცხორციელებას ვგეგმავთ“,- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.